მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პიკს მიაღწია, თუმცა ამ საყოველთაო არასტაბილურობის ფონზე, რამდენიმე ქვეყანა სიმშვიდისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას მაინც ახერხებს.
როგორ ადგენენ ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებს?
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics & Peace) მიერ შედგენილი ინდექსი 163 ქვეყანას 23 სხვადასხვა ინდიკატორით აფასებს. კრიტერიუმები მოიცავს სამხედრო ხარჯებს, მიმდინარე კონფლიქტებს, მკვლელობების დონესა და უსაფრთხოების აღქმას. საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს აერთიანებთ ძლიერი ინსტიტუტები, მაღალი სოციალური ნდობა, მეზობლებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი.
1. ისლანდია - მშვიდობის ეტალონი
ისლანდია რეიტინგს სათავეში 2008 წლიდან უდგას და უკვე მე-19 წელია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. ადგილობრივები ამას არა მხოლოდ გეოგრაფიული იზოლაციით, არამედ საზოგადოებრივი ერთობითა და გენდერული თანასწორობით ხსნიან.
2. ახალი ზელანდია - გეოპოლიტიკური ქაოსისგან შორს
რეიტინგში მეორე ადგილზეა ახალი ზელანდია, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ლიდერია. “ჩვენი დაშორება სხვა ქვეყნებისგან გვეხმარება, თავი ავარიდოთ იმ გეოპოლიტიკურ არეულობას, რაც სხვა სახელმწიფოებს კონფლიქტებში ითრევს“, - აღნიშნავენ ადგილობრივები. აქ იარაღი ყოველდღიურობის ნაწილი არ არის, ხოლო მეზობლები ერთმანეთზე მუდმივად ზრუნავენ.
3. შვეიცარია - ნდობა და ნეიტრალიტეტი
მესამე ადგილზე მყოფი შვეიცარია დაბალი კრიმინალისა და სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის კომბინაციით გამოირჩევა. აქ სოციალური ნდობა იმდენად მაღალია, რომ დაკარგული საფულის პოვნა და მისი მფლობელისთვის ფულიანად დაბრუნება ჩვეულებრივი მოვლენაა.
4. სლოვენია - ბუნება და სტუმართმოყვარეობა
სლოვენია პირველად მოხვდა საუკეთესო ხუთეულში. ქვეყნის წარმატების საიდუმლო დაბალი სამხედრო ხარჯები და საზოგადოებრივი უსაფრთხოებაა. სლოვენიელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბუნებაში ყოფნას და ოჯახურ ურთიერთობებს, რაც მათში სიმშვიდის განცდას ბადებს.
5. ირლანდია - სტუმართმოყვარეობა გენებშია
ხუთეულს ირლანდია ასრულებს, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტებში მინიმალური ჩართულობით ხასიათდება. ირლანდიელებისთვის სტუმართმოყვარეობა დნმ-შია - ეს ტრადიცია უძველესი კანონებიდან მოდის, რომლებიც მოგზაურთა დახმარებას ავალდებულებდა. “
ატლანტის ოკეანეში მდებარე ამ კუნძულზე ყოფნა, სადაც კარგი მუსიკა და წიგნებია, გლობალური გაურკვევლობის დროს ნამდვილი შვებაა“, - ამბობენ ადგილობრივები.