ავტორი:

“პენტაგონში უკვე ტრილიონობით დოლარია დაკარგული, სად მიდის ეს ფული?“ - კონგრესმენები სამთავრობო უწყებებს UFO მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

“პენტაგონში უკვე ტრილიონობით დოლარია დაკარგული, სად მიდის ეს ფული?“ - კონგრესმენები სამთავრობო უწყებებს UFO მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა და ამოუცნობი ანომალიური მოვლენების (UAP/UFO) მკვლევარმა, დევიდ გრაშმა, სადაზვერვო სააგენტოები კონგრესისგან მილიარდობით დოლარის საიდუმლო სამთავრობო ხარჯების მალვაში დაადანაშაულა.

კაპიტოლიუმში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გრაშმა განაცხადა რომ მისმა გამოძიებამ ე.წ. “შავი სალაროები“ - ფულადი ფონდები გამოავლინა, რომელთა ყოველწლიური ბრუნვა მილიარდობით დოლარს შეადგენს.

დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, ეს თანხები კონგრესის სტანდარტული ზედამხედველობის გვერდის ავლით მიზნობრივად გამოიყენებოდა იმ აქტივობების დასაფინანსებლად, რომლებიც ასევე ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიმდინარეობდა. აღნიშნულ ღონისძიებას გრაშთან ერთად ფედერალური საიდუმლოებების დეკლასიფიკაციის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის სპეციალური ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ.

  • აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის 2027 ფისკალური წლის ბიუჯეტი სამხედრო და ეროვნული დაზვერვის მიმართულებით თითქმის 132 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს. ამ თანხის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულ პროგრამებზე ნაწილდება, რომლებზეც წვდომა მხოლოდ უფლებამოსილი პირებისა და კანონმდებლების ვიწრო წრეს გააჩნია.

დევიდ გრაში, რომელიც თავის დროზე პენტაგონის ამოუცნობი საჰაერო მოვლენების სპეციალურ ჯგუფში მსახურობდა, მოგვიანებით კი ამავე ჯგუფში ეროვნული სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის სამმართველოს (NRO) წარმომადგენელი იყო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2023 წელს მოექცა. მაშინ მან კონგრესს ჩვენება მთავრობის იმ საიდუმლო პროგრამებზე მისცა, რომლებიც, მისი მტკიცებით, უცხოპლანეტური ხომალდების მოძიებასა და შესწავლას უკავშირდებოდა.

კითხვაზე, თუ რა იცის მთავრობამ არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ, გრაშმა განაცხადა, რომ “ოფიციალური უწყებებისთვის უცხოპლანეტელთა რამდენიმე განსხვავებული სახეობა არის ცნობილი“.

“არამიწიერი სიცოცხლის მთელი სპექტრი არსებობს, მატერიალური, ორფეხა არსებებიდან დაწყებული, იმათით დასრულებული, რასაც მე გონიერ პლაზმურ სიცოცხლეს ვუწოდებდი და ამერიკის მთავრობისთვის რამდენიმე მათგანი ნამდვილად ცნობილია“, - განმარტა მაშინ გრაშმა, თუმცა საკუთარი განცხადების მყარი მტკიცებულებები შეხვედრის განმავლობაში არ წარმოუდგენია.

დღეს დევიდ გრაში, კონგრესის საზედამხედველო საქმიანობის დაბლოკვაში კონკრეტულად თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს (DIA), პენტაგონის მთავარი სამხედრო-სადაზვერვო ორგანოს ადანაშაულებს. მისი თქმით, მიუხედავად კანონმდებლების ოფიციალური და კანონიერად მოთხოვნისა, სადაზვერვო სააგენტოს დეკლასიფიკაციისთვის განკუთვნილი ფაილები კონგრესისთვის სრული სახით არ გადაუცია. თავად DIA-სგან ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის მიღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

პენტაგონი აქამდე აცხადებდა, რომ ჩატარებულმა გამოძიებებმა არამიწიერი ტექნოლოგიების არსებობის ვერანაირი დადასტურებული მტკიცებულება ვერ გამოავლინა, ხოლო წინა სამთავრობო მოკვლევებმა ხომალდების ჩამოვარდნისა და მათი საიდუმლო შესწავლის პროგრამების არსებობა უარყვეს.

პრესკონფერენციაზე გრაშს მხარი ორპარტიულმა კონგრესმენთა ჯგუფმაც დაუჭირა, მისი წევრების თქმით, სახელმწიფო უწყებები კვლავაც ეწინააღმდეგებიან კონგრესის მცდელობებს, მოიპოვოს ინფორმაცია ანომალიურ მოვლენებთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვსვამთ კითხვებს, ისინი კი თავს არიდებენ პასუხებს. რაც უფრო მეტ კითხვას ვსვამთ, მით უფრო იზრდება მათი წინააღმდეგობა, ამასთან პენტაგონში უკვე ტრილიონობით დოლარი არის დაკარგული. სად მიდის ეს ფული?“ - განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ფლორიდიდან, ჯარედ მოსკოვიცმა.

ცნობისთვის, პენტაგონმა ზედიზედ მეშვიდედ ვერ გაიარა ყოველწლიური ფინანსური აუდიტი, თუმცა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შედეგები დეპარტამენტში აქტივების აღრიცხვისა და სააღრიცხვო სისტემების მართვის ძველი, ქრონიკული პრობლემებით არის გამოწვეული და აქ ფინანსური მაქინაციები არაფრის შუაშია.

კონგრესმენმა ბერლისონმა მოუწოდებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გააუქმოს კონფიდენციალურობის ხელშეკრულებები (NDA) იმ პირებისთვის, ვინც სამთავრობო საიდუმლო პროგრამების შესახებ ფლობს ინფორმაციას და მიანიჭოს მათ იმუნიტეტი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ.

ბერლისონის თქმით, კანონმდებლები კვლავ აგრძელებენ ზეწოლას უწყებებსა და სამხედრო კონტრაქტორებზე იმ დოკუმენტების მისაღებად, რომლებიც, ბოლოდროინდელი ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ “გრიფით საიდუმლო“ რჩება.

წარმომადგენელთა პალატის სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა ანა პაულინა ლუნამ (ფლორიდა) აღნიშნა, რომ ამჟამად მიდის მსჯელობა იმ პირთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე, რომლებსაც სავარაუდო ხომალდების ადგილმდებარეობის, მოპოვებული მასალების ან გასაიდუმლოებული მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ გააჩნიათ ინფორმაცია.

კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ შემდგომი ინფორმაციის გამოაშკარავება დიდწილად სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი მოწმე მოერევა შიშს მომავალში.

წყარო