ზოგიერთი ადამიანი საათობით ოცნებობს, ათწლეულების განმავლობაში გონებაში ერთსა და იმავე სიუჟეტს ათამაშებს და რეალობას სრულად წყდება. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ეს შესაძლოა სერიოზული მდგომარეობა იყოს.
ამერიკელი ფსიქიატრი და მკვლევარი კოლინ როსი აღნიშნავს, რომ ადამიანთა ნაწილს იმდენად ცოცხალი და შთამბეჭდავი წარმოსახვა აქვს, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი თავი აატირონ ან ხმამაღლა გააცინონ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს “ატლეტურ ნიჭს“ ჰგავს, პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი ამ “შიდა კინოთეატრიდან“ გამოსვლას ვეღარ ახერხებს.
ამ მდგომარეობას სპეციალისტები მალადაპტურ ან დეზადაპტაციურ ოცნებას (MD) უწოდებენ. ასეთი ადამიანები ღვიძილის დროს ნახევარზე მეტს საკუთარ თავში შექმნილ რთულ ფანტაზიებში, პერსონაჟებსა და ნარატივებში ატარებენ. უკიდურეს შემთხვევებში, ადამიანები დღეში 12 საათსაც კი ოცნებობენ, მათი გამოგონილი ისტორიების სიუჟეტები კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.
ეს არც ისე იშვიათი მოვლენაა - ვარაუდობენ, რომ ის ზრდასრული მოსახლეობის 2-4%-ს აღენიშნება.

ოცნება თავისთავად ცუდი არ არის; პირიქით, ის ემოციურ რეგულაციას, კრეატიულობასა და მოწყენილობის დაძლევას უწყობს ხელს. თუმცა, დეზადაპტაციური ოცნება სრულად შთამნთქმელია.
“პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი აღარ მართავს ფანტაზიას, არამედ ფანტაზია იწყებს ადამიანის მართვას“, - აცხადებს პროფესორი ელი სომერი.
ერთ-ერთი “მეოცნებე“, კაილა ბორჩერდსი იხსენებს, რომ “სხვა სამყაროების“ შექმნა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. ეს მისი “უსაფრთხო ადგილი“ იყო, სადაც არავინ დასცინოდა. მოგვიანებით ეს დამოკიდებულებად იქცა: “ეს იყო ძლიერი ლტოლვა, ისეთივე, როგორიც შოკოლადის ჭამის ან სოციალური ქსელების მოხმარების სურვილი“.
კაილა აღნიშნავს, რომ ოცნებამ მის კარიერაზეც იმოქმედა: “მოტივაცია არ მქონდა. რატომ დამეხარჯა დრო და ენერგია სამსახურში დაწინაურებისთვის, როცა ეს ყველაფერი ჩემს წარმოსახვაში უკვე მქონდა? 40 წლის ასაკშიც კი საწყის პოზიციებზე ვმუშაობდი“.
მეცნიერები ამ მდგომარეობას ხშირად ბავშვობის ტრავმას, ემოციურ ძალადობას ან უყურადღებობას უკავშირებენ - ოცნება ტკივილისგან თავის დაღწევის საშუალება ხდება. კვლევებმა ასევე აჩვენა კავშირი ნეირომრავალფეროვნებასთან (მაგ. აუტიზმი) და ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი), OCD (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა), დეპრესია და შფოთვა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად შეტანილი ფსიქიკური აშლილობების სახელმძღვანელოში, ექსპერტები რამდენიმე სტრატეგიას გვთავაზობენ:
“გონებაში ისტორიების ქონა პრობლემა არ არის. პრობლემა ამ ისტორიებზე დამოკიდებულებაა“, - დასძენს კაილა ბორჩერდსი, რომელმაც შეძლო ამ მდგომარეობის დაძლევა და ახლა სხვებს ეხმარება.