ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია და ბევრი ადამიანი მას ყოველდღიურად მიირთმევს. თუმცა, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ჩაის სწორად და ზომიერად მოხმარება არა მხოლოდ სიამოვნებას გვანიჭებს, არამედ ღვიძლის ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას ახდენს.
BMC Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც ჩაის ყოველდღიურად, მაგრამ ზომიერი რაოდენობით სვამდნენ, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები უკეთესი ჰქონდათ.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ზედმეტი რაოდენობით ან ძალიან ძლიერი ჩაის რეგულარულად დალევამ შესაძლოა სასარგებლო ეფექტი შეამციროს. კოფეინისა და კატეხინების მაღალი კონცენტრაცია ღვიძლს დამატებით დატვირთვას უქმნის, რადგან ორგანიზმს მათი გადამუშავება უწევს.

მნიშვნელოვანია ჩაის მიღების დროც. ექიმების რეკომენდაციით, საუკეთესო დრო ჩაის დასალევად ჭამიდან დაახლოებით 30-45 წუთის შემდეგაა. ამ დროს საჭმლის მონელების პროცესი უკვე დაწყებულია, რაც ამცირებს კუჭის გაღიზიანების და მეტაბოლური დატვირთვის რისკს.
პირიქით, ძალიან ძლიერი ჩაის უზმოზე მიღებამ შესაძლოა ორგანიზმზე არასასურველი გავლენა მოახდინოს.
ექსპერტების შეფასებით, დღეში ორი-სამი ჭიქა ზომიერად მომზადებული ჩაი სრულიად უსაფრთხოა. მცირე რაოდენობით რძის დამატება მჟავიანობის შემცირებასაც უწყობს ხელს, თუმცა სასურველია შაქრისა და ხელოვნური დამატკბობლების შეზღუდვა.
სპეციალისტები განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევენ მათ, ვინც სხვადასხვა მცენარეულ ან ე.წ. „დეტოქს“ ჩაის ხშირად მოიხმარს. ზოგიერთი ინგრედიენტი შესაძლოა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებდეს ან ღვიძლის ფერმენტების მუშაობაზე ახდენდეს გავლენას.