სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის საკითხზე გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა მიმართულებით ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზეც, რაც ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით განიხილებოდა. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ევროპულ ბიუროკრატიაში მიდგომები შეიცვლება. ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის.
სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა, ჩვენ სამართლიანი მიდგომა გვინდა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“,-განაცხადა კობახიძემ.