ავტორი:

"კონცერტის დროს რომ დავლიო, გამოსვლას ვეღარ გავაგრძელებ" - ინციდენტი თურქეთის პრემიუმ კლასის სასტუმროში, სადაც ვალერი მელაძე მღეროდა

"კონცერტის დროს რომ დავლიო, გამოსვლას ვეღარ გავაგრძელებ" - ინციდენტი თურქეთის პრემიუმ კლასის სასტუმროში, სადაც ვალერი მელაძე მღეროდა

ვალერი მელაძის კონცერტი თურქეთის ერთ-ერთ პრემიუმ კლასის სასტუმროში ხმაურიანი ინციდენტის მიზეზი გახდა. მომღერლის გამოსვლა VIP-ზონაში მყოფი სტუმრების გამო თითქმის ჩაიშალა.

კარგად შეზარხოშებულმა დამსვენებლებმა არტისტს სიმღერა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ისინი პირდაპირ დარბაზიდან ყვიროდნენ: ითხოვდნენ იუბილარებისთვის მისალოცი სიტყვების თქმას, სხვადასხვა სიმღერების შეკვეთას და დაჟინებით ითხოვდნენ ერთობლივ ფოტოებს. მელაძე იძულებული გახდა, პაუზა აეღო, ფანებთან სელფი გადაეღო და მიკროფონით ვიღაც „ალისა სერგეევნასთვის“ დაბადების დღეც კი მიელოცა.

მოგვიანებით მომღერალმა განმარტა, რომ ერჩია ჯერ კონცერტი დაესრულებინა და მსმენელს არაფორმალურ გარემოში შეხვედროდა. მელაძეს სცენაზე ასული სტუმრები ალკოჰოლური სასმლის დალევას აძალებდნენ:

"კონცერტის დროს რომ დავლიო, გამოსვლას ვეღარ გავაგრძელებ. თანაც საშინელი, გაუსაძლისი სიცხეა. შემოთავაზებისთვის კი მადლობა,“ - თავაზიანად მოიგერია მელაძემ მსმენელი.

შემთხვევა ბელეკის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოხდა. სხვათა შორის, მაყურებლებს შორის რუსული შოუბიზნესის სხვა ცნობილი სახეებიც შეამჩნიეს, დარბაზში იყვნენ მომღერალი პელაგეა შვილთან ერთად და მსახიობი იანა კოშკინა, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, განმარტოებით, წყნარად ისვენებდა.

ცნობისთვის, ეს სასტუმრო საკმაოდ ძვირადღირებულია და გათვლილია შეძლებულ სტუმრებზე (აქ ორკაციანი სტანდარტული ნომერი ერთი კვირით დაახლოებით 3 ათასი დოლარიდან იწყება და 8 ათას დოლარამდე აღწევს). წლის ბოლომდე აქ ვალერი მელაძის კიდევ ხუთი და ლეონიდ აგუტინის შვიდი კონცერტია დაგეგმილი.

ემიგრაციული ტურნე და პოლიტიკური სკანდალი

ვალერი მელაძეს რუსეთში უკვე რამდენიმე წელია აღარ უმღერია. მან უარი თქვა კორპორაციულ საღამოებზეც კი, სადაც ანონიმურობას ჰპირდებოდნენ. სამაგიეროდ, მისი უცხოური საგასტროლო გრაფიკი 2027 წლის მაისამდე უკვე შევსებულია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მომღერალი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა თავისი ორაზროვანი განცხადებების გამო. მისი კონცერტების მასობრივი გაუქმება რუსეთის ქალაქებში ჯერ კიდევ 2023 წლის მარტიდან დაიწყო. იმავე წლის აპრილში მოსკოვის პროკურატურამ ისიც კი შეამოწმა, აფინანსებდა თუ არა მომღერალი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა გამოძიებამ მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა.