არ გამოვრიცხავ, რომ ხელბორკილები დამადონ, წავალ, რა მოხდა? თავად გადაწყვიტონ, სად უფრო საჭირო ვარ, ჩემთვის და ჩემი ოჯახის გამო კი არა, საზოგადოებისთვის,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.
„სასამართლოს დასკვნით სიტყვაში ვეტყვი იმას, თუ რაც იყო, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე ვიყავი, შემდეგ დღეებში რაც მოხდა, შემდეგ ამ 8-9 თვეში რა სიკეთე გავაკეთე და თავად გადაწყვიტონ სად უფრო საჭირო ვარ, გარეთ, საზოგადოებისთვის და ჩემი საქართველოსთვის, თუ ციხეში.
მე ვარ პირველი რეანიმატოლოგი, რომელმაც 80-იან წლებში, ბაქოს ქუჩაზე, რეანიმაცია გააკეთა, ახალგაზრდა ვიყავი, მებრძოლი კაცი ვარ, ბოლომდე თუ სული გიდგას, უნდა იბრძოლო. ჩავთვალე საჭიროდ, რომ საბოლოო სიტყვის დროს ავხსნა ის, თუ რატომ ვფიქრობ, რომ მართალი ვარ. დანარჩენი ამათმა განსაჯონ.
ვინც ხელი მოაწერა საპროცესოს, ღმერთმა გაუმარჯოთ, კარგი გოგო-ბიჭები არიან. იმათმა ისე ჩათვალეს [საჭიროდ], მე ასე ვთვლი, რომ ასე მოვიქცე.
რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში? ამიხსენით!
არ გამოვრიცხავ, რომ ხელბორკილები დამადონ, წავალ, რა მოხდა? თავად გადაწყვიტონ, სად უფრო საჭირო ვარ, ჩემთვის და ჩემი ოჯახის გამო კი არა, საზოგადოებისთვის. იქაც [ციხეშიც] საჭირო ვიქნები და იქიდან დავიწყებ უფასო კონსულტაციებს“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ია დარახველიძის ადვოკატმა წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.
პროცესზე, ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და
ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.