ავტორი:

ოკეანეში არსებული იდუმალი “ცივი ლაქა“ მეცნიერებს საგონებელში აგდებს - ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ავისმომასწავებელი ნიშანია

ოკეანეში არსებული იდუმალი “ცივი ლაქა“ მეცნიერებს საგონებელში აგდებს -  ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ავისმომასწავებელი ნიშანია

ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში, გრენლანდიისა და ისლანდიის სამხრეთით უცნაური რამ ხდება - იმ დროს, როდესაც მსოფლიო ოკეანის დანარჩენი ნაწილი თბება, ეს რეგიონი სულ უფრო ცივდება. ახალი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ ამ გამოცანის პასუხი იპოვეს და ის აჩვენებს, რომ პლანეტა კლიმატური კატასტროფის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი, გარდამტეხი წერტილისკენ სწრაფად მიექანება.

ოკეანის ეს მონაკვეთი, რომელსაც მკვლევრები “ცივ ლაქად“ მოიხსენიებენ, 1900 წლის შემდეგ თითქმის 1°C-ით გაცივდა.

  • მეცნიერები დიდხანს დავობდნენ, თუ რა იწვევდა ამ ანომალიას: ქარებისა და ღრუბლების ცვლილების გამო ოკეანის ზედაპირიდან სითბოს დაკარგვა, თუ ოკეანის დინებათა შესუსტება, რომლებსაც სითბო გადააქვთ. ახალი კვლევა ასკვნის, რომ მიზეზი სწორედ მეორე ვერსიაა, რაც საკმაოდ შემაშფოთებელ მომავალზე მიანიშნებს.

“ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვადი დინება“ (AMOC) გიგანტური ოკეანური კონვეიერის პრინციპით მუშაობს: მას თბილი წყალი ტროპიკებიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადააქვს, სადაც წყალი ცივდება, ფსკერისკენ ჩადის და ისევ სამხრეთისკენ მიედინება.

  • მრავალი კვლევა მოწმობს, რომ ეს სისტემა სუსტდება. ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა ადნობს ყინულებს, რის გამოც ოკეანეში დიდი რაოდენობით მტკნარი წყალი ჩაედინება ეს კი AMOC-ის სითბოსა და მარილიანობის ფაქიზ ბალანსს აფერხებს. ზოგიერთი მეცნიერი აფრთხილებს კაცობრიობას, რომ დინებამ არსებობის კრიტიკულ ზღვარს შესაძლოა უკვე ამ საუკუნეში მიაღწიოს, რაც მის გარდაუვალ კოლაფსს გამოიწვევს.

ეს ყველაფერი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვის დონის მკვეთრ აწევას გამოიწვევს, ევროპას უკიდურესად ცივ ზამთარში გამოამწყვდევს, ხოლო აფრიკაში მუსონების მიმართულებას შეცვლის, რაც ხანგრძლივი გვალვების მიზეზი გახდება.

რას ამბობენ მეცნიერები?

ვინაიდან AMOC-ს სითბოს ძირითადი ნაწილი სწორედ პლანეტის იმ რეგიონში მიაქვს, სადაც ანომალია დაფიქსირდა, მეცნიერი “ცივ ლაქას“ ამ სისტემის შესუსტების პირდაპირ მაჩვენებლად მიიჩნევენ.

ატლანტის ოკეანის ამ ნაწილში მიმდინარე პროცესების უკეთ გასაგებად, მკვლევრებმა თანამგზავრებისა და სხვადასხვა ხელსაწყოების მეშვეობით მიღებული რეალური მონაცემები კლიმატურ მოდელებს შეურწყეს და აღმოაჩინეს, რომ პროცესი მხოლოდ ზედაპირზე არ მიმდინარეობს: ანომალიური “ლაქა“ უკვე ოკეანის სიღრმეებში ცივდება, სადაც ატმოსფერულ პირობებს (ქარებსა და ღრუბლებს) გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს.

“ყველა ნიშანი AMOC-ის გავლენაზე მიუთითებს. ეს სისტემა ოკეანეში სითბოს გადატანის პროცესს ცვლის, რაც “ცივი ლაქის გაცივებას იწვევს, უკვე სხვა უამრავი მტკიცებულებაც არსებობს, რაც მიუთითებს რომ ბოლო 1000 წლის განმავლობაში დინება ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია", - აცხადებს კვლევის თანაავტორი, პროფესორი შტეფან რამსტორფი.

თუმცა მეცნიერთა ნაწილი ახალ დასკვნებს სკეპტიციზმით უყურებს

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ოკეანისა და კლიმატის მეცნიერების პროფესორის, დევიდ თორნალის თქმით, “ახლი კვლევის მიხედვით დასუსტებულ AMOC-ს და “ცივ ლაქას“ შორის კავშირი ნამდვილად მყარად იკვეთება, თუმცა რეალური მონაცემების სიმცირის გამო, არსებული დასკვნები უფრო რეალობასათან მიახლოებულ შედეგებად უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც თავად რეალობას სრულყოფილად ვერ ასახავენ, ამიტომ აღნიშნული ნაშრომი ამ საკითხზე საბოლოო სიტყვა ნამდვილად ვერ იქნება“.

წყარო