ავტორი:

გზა ვანიდან მანჰეტენის სამრევლომდე: "მინდოდა მეტი საშუალება მქონოდა, რომ მასზე მეფიქრა, ვისთვისაც ცხოვრება უნდა მიმეძღვნა" - ინტერვიუ მღვდელმონაზონ ირინეოსთან

გზა ვანიდან მანჰეტენის სამრევლომდე: "მინდოდა მეტი საშუალება მქონოდა, რომ მასზე მეფიქრა, ვისთვისაც ცხოვრება უნდა მიმეძღვნა" - ინტერვიუ მღვდელმონაზონ ირინეოსთან

სამების ტაძარში ახალი პატრიარქის შიო III-ის გამორჩევის ცერემონიაზე დელეგატებს შორის მამა ირინეოსიც იმყოფებოდა. იმ დღეს ფოტოგრაფის ობიექტივშიც მოხვდა, ხოლო მისმა ფოტომ კი სოციალური ქსელი მოიარა.

"მადლიერი ვარ უცნობი ფოტოგრაფის, რომ ამ ისტორიული დღიდან ეს ფოტო დამრჩა, ეს ფოტოც უკვე ისტორიის ნაწილია" - ამბობს ჩვენთან საუბარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სასულიერო პირი, მღვდელმონაზონი ირინეოს შენგელია.

მან AMBEBI.GE-ს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მოგვცა, რომელიც მის მიერ ბავშვობიდან დღემდე განვლილ გზაზე მოგვითხრობს...

მღვდელმონაზონი ირინეოსი:

- გულთბილად მოგესალმებით თქვენ და თქვენს მკითხველს... რაც შეეხება მანჰეტენზე ჩემს მოხვედრას, ეს უფლის დიდი განგებულებისა და ლოცვა-კურთხევის შედეგია. მას შემდეგ, რაც მამა იერონიმესთან (ქათამაძე) ერთად ევროპაში სწავლა დავასრულე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევითა და გადაწყვეტილებით, გამოჩნდა შესაძლებლობა, განათლების მიღება ბოსტონის საღვთისმეტყველო სასწავლებელში გაგვეგრძელებინა. სწორედ ამ პერიოდში მორჩილება მივიღეთ, მსახურება მანჰეტენის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის ქართულ სამრევლოში განგვეგრძო. სასულიერო პირისთვის ნავთსაყუდელი არ არსებობს საკუთარი სურვილით, ჩვენი ნავის იალქნები იქეთ იღებს კურსს, სადაც ეკლესიის სიო დაუბერავს, იქ სადაც ეკლესიას და ჩვენს ხალხს ვჭირდებით…

ნიუ-იორკი, თავისი ურთულესი რიტმით, უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ ამავე დროს საოცარი შესაძლებლობაა, რომ სამშობლოს მოწყვეტილ ჩვენს თანამემამულეებს სულიერი თავშესაფარი შევუქმნათ. მანჰეტენის ცენტრში ქართული სამრევლო არის პატარა საქართველო, სადაც ჩვენი ემიგრანტები (და არა მხოლოდ) ქრისტეს სიყვარულსა და მშობლიურ სითბოს პოულობენ. სხვათა შორის, ეს ეკლესია, რომელშიც ახლა ქართული სამრევლო ოფიციალურად მოქმედებს, წლების განმავლობაში უდიდეს მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა, რომელსაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში საძირკველი ჩაუყარა დიდმა ამერიკელმა მართლმადიდებელმა მიოსონერმა არქიმანდრიტმა იოაკიმემ (პარი). მისი დამსახურებაა, რომ მანჰეტენზე ღმერთი მინიმუმ ორ ენაზე განდიდდება (ინგლისურად და ქართულად).

ქართული სამრევლო მანჰეტენზე

მე და მამა იერონიმეს მცირე მონდომებით, სამრევლოში მსახურებები აღესრულება სხვადასხვა ენაზე. ამასთან, ინათლება მრავალი ამერიკელი და არა მარტო ისინი; გვაქვს კატეხიზაციის კურსი დამწყებთათვის, სამრევლო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ემიგრანტების სულიერ და კულტურულ წინსვლას. გაგვაჩნია სამრევლო საბჭო, რომელიც ყოველწლიურად იცვლება. გვყავს სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე, ბუღალტერი, არსებობს ეკლესიის ბიუჯეტი. ეს ყველაფერი სრულიად გამჭვირვალეა და მრევლი ჩართულია ეკლესიის ადმინისტრაციულ მმართველობაში სწორედ ისე, როგორც ამას ეკლესიის ტრადიცია მოითხოვს.

- მკაცრი ხართ მრევლის წევრების მიმართ?

- მკაცრი მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ვარ, თუმცა ამბობენ, რომ მკაცრიც ვარ... ზოგადად ცხოვრებამ მაჩვენა, რომ როდესაც საკუთარი თავის მიმართ ხარ მკაცრი, მერე სხვასთან სიმკაცრე აღარ გჭირდება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სიმკაცრის დრო არ არის. სიმკაცრე ჩვენ, მღვდელს უფრო გვჭირდება, დისციპლინაც უფრო ჩვენი კლირიკოსების გამოწვევაა. მრევლს სიყვარული სჭირდება, სწორი სწავლება და მზრუნველობა.

  • ემიგრანტობა და ურთიერთობა ქართველ ემიგრანტებთან

- ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობა ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი სულიერი პასუხისმგებლობაა. ისინი საოცარი ადამიანები არიან, უზომოდ მშრომელები, თავდადებულები და სამშობლოზე შეყვარებულები. თითოეული მათგანის ზურგს უკან დგას საკუთარი, ხშირად ძალიან სევდიანი და მძიმე ისტორია, მონატრება და ოჯახისთვის გაღებული მსხვერპლი. უცხო მიწაზე, ტაძარი მათთვის მხოლოდ სალოცავი ადგილი არ არის. ხშირად ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც ისინი მშობლიურ სითბოს პოულობენ, თავს სახლში გრძნობენ. იცით, რა მაკვირვებს? მიუხედავად ყოველდღიური ფიზიკური თუ ემოციური დაღლილობისა, მათში საოცარი რწმენა და სიყვარულის უნარი ცოცხლობს, გაოცებული ვარ, რომ მიუხედავად ურთულესი გრაფიკისა, ტაძარი მუდმივად სავსეა, ეკლესია ცოცხალია და შეუჩერებლად მოქმედებს.

  • როგორ ჩანს ამერიკიდან საქართველო

- შორიდან სამშობლო კიდევ უფრო ლამაზი, სათუთი და მტკივნეულად მოსანატრებელი ჩანს. აქ, ამერიკაში, განსაკუთრებით მკაფიოდ გრძნობ, თუ რა დიდი განძის მატარებლები ვართ, თუმცა, შორიდან ის ტკივილიც უფრო მძაფრად ჩანს, რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი განიცდის. ჩვენს ხალხს პირველ რიგში ვუსურვებ, გულები გაითავისუფლონ.

ვისურვებდი, რომ ერთმანეთისადმი მეტი სიყვარული, გატანა და მოსმენის კულტურა გვქონდეს. დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ერთმანეთის გაფრთხილება და დანახვა გვაკლია. ერთმანეთი უნდა დავინახოთ, ერთმანეთს უნდა მივესალმოთ, ერთმანეთი უნდა დავინდოთ, ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. შორიდან ყურებისას სულ იმის განცდა მაქვს, რომ თუკი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში წყენას, განკითხვასა და დაპირისპირებას შენდობითა და სიყვარულით ჩავანაცვლებთ, საქართველო ნამდვილად იქცევა იმ ქვეყნად, სადაც წასული ემიგრანტები სიხარულით დაბრუნდებიან, დარჩენილებს კი წასვლის სურვილი აღარ გაუჩნდებათ. ჩემი რჩევაა მიუხედავად მრავალი პრობლემისა და გამოწვევისა, დღე დაიწყეთ პოზიტიურად, გაუღიმეთ ერთმანეთს, გაუღიმეთ ოჯახის წევრს, მეზობელს, ავტობუსის მძღოლს, თანამშრომელს და ნახავთ, რომ ეს ღიმილი ბედნიერებას მოგიტანთ.

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

- მის უწმინდესობაზე საუბარი ჩემთვის დიდი პატივია, პირადად ვიცნობდი და არაერთხელ მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. პატრიარქი ილია იყო პიროვნება, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა და ჩემი თაობის თითოეული სასულიერო პირის გზა გაანათა. ჩემს ცხოვრებაში მისი უდიდესი როლი მაშინ გამოიკვეთა, როდესაც საბერძნეთის ეკლესიიდან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში გადმოვედი, სწორედ მისი მამობრივი სიყვარულითა და ლოცვა-კურთხევით მოხდა ეს. მახსენდება 2018 წლის 2 აგვისტო, ილიაობა, როდესაც მისმა უწმინდესობამ მე და მამა იერონიმე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მიგვიღო და ჩვენი გზა დალოცა. მიუხედავად იმისა, რომ იურისდიქციულად საქართველოში გადმოვედით, გული მწყდებოდა საბერძნეთზე, რადგან ჯერ სწავლა დასრულებული არ გვქონდა. ვიცოდი, რომ პატრიარქი განათლებას დიდ პატივს სცემდა და მახსოვს, მაშინ ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიაში დავბრუნდით, შეიძლება რომ სწავლა საბერძნეთში დავასრულოთ (რადგან მეორე კურსზე ვიყავით)? მხოლოდ ერთი სიტყვით გვიპასუხა - აუცილებლად. იგი იყო ერუდირებული პიროვნება, ინტელექტუალი და მოწყალე ადამიანი, ფართო ხედვის სასულიერო მოღვაწე. ამიტომ ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებასა და ლოცვებში, როგორც ეპოქალური პატრიარქი.

  • დაბადების ადგილი - ვანი და საერო სახელი

- ვანი ჩემთვის არის ადგილი, სადაც უფლის მიერ ბოძებული სიცოცხლე პირველად შევიგრძენი. ეს არის ბავშვობის სითბო, მშობლიური კერა და ის საძირკველი, რომელზეც ჩემი პიროვნება ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გზამ სულ ახალგაზრდა ასაკში მსოფლიოს მრავალ კუთხეში მამოგზაურა, ანტიკური და უძველესი ქალაქი ვანი ჩემს გულში მუდამ რჩება იმ უმანკო, პირველქმნილ სიყვარულთან ასოცირებულ ადგილად, სადაც ყოველთვის დიდი სიხარულით ვბრუნდები. იქ მოგონებები მარად მღვიძარებაშია და ბავშვობის აღტყინება გულს გიხალისებს... ერში ბაბუის და „ვაფხისტყაოსნის“ გმირის სახელი - ტარიელი მერქვა. მოგვიანებით, როცა მოვინათლე, ნათლობის სახელი თავად ავარჩიე და მათე დავირქვი, მოციქულ მათეს პატივსაცემად, რომლის მიერ დაწერილი სახარება ჩემი პირველი წიგნი იყო.

  • მშობლები

- ჩემი მშობლები ჩემთვის ქრისტიანული სიყვარულისა და თავდადების პირველი მაგალითები არიან. ოჯახი ძალიან ახალგაზრდებმა შექმნეს, მათი პირველი შვილი ვარ, ფაქტობრივად, მათთან ერთად გავიზარდე… ისინი მზრდიდნენ არა ხმამაღალი შეგონებებით, არა განებივრებით, არამედ საკუთარი ცხოვრებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობითა და მოწყალებით. ძალიან მადლიერი ვარ მშობლების და ვფიქრობ, ეს მათზე ყველაფერს ამბობს...

  • წარჩინებული მოსწავლე

- ჩემთვის წარჩინებული მოსწავლეობა მხოლოდ ნიშნები არ ყოფილა, იყო საგნები, რომლებიც არ მიყვარდა. ტექნიკურ საგნებთან ვერ „ვმეგობრობდი“, ჰუმანიტარული საგნები მიზიდავდა, შემეძლო გეოგრაფიის სწავლაში მთელი დღე გამეტარებინა, მეტიც - წინასწარ ვსწავლობდი მომდევნო დღეების გაკვეთილებს, მაგრამ მათემატიკას არ ვწყალობდი და არც ის მწყალობდა… რუსული არ მიყვარდა, არ ვსწავლობდი, ამიტომ დაბალი ნიშანი მქონდა, მაგრამ მიყვარდა მათი კლასიკოსები და ვკითხულობდი ქართულად. ვიყავი ჯიუტი ბავშვი, მაგრამ ზრდილი, ვიცოდი ყოველთვის სად იყო საზღვარი და პატივს ვცემდი მასწავლებლებს. ვსვამდი უცნაურ შეკითხვებს, რადგან ვთვლიდი, რომ სტანდარტული შეკითხვები შემეცნების გზაზე არაფრის მომცემი იყო. ყოველთვის ვცდილობდი, გაკვეთილში აღმომეჩინა რაღაც ისეთი, რაც სასწავლო პროგრამას გასცდებოდა და მეტ ცოდნას მომცემდა.

  • სწავლა სემინარიაში

- სასულიერო სემინარიაში ჩაბარება არ ყოფილა უბრალო ლოგიკური გადაწყვეტილება, ეს იყო გულის კარნახი. სკოლის დასრულებისას ჩემს თანატოლებს შორის ბევრი ფიქრობდა იურიდიულზე, ბიზნესსა თუ სხვა პოპულარულ პროფესიებზე, სიმართლე გითხრათ, მეც მქონდა სხვადასხვაგვარი გეგმა. გულის სიღრმეში კი სხვა ხმა მესმოდა, მინდოდა უფრო ღრმად გამეცნო ღმერთი, მინდოდა მეტი ინფორმაცია და მეტი საშუალება, რომ მასზე მეფიქრა, ვისთვისაც მინდოდა ცხოვრება მიმეძღვნა. სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე ავირჩიე სემინარია, კარგი წლები იყო, მადლიერი ვარ ჩემი პროფესორების, სემინარიის წლებს ყოველთვის თბილად ვიხსენებ.

  • გზა ტაძრისკენ

- ჩემი გზა ტაძრისკენ სემინარიით არ დაწყებულა. სემინარია უკვე გაცნობიერებული არჩევანი იყო, ეკლესია კი ჩემს ცხოვრებაში ბევრად ადრე, ბავშვობის იმ უმანკო წლებში შემოვიდა, როცა უფლის სიახლოვეს პირველად შევეხე. ბავშვობაშივე მიზიდავდა ის განსაკუთრებული მისტიკა, რაც მსახურებისას ტაძარში ტრიალებს. სემინარიაში მისვლამდე ჩემი სული უკვე იქ ცხოვრობდა. ადამიანი ჯერ გულით ხდება ქრისტიანი და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს თეოლოგიის წიგნებიდან იმის შესწავლას, თუ რა არის ეს უზომო სიყვარული. ასე რომ, ჩემი გზა დაიწყო უბრალო, ბავშვური რწმენითა და ეკლესიის სიყვარულით, სემინარიამ კი ამ გზას უკვე მეცნიერული და ღრმა საძირკველი შეუქმნა.

  • მონაზვნობა და მშობლების რეაქცია

- ბუნებრივია, მშობლებისთვის ეს გადაწყვეტილება თავიდან მარტივი არ ყოფილა. შვილის მონაზვნობა ნებისმიერი მშობლისთვის უდიდესი ემოციური გამოცდაა. რა თქმა უნდა, გაუჭირდათ იმ აზრთან შეგუება, რომ მათმა შვილმა ცხოვრების ასეთი მკაცრი და მძიმე გზა აირჩია. ალბათ, შიშობდნენ კიდეც, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის ზიდვას. თუმცა, დროთა განმავლობაში, როცა დაინახეს, რომ ეს ჩემი სულის ერთადერთი და ნამდვილი მოთხოვნილება იყო, ყველაფერი შეიცვალა. ვთვლი და ალბათ მკითხველიც დამეთანხმება რომ მშობლებისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება შვილის თვალებში ანთებული სიხარულის დანახვაა. მათ დაინახეს, ახლაც ხედავენ რომ ჩემი თვალები ამ სიხარულს ატარებს.

მეუფე საბა ინწკირველთან ერთად

  • სწავლა საბერძნეთში, შვეიცარიასა და ამერიკაში

- განათლება სასულიერო პირისთვის დღეს არა ფუფუნება, არამედ უმნიშვნელოვანესი აუცილებლობა და უდიდესი პასუხისმგებლობაა. თანამედროვე სამყარო სავსეა რთული ინტელექტუალური, სოციალური თუ ეთიკური გამოწვევებით. თუ ეკლესიას სურს, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს და თანამედროვე ადამიანს მისივე ენაზე დაელაპარაკოს, სასულიერო პირი ამისთვის მზად უნდა იყოს. საბერძნეთში, შვეიცარიასა თუ ამერიკაში მიღებულმა ჩემმა მწირმა განათლებამ დამანახა, რომ თეოლოგია არ არის ჩაკეტილი, გაყინული მეცნიერება, ის ცოცხალი პროცესია. გახსოვთ ალბათ რომ მაცხოვარმა მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარგზავნა და მისცა ნიჭები, ყველას მათ ენაზე დალაპარაკებოდნენ. ახლა კი ჩვენ, მოციქულთა მემკვიდრეებმა, მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ვალდებული ვართ, ეს ნიჭები მოვიხვეჭოთ და მათი საქმე ღირსეულად განვაგრძოთ. თითქოს არაფერი შეცვლილა დღესაც იმისთვის, რომ ადამიანს სულის გადარჩენაში დაეხმარო. ჯერ მისი საწუხარი და ეპოქის სულისკვეთება უნდა გესმოდეს, მინიმუმ მათ ენაზე უნდა მეტყველებდე…

  • მოღვაწეობა ათონის მთაზე

- ათონის წმინდა მთაზე გატარებული დრო ჩემი სულის ნამდვილი გამოწრთობა იყო. იქ ყოფნამ მასწავლა, თუ რა არის ნამდვილი ასკეზა, საკუთარ თავზე მუშაობა და განუწყვეტელი ლოცვა. ყველაზე დიდი საოცრება, რაც ათონმა მომცა, ის არის, რომ ყველაფერი, რაც მანამდე მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული, წმინდა მამების ცხოვრებასა და სულიერ ბრძოლებზე, იქ საკუთარი თვალით ვნახე, ვიგრძენი და შევეხე. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი 2 წელი, ახლაც მიკვირს 19 წლის ახალგაზრდამ როგორ შევძელი ამ ყველაფერთან შეჭიდება, მაგრამ მკითხველი ყურადრებას მიაქცევდა იმას, რომ ყოველთვის მიზიდავდა სირთულესთან შერკინება (რაც საუბრისას უკვე აღვნიშნე). ის, რაც ადვილია და მარტივია, არასდროს იწვევდა ჩემში ინტერესს, სწორედ ამიტომ ღმერთმა ინება და მოვინდომე მეცხოვრა იქ, სადაც ცხოვრება მაშინ იწყება, როცა ერს მშვიდად სძინავს.

  • რა არის თავისუფლება

- თავისუფლება ეს არის უპირველესად საკუთარ თავზე მოპოვებული უფლებამოსილება. ძალიან რთულია, როცა შენ ხარ შენი თავის განმკარგველი და მართავ საკუთარ თავს. კი, ესაა ნამდვილი თავისუფლება, როცა შეგიძლია შენ მოთხოვნილებებზე მაღლა დადგე, ამრიგად თავისუფლება პროცესია, რომელსაც მოპოვება სჭირდება.

  • "მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი დატევა"

- დასახმარებლად მხოლოდ ღმერთს მივმარავმართავ. ყველას ამას ვურჩევ, მხოლოდ მას შეუძლია მიგვიღოს სრულად ისეთები, როგორებიც ვართ, როგორი დამძიმებულიც არ უნდა მივიდეთ მასთან.

  • სოციალური ქსელი და ნეგატიური კომენტარები

- სიმართლე გითხრათ, თავიდან, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ასეთი კომენტარების კითხვა. თუმცა მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ნეგატივს ნეგატივითვე არ უნდა უპასუხო. სოციალური ქსელი ხშირად ადამიანების შინაგანი ტკივილისა და დაღლილობის ანარეკლია. თუ ადამიანი ბედნიერი და გულმშვიდია, სხვას არ ლანძღავს, ამიტომ გაგებით ვეკიდები უარყოფით კომენტარებსაც. საზოგადოებაში ცნობიერება ხშირად ტალღისებურია, მას მუდმივად ამაღლება, განვითარება სჭირდება. ამიტომ თუ სასულიერო პირს ლანძღავენ, აგრესია არ ჩნდება, პირიქით, ვინტერესდები, სად დავუშვით შეცდომა? იქნებ ეს უარყოფითი რეაქცია საზოგადოებაში დაგროვილი ბრაზის გამოძახილია, ანაც სხვა მიზეზითაა გამოწვეული… ამრიგად, რადგან ჩემი საქმიანიბიდან გამომდინარე, სოციალურად აქტიური ადამიანი ვარ, შეჩვეულიც ვარ, რომ შეუძლებელია ყველა ადამიანის ხედვა მოერგოს შენეულ გაგებას და ის მცირე უარყოფითი შეფასებებიც არ მიკვირს.

  • სურვილები პატრიარქ შიო III-ს

- კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს, პირველ რიგში, ვუსურვებ სოლომონისეულ სიბრძნეს, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმტკიცეს. ამ უდიდესი ჯვრის ტვირთვა, რასაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლობა ჰქვია, ადამიანურ ძალებს აღემატება. ეს მხოლოდ უფლის მადლითა და შეწევნით არის შესაძლებელი. ჩვენ, როგორც სამწყსო და სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ, ლოცვითა და ერთგული მსახურებით ზურგი გავუმაგროთ მას ამ რთულ, მაგრამ მადლმოსილ გზაზე. ძალიან მჯერა, რომ მისი წინამძღოლობით ჩვენი ეკლესია კვლავაც იქნება ჩვენი ერის მთავარი სულიერი ბურჯი და გამაერთიანებელი ძალა. ვიცი, რომ ძალიან უყვარს ლოცვა, მლოცველი ადამიანია, დაე, უფალმა შეისმინოს მისი ვედრება და გააერთიანოს საქართველო! დაე, ყველა ტვირთმძიმეს და მაშვრალს იმედად და საყრდენად მოევლინოს მისი პატრიარქობა! ამინ!