მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში კასპში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარებაც, რამაც მათი მდგომარეობა უფრო გაართულა.
"კასპის რაიონში, ამ ფოტოებზე ასახულ სახლში, 70 წელს გადაცილებული ქვრივი ქალი და მისი შვილი ცხოვრობენ. დედა უმუშევარია, ხოლო შვილს, გაჭირვების გამო, განათლების მიღების საშუალება არ ჰქონია და ვერსად მუშაობს, არც სახარბიელო ჯანმრთელობა აქვს და ფიზიკურ შრომას ვერ ახერხებს. ამ უმძიმეს ყოფას კიდევ ის დაემატა რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ვფიქრობ, ეს არ არის კონკრეტული სოციალური აგენტის ან კასპის ფილიალის ბრალი – ეს სისტემური მიდგომაა, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებების მასობრივად შემცირებას. გაუგებარია, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ამ ოჯახის ქულები, როცა სახლის ჭერი ჩამონგრეულია და იატაკზე ბალახი ხარობს.
სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში მსგავს თემებზე საუბარი პოლიტიზებულია: თუ რამე არ მოგწონს და ხმას ამოიღებ, მაშინვე დაგაბრალებენ რომ ან ოპოზიციონერი ხარ, ან ომი გსურს, ან ერთსქესიანთა ქორწინება მაინც.
ხოლო თუ ხელისუფლებას აქებ პატრიოტად ითვლები. სად არის პატრიოტიზმი ან ქრისტიანობა მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი კატასტროფული სოციალური დისბალანსია, როცა ვიღაცას 5 სახლი და ათი მანქანა ჰყავს და ვიღაცას შია, სახლი ენგრევა. სახარებაში მკაფიოდ წერია: „ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს“ (ლუკა 3:11).
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერი, ან რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში. თუ გნებავთ ამას საერთოდ ნუ გაგვაგებინებთ. მთავარია, ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, განათლებისა და მკურნალობის ელემენტარული შესაძლებლობა, ყველას უფლება თანაბრად იყვეს დაცული. გთხოვთ ნუ მომწერთ, მამაო აი 20 ლარს ჩაგირიცხავ და რამე უყიდე ამ ოჯახს. ამ ხალხს პერიოდულად ისედაც ვეხმარები. ეს არის გულის ტკივილით დასმული კითხვა: რა ქნან ასეთმა ოჯახებმა არა მხოლოდ დღეს, არამედ ხვალ, ზეგ?" - წერს მამა ლევანი.