ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარი ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია კომპანია "ბილტმორის" ორი წარმომადგენელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ხაშურში ძალიან დიდ უკანონობას ჰქონდა ადგილი და პოლიციის სამმართველომ ხელი არ გაანძრია ეს დანაშაული რომ აღკვეთილიყო. სამართალდამცველებს არაერთხელ მივმართეთ, 6 თვე საქმის კურსში იყვნენ, ძიება მიდის და ეს შედეგი მივიღეთ.
6 თვეა მივდივარ და ვეხვეწები, რამე ეღონათ, რომ ასეთი შედეგი არ დამდგარიყო, კილაბერიძეების მისამართით მუქარები მოდიოდა შალვა ოვაკიმიანისგან, ის უკანონოდ იყო შეჭრილი ნიკოლოზ კილაბერიძის საკუთრებაში, ვიდეომასალა გვაქვს უამრავი, განჩინებებიც გვქონდა, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი აგრძელებდა და ხელს უწყობდა კილაბერიძეების კარიერზე ქვიშა-ხრეშის მოპარვას.
ახლა გარდაცვლილია ორი ადამიანი, ერთი ენდელაძეა, მეორეს გვარი არ ვიცი, ისინი არიან შალვა ოვაკიმიანის ხელდასხმული ადამიანები, ენდელაძე მენეჯერია, მოურავივით იყო. ნიკოლოზ კილაბერიძეს მათთან მოუვიდა დაპირისპირება - ენდელაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ამან აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, რაც ჩაიდინა - ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა.
კილაბერიძეს ქარხანა მემკვიდრეობით ჰქონდა და კარიერი მისი საკუთრება იყო, ოვაკიმიანი და მისი დამქაშები უკანონოდ შეიჭრნენ ტერიტორიაზე და ქურდავდნენ, თუმცა ამაზე ყური არავინ შეიბერტყა. მაქვს ეჭვი, რომ ხაშურის პოლიცია არ უზრუნველყოფს იმას, რაც მათი მოვალეობაა, წვრილმანებს დასდევს, აქ კორუფციული დაინტერესება და გარიგებები უფრო იკვეთება, თორემ რაღაც ზომებს მიიღებდნენ ასეთი საშინელი შედეგი რომ არ დამდგარიყო“, - გვეუბნება ადვოკატი.