ავტორი:

ტრაგედია ბანჯი-ჯამპინგის დროს - ადგილზე დაიღუპა 21 წლის გოგონა, რომლისთვისაც ინსტრუქტორებს თოკის მიბმა დაავიწყდათ: უმძიმესი კადრები ბრაზილიიდან

ტრაგედია ბანჯი-ჯამპინგის დროს - ადგილზე დაიღუპა 21 წლის გოგონა, რომლისთვისაც ინსტრუქტორებს თოკის მიბმა დაავიწყდათ: უმძიმესი კადრები ბრაზილიიდან

ბრაზილიაში ბანჯი-ჯამპინგის დროს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ქვეყანა შეძრა. 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი სან-პაულუს შტატში, ქალაქ ლიმეირაში, ხიდიდან გადახტომისას დაიღუპა - გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების თოკი სათანადოდ არ იყო დამაგრებული.

შემთხვევა შაბათს, ე.წ. “ჩონჩხის ხიდზე“ მოხდა.

  • ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მარიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხიდზე გადახტომისთვის ემზადებოდა. ფოტოს აღწერაში მან ხუმრობით დაწერა: “ვინ იყო ის გიჟი, რომელმაც ხიდიდან გადმოხტომის უფლება მომცა?“

ვიდეოჩანაწერში, რომელიც შემთხვევის შემდეგ გავრცელდა, ისმის, როგორ ყვირიან ადგილზე მყოფები: “თოკი, ხალხო, თოკი!“

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე ქაოსი და პანიკა დაიწყო. ერთ-ერთმა მოწმემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხიდზე ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ტრაგედია საკუთარი თვალით ნახეს.

ბრაზილიის სამხედრო პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ ორი მონაწილე ადგილიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით ისინი ვერტმფრენით ჩატარებული სამძებრო ოპერაციის შედეგად დააკავეს.

სულ 6 ადამიანია დაკავებული, ხოლო სამ მათგანს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

გამომძიებლების ცნობით, პირველადი მონაცემებით დადგინდა, რომ უსაფრთხოების აღჭურვილობა სათანადოდ არ იყო შემოწმებული და თოკი არ ყოფილა სწორად დამაგრებული, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

საქმის გამომძიებელმა ანდრეა დანტას ლევიმ განაცხადა, რომ კომპანიას, რომელიც ამ აქტივობას აწყობდა, ადგილზე საქმიანობისთვის საჭირო ნებართვაც არ ჰქონია.

დაკავებულთა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ თანამშრომლები გამოცდილები იყვნენ და ეს კომპანიის ისტორიაში პირველი ფატალური შემთხვევა იყო. თუმცა, მათი თქმითაც, ამ დრომდე უცნობია, რატომ არ ჩატარდა საბოლოო უსაფრთხოების შემოწმება მარიას გადახტომამდე.

მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო. იგი ფიტნესის, სპორტისა და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციით იყო ცნობილი და სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდა ფოტოებსა და ვიდეოებს მოგზაურობებიდან.

წყარო