ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის შესაძლოა იყოს ამერიკელი მუსიკოსი და ინტერნეტვარსკვლავი ოლივერ ტრიც, თუმცა ოფიციალური იდენტიფიკაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.
შემთხვევა კვირას მოხდა - ორი ვერტმფრენი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, რეკრეიო-დოს-ბანდეირანტესის რაიონის თავზე ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ორივე საფრენი აპარატი მიწაზე ჩამოვარდა.

რიო-დე-ჟანეიროს სამხედრო სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერტმფრენი ელექტრომობილების ავტოდილერის ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა დაახლოებით 20 ავტომობილი გაანადგურა, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
AFP-ის მიერ ციტირებული პოლიციის წყაროს ინფორმაციით, 32 წლის ოლივერ ტრი ამ პერიოდში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ბრაზილიაში იმყოფებოდა. თუმცა ხელისუფლება აღნიშნავს, რომ დაღუპულების ოფიციალური იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან ავარიის შედეგად ცხედრები ძლიერ დაზიანდა.

გავრცელებული ცნობებით, დაღუპულებს შორის ასევე არიან ბრაზილიელი მუსიკალური პროდიუსერი, არგენტინელი ვიდეორეჟისორი და ცნობილი არგენტინელი იუთუბერი გასპარ პრიმი, რომელიც ინტერნეტში Gaspi-ს სახელით არის ცნობილი.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შესაბამისი უწყებები ავარიის გარემოებებს იძიებენ.
ოლივერ ტრი თანამედროვე ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა Life Goes On, Miss You და Alien Boy. მუსიკოსს Spotify-ზე ყოველთვიურად 11 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავდა.