ავტორი:

“კიდევ აწამებ ხალხს?.. საათნახევარი “მეკაიფებოდა" - ალეკო ელისაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს

“კიდევ აწამებ ხალხს?.. საათნახევარი “მეკაიფებოდა" - ალეკო ელისაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს

“კიდევ აწამებ ხალხს? ნუ გგონია სულ ასე იქნები! 3 - საათნახევარი “მეკაიფებოდა", კარგად შემომხედე თვალებში“, - ასე მიმართა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც პროცესზე მოწმის სახით იკითხება.

  • მისი თქმით, მოწმემ ბევრი ტყუილი თქვა.

“როდესაც პოლიციელმა შემაგინა, მეც რომ შევაგინე, გახსოვთ? მაყენებდი შეურაცხყოფას, რომ პოლიტიკურად განულებული ვარ და რომ არასწორი კაცი ვარ? ან ხელბორკილები რომ მიჭერდა?" - შეეკითხა ელისაშვილი მოწმეს, რაზეც მოწმემ განუცხადა, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა ან არ ახსოვს.

მანამდე მოწმემ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა მას უთხრა, რომ სასამართლოს შენობის დაწვა უნდოდა, რადგან მას უსამართლოდ მიიჩნევდა.

“მითხრეს, რომ ფასადი დაზიანებული იყო ელისაშვილის მიერ. როდესაც მივუახლოვდი, ვიცანი. შეკითხვა დავუსვი თუ რატომ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება - რაზეც მიპასუხა, რომ სასამართლოს შენობის დაწვა სურდა, რადგან სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვს.

ყურადღება ცეცხლსასროლმა იარაღმა მიიქცია, რომელიც ძირს ეგდო.

ბრალდებულის დაკავება ფიზიკური დაპირისპირების დროს მოხდა. დოკუმენტებთან იდო სანთებელაც. ასევე, იდო პოლიეთილენის ცარიელი ბოთლიც.

მაგიდა და საბუთები სველი იყო და ბენზინის დამახასიათებელი სუნი იდგა“, - განაცხადა მოწმემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.

ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.