ყველაფერს თავისი დრო აქვს, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიც ქორწინებაა.
2018 წლიდან დღემდე საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებელი განახევრდა, მაგრამ მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი პროგრესისა, გოგოების 7% კვლავ 18 წლამდე ასაკში ქორწინდება. პოზიტიური დინამიკის გასაგრძელებლად და მოზარდების ჯანსაღი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ამ საზიანო პრაქტიკის წინააღმდეგ ძალების გაერთიანება.
სწორედ ამიტომ კერძო სექტორის წასახალისებლად, რომ მათაც გამოხატონ თავიანთი პოზიცია არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წამოიწყო კამპანია, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებიც შუერთდნენ, მათ შორისაა, საკონდიტროები “ლილისი” და “გაამოს”; ასევე ყვავილების მაღაზია და ივენთ-კომპანია “ამელი”. კამპანიის სლოგანია, „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ და მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკის შესახებ.

„ყველა ტორტს თავისი დრო აქვს. ზოგი დაბადების დღისთვის ცხვება. ზოგი - იუბილესთვის. ზოგი კი, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების აღსანიშნავად. თუმცა, ჯერ გაიზარდე, ისწავლე, განვითარდი, მიაღწიე მიზნებს, აიხდინე ოცნებები, იმოგზაურე, დატკბი ცხოვრებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე შენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” - ამ პოსტით უერთდება UNFPA-ისის კამპანიას ადრეული ქორწინების წინააღმდეგ “ლილისი”.

„ჯერ გაიზარდე. მერე თქვი „კი“... ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ოცნებას, ყველა ნაბიჯსა და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავისი დრო აქვს” - ნათქვამია “გაამოს” სოციალურ მედია პოსტებში.
„ამელიც“ შეახსენებს ყველას, რომ საქართველოს კანონმდებლობა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, 18 წლამდე ქორწინებას კრძალავს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საქორწინო კაბების მწარმოებელმა “მარიონელამ” საკუთარ მაღაზიას 18+ დააწერა, რითიც საჯაროდ გამოხატა თავისი პოზიცია და მკაფიო ნაბიჯი გადადგა ადრეულ ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის წინააღმდეგ.
“მიხარია, როცა ვხედავ, რომ ამ კამპანიის მთავარ მესიჯს სულ უფრო მეტი და მეტი ბიზნესი იზიარებს. როცა ბიზნესები მაგალითს აძლევენ ერთმანეთს, ცვლილება უფრო სწრაფად მოდის” - ამბობს კონტენტ კრეატორი ელენე რუხაზე (ელენიკო ფოქსი) და დასძენს, რომ ეს ნიშნავს “მეტ გოგოს, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია იოცნებოს, ისწავლოს და თავად აირჩიოს საკუთარი გზა”.
იმისათვის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიაზროს თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკას მოზარდი გოგოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, UNFPA-იმ, ელენიკოსთან ერთად საინტერესო ექსპერიმენტიც ჩაატარა:
მოზარდებსა და ზრდასრულებს ერთი და იგივე ფოტოები ვაჩვენეთ, რომ გაგვეგო, როგორ განსხვავდება მათი აღქმები ერთმანეთისგან.
ამ ექსპერიმენტის მონაწილეა მეან-გინეკოლოგი/რეპროდუქტოლოგი მაია ჯანელიძე.
“სრულიად დაუშვებელია, როდესაც თვითონ ბავშვი აპირებს ბავშვის გაჩენას და მის გაზრდას. “არც ანატომიურად და არც ფიზიოლოგიურად ის მზად არ არის. ირღვევა ყველანაირი ჰარმონია გოგოს ცხოვრებაში” - ამბობს ის.
მსახიობი და UNFPA-ის მეგობარი კახა კინწურაშვილიც აღნიშნავს, რომ ოჯახის შექმნა “ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა” რასაც განათლება და გამოცდილება სჭირდება:
“ყველაფერს, ამ კუთხით, თავისი დრო აქვს”.

ადრეულ ასაკში დაოჯახება, უმეტეს შემთხვევაში, გოგოებისთვის სკოლის მიტოვებას და ფორმალური განათლების დასრულებას ნიშნავს. განათლების გარეშე კი ისინი კარგავენ ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
იმისათვის, რომ გოგოებმა შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება, აუცილებელია მივცეთ მათ დრო საკუთარი მომავლის შესაქმნელად. ოჯახის შექმნა ფსიქოლოგიურ სიმწიფეს მოითხოვს, ხოლო მოზარდობის ასაკში ზრდასრულთა პასუხისმგებლობების აღება დამანგრევლად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.
ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგოები გაცილებით ხშირად ხდებიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. ეკონომიკური დამოკიდებულება, ასაკობრივი სხვაობა და ცხოვრებისეული გამოცდილების ნაკლებობა მათ დაუცველს ტოვებს ძალადობის წინაშე.
ყოველი მორიგი ასეთი შემთხვევა გოგოებისთვის საკუთარი თავის აღმოჩენის, პროფესიის არჩევისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობის წართმევას ნიშნავს. UNFPA-ში კი გვჯერა, რომ ბავშვები იმსახურებენ ღირსეულ მომავალს.

თუ შენც გჯერა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს - შემოუერთდი ამ კამპანიას.