მომხიბვლელი და ცნობისმოყვარე ენოტები, რომლებიც სულ უფრო მეტად ეჩვევიან ადამიანების გვერდით, ქალაქებსა და ფერმებში ცხოვრებას, მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს ყოვლისმჭამელი ცხოველები ახალი, სახიფათო ბაქტერიის, Escherichia albertii-ს გადამტანები არიან. ეს პათოგენი ადამიანებში მწვავე კვებითი მოწამვლისა და მასშტაბური აფეთქებების მიზეზი უკვე გახდა.
იაპონიაში, ოსაკას პრეფექტურაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ შოკისმომგვრელი შედეგები აჩვენა: გამოკვლეული მდინარეების წყლის ნიმუშების 77%-ში აღნიშნული საშიში ბაქტერია აღმოჩნდა.
რაც ყველაზე საგულისხმოა, ბაქტერია მდინარეების ზემო წელში, დასახლებული პუნქტებიდან და პარკებიდან შორსაც დაფიქსირდა. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ წყლის დაბინძურებაზე პასუხისმგებელი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ გარეული ცხოველები არიან. პათოგენის აქტივობა განსაკუთრებით გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულსა და შემოდგომაზე იმატებს.
კვლევის მომდევნო ეტაპზე მეცნიერებმა უშუალოდ 122 გარეული ენოტი შეამოწმეს. შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა – მათი 56% ბაქტერიის მატარებელია.
გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ცხოველებში ნაპოვნი შტამები ზუსტად ემთხვევა მდინარეებში აღმოჩენილ და, რაც მთავარია, ავადმყოფ ადამიანებში დაფიქსირებულ ნიმუშებს. ეს ნიშნავს, რომ ინფექციამ უკვე მყარად მოიკიდა ფეხი ადგილობრივ ეკოსისტემაში.
ეს ვერაგი ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს: ძლიერ დიარეას და პირღებინებას. ხშირ შემთხვევაში კი საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას.
ვეტერინარი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ ბაქტერია დიდი ხნით გადარჩება ბუნებასა და წყალში, მოსახლეობის ხელახალი და მასობრივი დაინფიცირების რისკი საგრძნობლად გაიზრდება, მომავალი აფეთქებების ლოკალიზება კი გაცილებით რთული იქნება.