ავტორი:

სასტიკი მკვლელობა გერმანიაში: ტბასთან ახლოს 7 თვის ორსული ქალის ცხედარი იპოვეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედამთილი და ქმარი რუსეთში გაიქცნენ

სასტიკი მკვლელობა გერმანიაში: ტბასთან ახლოს 7 თვის ორსული ქალის ცხედარი იპოვეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედამთილი და ქმარი რუსეთში გაიქცნენ

გერმანიის ქალაქ ბენსჰაიმთან, ტბის პირას, პლასტიკურ პაკეტში გახვეული ყოფილი ყაზახი მოსამართლის, 40 წლის აიგულ საილიბაევას ცხედარი აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა როგორც გერმანიაში, ასევე ყაზახეთშიც. მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მისი დედამთილია, საქმეში ფიგურირებს მისი მეუღლე - ალექსანდრე დონცოვიც, რომელიც რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (ВШЭ) ლექტორია.

დედა-შვილი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს.

  • შემზარავი დანაშაულის ქრონიკა

ტრაგედია 2024 წლის ივნისში მოხდა. აიგულ საილიბაევა 3 ივნისს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, რის შემდეგაც ხაზზე არ გამოდიოდა. შვილიშვილი საბავშვო ბაღიდან მისმა დედამთილმა, რუსმა ნატალია დონცოვამ გამოიყვანა.

13 დღის შემდეგ, 16 ივნისს, ქალის ცხედარი ბენსჰაიმთან მდებარე ტბასთან იპოვეს. მას მთელ სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აიგული მკვლელობის მომენტში 24 კვირის ორსული იყო - ის მეშვიდე თვეში იმყოფებოდა. მისი ცხედარი პლასტიკურ პაკეტში იყო გახვეული და ზემოდან დაფარებული ჰქონდა ჩემოდანი, რომლითაც ის ყაზახეთიდან ჩამოვიდა.

“მკვლელობის დროს აიგული 24 კვირის ორსული იყო, თითქმის შვიდი თვის. აიგულის ქმარი ალექსანდრე დონცოვი არ გამოხატავდა არანაირ შეშფოთება მისი გაუჩინარების გამო. არ უცდია მისი მოძებნა, არც პოლიციას დაუკავშირდა. [...] აიგულის გაუჩინარების შესახებ განცხადება მისმა ძმამ (ყაზახეთის) საკონსულოს მეშვეობით შეიტანა“, - განაცხადა ჟანა ურაზბახოვამ, საილიბაევების ოჯახის ადვოკატმა.

მოკლული ქალის დედამთილმა, ნატალია დონცოვამ, ქალის გაუჩინარების მეორე დღეს დატოვა გერმანია. მისი ადვოკატის თქმით, ის რუსეთში 4 ივნისის ღამეს გაფრინდა. გერმანიის სასამართლომ მისი დაპატიმრება ბრძანა. რუსი ქალის დაპატიმრების ორდერი ძალაშია გერმანიასა და მთელ ევროკავშირში.

განათლებით იურისტი აიგულ საილიბაევა ალმატიში დაიბადა და გაიზარდა. გერმანიაში, ქმართან ერთად გადასვლამდე, მას წარმატებული კარიერა ჰქონდა - 2017 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, ასტანაში მოსამართლედ მუშაობდა.

დანიშვნამდე, საილიბაევა რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

საილიბაევამ მოსამართლის თანამდებობა 2019 წელს დატოვა, იმავე წელს, როდესაც დონცოვზე იქორწინა. მისმა მეგობარმა “ხოლოდს“ განუცხადა, რომ ყაზახი ქალი დონცოვს 2015 წლის გაზაფხულზე, ინგლისში სწავლის დროს შეხვდა. ის დიდ ბრიტანეთში, შეფილდის უნივერსიტეტში მაგისტრატურაში სწავლობდა.

  • განსაკუთრებული სისასტიკე და კვალის დაფარვა

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აიგული განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. სიკვდილის მიზეზი გახდა “ეტაპობრივი სისხლის დაკარგვა“. მის სხეულზე, სახესა და კისერზე მრავალრიცხოვანი ჭრილობები აღმოაჩინეს.

მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა კვალის დაფარვა სცადეს: მსხვერპლს ტანსაცმელი გამოუცვალეს - ახალ სამოსზე დაზიანებები ჭრილობებს არ შეესაბამებოდა და ის სისხლით გაჟღენთილი არ იყო. პოლიციამ სისხლის კვალი ოჯახის ბინასა და სარდაფშიც იპოვა, რომელიც გადარეცხილი იყო.

  • ეჭვმიტანილები: დედამთილი და მეუღლე

მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი 49 წლის ნატალია დონცოვაა (მსხვერპლის დედამთილი). ის ყოფილი გამომძიებელი და ნოტარიუსია. მკვლელობის შემდეგ მან გერმანია დატოვა და რუსეთში გაიქცა. გერმანიის სასამართლომ მასზე დაპატიმრების დაუსწრებელი ორდერი გასცა, რომელიც მთელ ევროკავშირში მოქმედებს.

საქმეში ფიგურირებს მეუღლეც - ალექსანდრე დონცოვი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის გამოძიებამ ის მკვლელობასთან უშუალოდ დაკავშირებულად არ მიიჩნია, ყაზახეთმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე “წამების“ მუხლით აღძრა.

საგულისხმოა, რომ 4 ივნისს ალექსანდრე ტელეფონში მკვლელობისა და დანაშაულის დაფარვის შესახებ მუხლებს ეძებდა, ხოლო 16 ივნისს მისი ტელეფონი სწორედ იმ ტბასთან დაფიქსირდა, სადაც ცხედარი იპოვეს.

  • სისტემატური ოჯახური ძალადობა

აიგულის ახლობლები და მეგობრები ჰყვებიან, რომ ის ქმრისა და დედამთილის მხრიდან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო. მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ საკუთარ დაბადების დღეზეც კი. მეუღლე მას შვილის ჩამორთმევითა და დეპორტაციით ემუქრებოდა.

კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ აიგულისგან მალულად შვილისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაფორმება სცადა.

  • დღევანდელი მდგომარეობა: გამოძიება გრძელდება

ამჟამად ალექსანდრე დონცოვი მოსკოვში ცხოვრობს და ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში (ВШЭ) მუშაობს. ის ბრალდებებს უარყოფს და თავს მსხვერპლად მიიჩნევს. მისი დედა, ნატალია, ასევე რუსეთშია და გვარი შეიცვალა (ახლა ვასილენკოა).

ყაზახეთმა რუსეთს ალექსანდრეს ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის ივნისისთვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება და ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული.

წყარო