სილქნეტი და სილქ ჰოსფითალითი განაგრძობენ ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას და ამჯერად, სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრებს წარადგენენ.
კომპანია სილქნეტის ახალი სივრცე “Network Lounge” სხვადასხვა ღონისძიებას რამოდენიმე თვეა მასპინძლობს. ტექსტილი, როგორც დამოუკიდებელი მხატვრული მედიუმი, პირველად წარსდგა ამ სივრცეში. პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექსტილის ურთიერთმიმართებას ტრადიციულ რეწვასთან, მატერიალურ კულტურასა და თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასთან. ასევე, განხილული იყო ავტორის შემოქმედება, რომლის მრავალწლიანი პრაქტიკა ტექსტილის ისტორიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე სახელოვნებო მიდგომებს შორის დიალოგს ეფუძნება.
სილქნეტისა და სილქ ჰოსფითალითის თანამშრომლობით, არაერთი გამოფენა გამართულა თბილისსა და წინანდალში. მათ შორის, ლევან ჭოღოშვილის, ზურა აფხაზის, თუთუ კილაძის, ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრებს დაეთმო სილქ ჰოსპიტალიტის სივრცეები. ასევე სილქნეტის მხარდაჭერით, წინანდალში აბსტრაქციონისტი ფერმწერის ჯიბსონ ხუნდაძის, გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის, ავანგარდი სცენოგრაფის ირაკლი გამრეკელის, ფერმწერის ნათელა იანქოშვილის და ემიგრანტი მხატვრის ფელიქს ვარლას გამოფენები გაიმართა. საგამოფენო სივრცე გვირაბში კი თანამედროვე არტისტის ლია ბაგრატიონის ინსტალაციები იყო წარმოდგენილი.
ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების გამოფენა ივლისის ბოლომდე დარჩება “ტელეგრაფის” Network Lounge-ს სივრცეში.
R