ავტორი:

ირაკლი ფირცხალავას ახალი სიმღერა ოკუპანტ "დედა რუსეთზე" - "მომინდა ადამიანებისთვის მიმენიჭებინა იმედი... ჩვენი საქმე მართალია და გამარჯვება ჩვენი იქნება"

ირაკლი ფირცხალავას ახალი სიმღერა ოკუპანტ "დედა რუსეთზე" - "მომინდა ადამიანებისთვის მიმენიჭებინა იმედი... ჩვენი საქმე მართალია და გამარჯვება ჩვენი იქნება"

ვიდრე საქართველო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მცოცავ ანექსიასა და ყოველდღიურ ტკივილს ებრძვის, მოსკოვში მცხოვრებმა, ქართული წარმოშობის მომღერალმა, ირაკლი ფირცხალავამ, 12 ივნისს, "რუსეთის დღეს“, ახალი პატრიოტული ჰიტი გამოუშვა სახელწოდებით - "მატუშკა-რასია“ ("დედა რუსეთი"). თავად არტისტი რუსულ მედიასთან სრულიად სერიოზულად აცხადებს, რომ ამ რთულ დროში ხალხისთვის "იმედის მიცემა“ სურდა.

  • გთავაზობთ ამონარიდს რუსულ მედიაში მიცემული ინტერვიუდან:

- თქვენ დაიბადეთ მოსკოვში, ქართული ფესვების მქონე ოჯახში. როგორ განსაზღვრავთ თქვენთვის სამშობლოს სიყვარულის ცნებას დღეს, განსაკუთრებით სიმღერის "მატუშკა-რასია“ კონტექსტში?

- ნებისმიერ ფაქტს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. რა თქმა უნდა, კარგის მომტანია, როცა ბავშვობიდან ბილინგვი ხარ, ორ ენაზე საუბრობ და ფიქრობ. მაგრამ ამას გარკვეული გამოცდებიც ახლავს. საბჭოთა პერიოდშიც კი წავაწყდი ნაციონალიზმს: საქართველოში "მოსკოველს“ მეძახდნენ და ვჩხუბობდი კიდეც ამის გამო, ხოლო აქ (რუსეთში) - "ქართველს“.

"მატუშკა-რასია“ ჩემთვის ბავშვობის ზღაპრებიდან კვლავ დედა რუსეთად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში დავიბადე, ქვეყანა დიდი იყო. ახლა გასტროლებზე დავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში, ყველგან უთბილესი ადამიანები მხვდებიან. ჩვენ ყოველთვის ერთი დიდი ოჯახი, ერთი დიდი ქვეყანა ვიყავით. ყველაფერი რაღაცნაირად ადამიანური იყო და დღევანდელი ახალგაზრდობა ამას უკვე ვეღარ შეიცნობს.

შეეძლო ადამიანს დილით ამდგარიყო, სადმე გადაფრენილიყო და იქ მას, როგორც შინაურს, ისე ხვდებოდნენ. ჩვენ ყველა რესპუბლიკაში ვმოგზაურობდით გასტროლებით და არანაირი სიძულვილი და მტრობა არ არსებობდა. პატივს მიაგებდნენ ჩვენს წინაპრებს - დიდ სამამულო ომში გამარჯვებულებს.

ახლა კი ვიღაცები ამაზე უარს ამბობენ. აუცილებელია წინაპრების პატივისცემა, თორემ ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. ამას ჩვენ უკვე ვხედავთ. ჩემი სიმღერა "საქართველო“ ჯერ კიდევ 2007 ან 2009 წელს დაიწერა, აღარ მახსოვს და ჰიტი 2016 წელს გახდა.

მიხარია, რომ რუსეთში უყვართ ეს ქართული სიმღერა, ხშირად მთხოვენ ხოლმე კონცერტებზე მის შესრულებას. "მატუშკა-რასია" ჩემთვის ის დედა რუსეთია - ისეთივე მშობლიური, ისეთივე საყვარელი. თვალებს ვხუჭავ და მაშინვე მახსენდება ჩემი გზა კალუგის ოლქისკენ: იქ ყველაფერი სიმწვანეშია, ბედნიერებაა. სხვაგვარად როგორ შეიძლება მოეპყრო ჩვენს დიდ სამშობლოს?

მე ასე გამზარდეს: თუ მეგობარი გასაჭირშია, მას არასოდეს უნდა შეაქციო ზურგი. იცით, ამ რთულ დროში მომინდა ადამიანებისთვის მიმენიჭებინა იმედი, დღესასწაული და რწმენა იმისა, რომ როგორც დიდ სამამულო ომში ამბობდნენ, ჩვენი საქმე მართალია და გამარჯვება ჩვენი იქნება.

დიახ, დრო რთულია, მაგრამ არსებობს იმედი და რწმენა იმისა, რომ უფალი ყველაფერს საუკეთესოდ მოაწესრიგებს. მსურდა გამემხნევებინა ყველა ჩვენი ბიჭი, რომელთაც სწორი აზრები და სულიერი ღირებულებები აქვთ, და რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა. მტერს სურს ისარგებლოს მრავალეროვნულობით, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, როგორც სიმღერაში "მატუშკა-რასიას“ ვმღერით.