საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში 8 პირი მისცა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.
საქმე ეხება სს "საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს.
დავით ფერაძე რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტს 2017 წლის 22 ნოემბრიდან იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა მამუკა ბახტაძე, რომელიც იმავე წლის 13 ნოემბერს ფინანსთა მინისტრად, მალევე კი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ის 2004 წლიდან 2007 წლამდე "საქართველოს რკინიგზაში" სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა.
ფერაძე ცნობილი იყო "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირებით.
2007-2011 წლებში ფერაძეს ივანიშვილის "ქართუ ჯგუფში“ რამდენიმე თანამდებობა ეკავა. მოგვიანებით, 2014 წლიდან 2017 წლამდე, იგი ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მიერ მხარდაჭერილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის, შპს "მტკვარი ჰესის“ დირექტორი იყო.
"მტკვარი ჰესი“ ერთ-ერთი ის პროექტია, რომელთან დაკავშირებითაც, "კრიპტოვალუტების საქმის“ გარდა, პროკურატურას ბრალი ჰქონდა წაყენებული გიორგი ბაჩიაშვილისათვის.
საინტერესოა, რომ მისი საქმიანობა ნეპოტიზმის ბრალდებების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის 2017-2018 წლებში მისი ახლო მეგობრის, მამუკა მერკვილაძის დირექტორის მოადგილედ და შემდგომში "GR Logistics & Terminals“-ის დირექტორად დანიშვნის გამო. ადგილობრივი ანტიკორუფციული ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ მთავრობას, გამოეძიებინა ეს ნეპოტიზმის საქმე, თუმცა უშედეგოდ.
ფერაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი, ასევე მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.
ჰყავს მეუღლე თამარ კახაია და ორი შვილი.
დავით ფერაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის 31 იანვარს აქვს ჩააბარა, რომლის თანახმადაც, ის ფლობს 6 მიწის ნაკვეთს თბილისსა და მარნეულში. არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომელიც 2010 წელს 10 000 დოლარად შეიძინა. 2008 წელს 28 000 დოლარად ნაყიდ ბინას თბილისში. მისი მეუღლე თამარ კახაია კი ფლობს 2 მიწის ნაკვეთს თბილისში. მისივე სახელზე ასევე ფიქსირდება 2025 წლიანი TOYOTA RAV$, რომელიც 100 255 ლარადაა შეძენილი.
დავით ფერაძე ფლობს სხვადასხვა კომპანიების აქციებს. მათ შორის 2025 წელს შეიძინა Galt & Taggart-ის 31 აქცია.
დოკუმენტში ასევე ასახულია მისი მეუღლის თამარ კახაიას მიერ შპს ზიპლაინ კაუკასუს საქართველოს 40%-იანი წილის ფლობასთან დაკავშირებით 2025 წელს მიღებული შემოსავალი 55 346 ლარი.
ფერაძემ გასულ წელს (იანვრიდან-მაისამდე) რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტზე 60 163 ლარი მიიღო, ამავე პერიოდში შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინის და შპს ჯიარ ტრანზიტის გენერალური დირექტორის პოზიციაზე კი 14 137 ლარი და 14 814 ლარი. ივნისიდან დეკემბრამდე შპს სინათლის ბიზნეს განვითარების კონსულტანტის პოზიციაზე მიიღო 123 061 ლარი. დეკლარაციაში უთითებდა, რომ შევსების მომენტშიც ამ პოზიციას იკავებდა.
ფერაძე სხვადასხვა ბანკში ფლობდა ანგარიშებს. მათ შორის საბარათე ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 10 256 ლარს.
2025 წელს ფერაძემ ორი სესხის მომსახურებაზე დახარჯა 28 000 დოლარი, ხოლო ავტომობილის შეძენაზე (ტოიოტა ქამრი) 89 500 ლარი.
ფერაძის მეუღლემ, თამარი კახაიამ 2025 წელს ორი შვილის სწავლის საფასურის სახით დახარჯა 10 381 ლარი, დავით ფერაძეს 4056 დოლარს მოგზაურობის ხარჯის სახით მითითებული აქვს, ასევე 7740 ლარს დაზღვევის ხარჯი, ასევე 5010 ლარი, რომელიც აქციების შეძენაზე დახარჯა.
საინტერესოა, რომ ფერაძის მიერ დეკლარაციაში ქონების არასრულად ასახვაზე გასულ წლებში სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები მომზადდა.
იხილეთ ასევე: