ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) აშშ-ის გულში, თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე დაგეგმილი კატასტროფული ტერორისტული აქტი ბოლო წამს აღკვეთა. თავდასხმის სამიზნე კვირას გამართული „UFC Freedom 250“ ტურნირი იყო (ავტ: სწორედ ამ დღეს ოქტაგონზე იბრძოდა ილია თოფურია). სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ხუთი ეჭვმიტანილი, თუმცა გამოძიება გრძელდება და მასშტაბები კიდევ უფრო იზრდება.
დაუნდობელი გეგმა: დრონები, სნაიპერები და მეორე ტალღა
ოფიციალური პირების განცხადებით, ტერორისტებს მრავალეტაპიანი და საზარელი სცენარი ჰქონდათ შემუშავებული.
პირველი ეტაპი: ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) თეთრი სახლის მიმდებარე შენობებს უნდა დასჯახებოდნენ.
მეორე ეტაპი: აფეთქებებს პანიკა უნდა გამოეწვია. შეშინებული და გაქცეული ხალხის მასას კი წინასწარ პოზიციებზე განლაგებული სნაიპერების გუნდი დახვდებოდა, რომელთაც ხალხის მასობრივი განადგურება ჰქონდათ დავალებული.
მესამე ეტაპი: სანამ ტერიტორიაზე ქაოსი იქნებოდა, თავდამსხმელთა „მეორე ტალღა“ თეთრი სახლის ჭიშკრის შტურმით აღებას და შიგნით შეჭრას გეგმავდა.
ოპერაციის კულუარები: ყველაფერი ოჯახის წევრის ზარით დაიწყო

სასიკვდილო შეთქმულების შესახებ 10 ივნისს გახდა ცნობილი, როდესაც სამართალდამცავებს ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ნათესავი დაუკავშირდა. შეშფოთებულმა ოჯახის წევრმა განაცხადა, რომ მისი ახლობელი ვაშინგტონში რაღაც ძალიან საეჭვო და საშიშს გეგმავდა.
ამ ოპერატიულმა ინფორმაციამ FBI ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატიში მიიყვანა, სადაც პირველი ეჭვმიტანილი დააკავეს. მისი „iPhone“-ის შემოწმებისას გამომძიებლებმა დაშიფრულ ჩატში (Signal) აღმოაჩინეს ფარული ქსელი, რომელშიც ტერაქტის დეტალებს კიდევ 23 მომხმარებელი განიხილავდა. 12 და 13 ივნისს დაჯგუფების რამდენიმე წევრი ფრედერიკსბურგში (ვირჯინია) ჩავიდა, რათა თავდასხმისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებინა, თუმცა სამართალდამცავებმა ისინი დროულად აიყვანეს.
ვინ იყვნენ სამიზნეები?
დაკითხვაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი იყო დარტყმა მიეყენებინათ „კაპიტალისტი ელიტისთვის“, „მილიარდერებისთვის“ და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დაფინანსებას ამერიკულ-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტისგან (AIPAC) იღებდნენ.
ბედის ირონიით, ეს გრანდიოზული სპორტული შოუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მე-80 დაბადების დღეს და აშშ-ის 250 წლის იუბილეს დაემთხვა. თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გამართულ ღონისძიებას, სადაც პრეზიდენტი ტრამპი პირველ რიგში იჯდა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითთან ერთად, 4300-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის 1200 მოქმედი სამხედრო პირი.

საინტერესოა, რომ თავად პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე იმყოფება, თავდასხმის აღკვეთის შესახებ მხოლოდ ჟურნალისტებისგან შეიტყო: „ამაზე არაფერი მსმენია, არა... მაგრამ მე თვალს ვადევნებდი ბრძოლებს და ერთადერთი თავდასხმა, რაც ვნახე, რინგზე მებრძოლებისგან იყო“, - იხუმრა ტრამპმა.
უსაფრთხოების კრიზისი ვაშინგტონში
"FBI-ის, ჩვენი პარტნიორებისა და იუსტიციის დეპარტამენტის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის წყალობით, ეს მრავალ შტატიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა და დაგეგმილი თავდასხმები ძირშივე აღიკვეთა,“ - განაცხადა FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა. საიდუმლო სამსახურის (Secret Service) დირექტორმა, შონ კარანმა კი აღნიშნა, რომ საქმის დეტალები მალე სასამართლო დოკუმენტებით გახდება საჯარო.

ეს შემთხვევა ვაშინგტონში ბოლო დროს მომხდარი უსაფრთხოების კრიზისების სერიის გაგრძელებაა: სულ რაღაც გასული თვის ბოლოს სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან უცნობი შეიარაღებული პირი მოკლეს, რომელმაც საკონტროლო პუნქტთან ცეცხლი გახსნა, ხოლო 27 აპრილს სროლა მოხდა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშმის პარალელურად.
ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურ ნიშნულამდეა გაზრდილი, გამოძიება კი Signal-ის ჩატის დანარჩენი წევრების გამოსავლენად გრძელდება.
წაიკითხეთ ასევე: