პოლიციის წარმომადგენლებმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან კავშირების მქონე მილიონერი ბანკირი დააკავეს. სამართალდამცველების მტკიცებით ეს ლონდონში მორბენალი ცნობილი "Putney Pusher"-ია, რომელმაც ქალს მოძრავი ავტობუსის წინ ხელი ჰკრა და ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს ყველაფერი ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

ვირუსულად გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ჰკრა ხელი მორბენალმა მის გვერდით მიმავალ ფეხით მოსიარულეს და გზის სავალ ნაწილზე გადააგდო. საბედნიეროდ ავტობუსის მძღოლმა საჭის დროულად გვერდზე აღება მოახერხა და ავტომობილი წაქცეულ ქალს სასწაულებრივად აარიდა.
თხუთმეტი წუთის შემდეგ, მამაკაცმა უკვე ხიდზე საპირისპირო მიმართულებით გადაირბინა. დაზარალებულმა, რომელსაც იმ მომენტში ჯერ კიდევ ეხმარებოდნენ, მას მიმართა, თუმცა მამაკაცმა ქალს ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო. 33 წლის მსხვერპლმა ინციდენტის დროს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.


“Daily Mail“ -ის ცნობით, ეჭვმიტანილი ორშაბათს, დასავლეთ ლონდონში მდებარე საკუთარ 1.8 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში დააკავეს. ეს თითქმის ათი წლის შემდეგ მოხდა იმ შემზარავი შემთხვევიდან, რომელიც 2017 წელს ლონდონის “პატნის ხიდზე“ (Putney Bridge) სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
გამოცემა ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასახელებს, ის 44 წლის ბრიტანეთის არმიის ვეტერანია, რომელსაც სახელმწიფო ჯილდოები აქვს მიღებული და რამდენიმე მსხვილ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდა.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მან წარმატებული კარიერა შექმნა საბანკო სფეროში და არაერთ მდიდარ კლიენტს უწევდა კონსულტაციას. "Daily Mail" -ის ცნობით მამაკაცს ევროპის რამდენიმე სამეფო დინასტიასთან, მათ შორის ბრიტანეთის მმართველ უინძორების სახლთან ნათესაური კავშირები გააჩნია.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ დაადასტურა დაკავების ფაქტი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "გამოძიება გრძელდება“.