სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირის, ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილისგანცხადებით, ანზორ ჯამალაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, ჯამალაშვილისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რას ედავება გამოძიება.
“შევხვდი დაკავებულს. მისი პოზიცია იგივეა, რაც ერთი თვის წინ, როდესაც ის გამოკითხეს მოწმის სტატუსით: “ჩემი კუთვნილი ტრაილერებით, რომლებსაც ვაქირავებდი და რომლითაც გადაჰქონდათ ჯართი სხვადასხვა ლოკაციაზე - თუ ამისთვის უნდა ვაგო პასუხი, ამაში კრიმინალს ვერფერს ვხედავო. როგორც ვიცი, ასეულობით ლოკაციაა, სადაც ჯართს ასაწყობებდა რკინიგზის ხელმძღვანელობა თუ თანამშრომლები და ვერცერთ ადგილს ვერ ნახავენ, სადაც მე პირადად ვყოფილიყავი“. მისთვის გაუგებარია რაში ედება ბრალი. ეჩქარება, რომ ბრალი დროულად წარუდგინონ და მტკიცებულებები გადასცენ თუ რა მიაჩნია პროკურატურას მის მიმართ ბრალის საფუძველი.
თავს დამნაშავედ არ თვლის. ამბობს, რომ შეძენაზე, გაქირავებაზე, ჩაბარებაზე გამაჩნია შესაბამისი დოკუმენტაციაო.
ხელმძღვანელ პირებთან არა თუ კომუნიკაცია არ მქონიაო, არამედ ნაცნობობაცო”,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.
დავით ფერაძე შემოდგომაზე, სს "საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.
წაიკითხეთ ასევე: