ცნობილმა ტელეწამყვანმა ჯერემი კლარკსონმა Amazon Prime Video-ს შოუს გადაცემა “კლარკსონის ფერმის“ (Clarkson's Farm) ახალ ეპიზოდებში მისი მძიმე დიაგნოზის შესახებ ისაუბრა.
ეპიზოდების გამოსვლამდე კლარკსონმა “ინსტაგრამზე“ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამ კადრების ყურება “ძალიან, ძალიან რთულია“. კადრებში ჩანს ემოციური, 66 წლის კლარკსონი, რომელიც ამ მძიმე ამბავს თავის შოკირებულ კოლეგებს - ჩარლისა და კალებ კუპერს ატყობინებს.


სცენაში, როდესაც ტრიო მომავალი მოსავლის გეგმებზე საუბრობს, ტელეწამყვანი მოულოდნელ ამბავს აჟღერებს. კლარკსონი სავარძელში იხრება და ემოციების შეკავების მცდელობისას, თანაწამყვანებს ეუბნება: “მე კიბო მაქვს“.
გაოგნებული კალები პასუხობს: “არა, არ გაქვს. სად?“, რაზეც კლარკსონი პასუხობს: “სად არის, ეს არავის საქმე არ არის. მაისის შემდეგ ვიცი“.
როგორც გამოცემა “The Sun“ იუწყება, საუბარია პროსტატის კიბოზე. მოგვიანებით შოუში წამყვანი ამბობს, რომ მას “აგრესიული“ ფორმის დიაგნოზი დაუსვეს.

“მაისში სამედიცინო შემოწმება გავიარე, ხომ გახსოვთ. წინა კვირას კი ბიოფსია გავიკეთე და ეს არის კიბო, თანაც აგრესიული. თუმცა, ის ძალიან ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ მკურნალობა იქნება... ვლოცულობდი, რომ მოსავლის აღება მოგვესწრო და მერე წავსულიყავი სამკურნალოდ, მაგრამ ეს პროცესი ზუსტად შუა პერიოდს დაემთხვა,“ - აცხადებს კლარკსონი შოუში.
კლარკსონი ასევე აღნიშნავს, რომ მას ოპერაცია სჭირდება და ამის გამო მისი “სხეული გარკვეული დროით მწყობრიდან გამოვა“.

ერთ-ერთ ეპიზოდში კლარკსონი საწოლში წევს და აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წასულა:

მისთის ბოლო რამდენიმე წელი მძიმე გამოდგა. 2024 წელს ჯერემი კლარკსონი საავადმყოფოში გულმკერდის არეში მწვავე ტკივილების გამო გადაიყვანეს. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი ერთ-ერთი არტერია “სრულიად ბლოკირებული“ იყო, რის გამოც წამყვანმა მოგვიანებით თქვა, რომ “სიკვდილს რამდენიმე დღით გადაურჩა“. ქირურგებმა პრობლემა სტენტის ჩადგმით მოაგვარეს.
“კლარკსონის ფერმის“ მეექვსე სეზონის გადაღებები მის გამოჯანმრთელებამდე დროებით შეჩერდება. შოუ “კლარკსონის ფერმა“ 2021 წლიდან Amazon Prime-ზე გადის და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მეხუთე სეზონის გადაღებები კი 2026 წლის თებერვალში დასრულდა.