ჩრდილო ატლანტის ოკეანეში, გრენლანდიისა და ისლანდიის სამხრეთით, მეცნიერებმა უცნაური და საგანგაშო ტენდენცია დააფიქსირეს - მაშინ როცა მსოფლიო ოკეანეების დიდი ნაწილი თბება, ამ კონკრეტულ რეგიონში წყალი პირიქით, ნელ-ნელა ცივდება.
ახალი კვლევის მიხედვით, ე.წ. ცივი ლაქა უკვე ათწლეულებია არსებობს და 1900 წლიდან დღემდე ამ ზონაში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 1°C-ით (1.8°F) არის შემცირებული. მეცნიერები ამას კლიმატური სისტემის შესაძლო სერიოზულ დარღვევად აფასებენ.

მეცნიერები ამ ანომალიას ატლანტიკური მერიდიანული ცირკულაციის (AMOC) შესუსტებას უკავშირებენ - ოკეანურ სისტემას, რომელსაც ტროპიკებიდან ჩრდილოეთ ატლანტიკისკენ თბილი წყალი გადააქვს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის კლიმატის რეგულირებაში.
კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ოკეანის მიერ სითბოს შთანთქმისა და გადატანის დინამიკა შეიცვალა, რის შედეგადაც აღნიშნულ რეგიონში ტემპერატურა იკლებს.
კვლევის ავტორები ასევე არ გამორიცხავენ უფრო მძიმე სცენარს - სისტემის კოლაფსის შემთხვევაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას.

ამასთან, შესაძლო შედეგებად სახელდება სამხრეთ ევროპაში გვალვების გაძლიერება და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებზე ზღვის დონის მატება.
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორმა სტეფან რამსტორფმა განაცხადა, რომ არსებული მონაცემები მკაფიოდ მიუთითებს AMOC-ის გავლენაზე და მის შესუსტებაზე.
სხვა მეცნიერების შეფასებით, ამ ჰიპოთეზას დამატებითი მტკიცებულებები უკვე წარსული კვლევებიც ამყარებს. მეცნიერების თქმით, AMOC-ის შესუსტება სერიოზულ კლიმატურ რისკებს ქმნის და მისი განვითარება მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს.