დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი და რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ გველმა უკბინა.
„არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი; არ დაადოთ ლახტი ან ყინული; არ დაამუშაოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით; არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი.
პირველადი დახმარება: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112); დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე; მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა; უზრუნველყავით სითხის მიღება; კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე. ასევე, სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა.
მნიშვნელოვანია თუ გველი მოკალით, რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა. ტრანსპორტირებისას მოათავსეთ მყარ ყუთში და ხელით არ შეეხოთ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება პრევენციას, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გველების სავარაუდო არეალში უნდა ჩაიცვათ გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი
„გამოიყენეთ ჯოხი, სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე - ხმაურზე გველი თვითონ გაგეცლებათ.
იყავით ფრთხილა,დ ნუ შეეხებით მიწაზე უცნობ, „ჭრელ ჯოხებს“ ან საგნებს. ნუ გამოიწვევთ გველს პროვოცირებაზე. აქტიურობის სეზონი საქართველოში გველი აქტიურია აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე დღისით. გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას! (სადაც მკურნალობისთვის გამოიყენება სპეციალური ანტიტოქსიკური შრატები) - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრად უდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის.