ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, "ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი.
"ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებისა და ქართული საზოგადოების მკაფიო ნების უგულებელყოფას აჩვენებს;
[რეზოლუცია] შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარული ძალების მზარდი გავლენის შესახებ სანდო დასკვნების განხილვის ნაცვლად, გამოძიება დაიწყო მსგავსი დასკვნების ავტორების, მათ შორის ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევრის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროპარლამენტი "შეშფოთებას გამოხატავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების ჩართულობის გამო ისეთ სტრატეგიულ პროექტებში, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომლის განვითარებაც დასავლელ პარტნიორებთან ერთად დაიწყო და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადების გაძლიერებას რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან დამოუკიდებლად“.
ევროპარლამენტი "შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შუა დერეფნის წარმატება საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის დაცვასთან არის დაკავშირებული“.
ასევე, ევროპარლამენტი "მხედველობაში იღებს შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული დაკავშირებადობის პროექტების ინიციატივებს, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტებს, რომლებსაც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერება შეუძლიათ“.
"ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს სომხეთისთვის საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის უზრუნველყოფაში, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დაკავშირებადობას, ეკონომიკურ მდგრადობასა და სტაბილურობას“, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროპარლამენტი "აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო დისკურსის ფორმირებაში“.
"ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხებად გამოყენების შესახებ, რომელთა მიზანი პროევროპული კურსისა და დემოკრატიული მდგრადობის შერყევაა; აღნიშავს, რომ საქართველოში ზოგიერთმა სასულიერო პირმა წინააღმდეგობა გაუწია მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებას და პროტესტი გამოხატა, როგორც რუსული გავლენის, ისე "ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ასევე, ანგარიშში საუბარია საქართველოში "ირანის მზარდი გავლენის“ შესახებ.
"ევროპარლამენტი შეშფოთებით აღნიშნავს ირანის მზარდ გავლენას ქვეყანაში, მათ შორის, რელიგიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტების, ასევე, ახალგაზრდების მობილიზაციის გზით და ეკონომიკური სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც ირანს სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევენ. ასევე, შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოში ირანის რეჟიმთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტორების მზარდ გავლენას, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური სანქციების გვერდის ავლის, ფულის გათეთრებისა და ირანული საქონლის უკანონო ექსპორტისთვის, რომელსაც სარგებელი მოაქვს აქტორებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ირანის, ასევე "ქართული ოცნების“ რეჟიმებთან, კორუფციისა და მიკერძოებული სახელმწიფო ტენდერების გზით“, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას და "ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესს, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეინარჩუნოს მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ; კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ რუსულმა ძალებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ დატოვონ საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი; მოითხოვს მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების მიღებას ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ისეთი პრეცედენტების საფუძველზე, როგორსაც 2018 წლის "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ წარმოადგენს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
იხილეთ ასევე: