ავტორი:

რა შემთხვევაში შეიძლება გააუქმოს აშშ-მა ირანთან შეთანხმება?

რა შემთხვევაში შეიძლება გააუქმოს აშშ-მა ირანთან შეთანხმება?

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თქმით, “ირანთან შეთანხმების პირობების გადახედვა შესაძლებელია, თუკი სიტუაცია "სრულ კოლაფსამდე“ მივა“ . ვენსის ეს განცხადება მედიაში აშშ-ირანის სამშვიდობო ხელშეკრულების სავარაუდო სამუშაო ვერსიებს გაჟონვისა და ამაზე თეთრი სახლის კომენტარებს მოჰყვა.

16 ივნისს, მეგინ კელისთან ინტერვიუში, ვენსს კითხვა მედიაში გავრცელებული “ურთიერთგაგების მემორანდუმის” შესახებ დაუსვეს, რომელსაც კრიტიკოსები ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ მიკერძოებულ შეთანხმებად მიიჩნევენ. კონსერვატორმა კომენტატორმა ვიცე-პრეზიდენტს სთხოვა დაედასტურებინა, რომ ფართომასშტაბიანი უკმაყოფილების შემთხვევაში, შეთანხმების ანულირება შესაძლებელი იქნებოდა.

“ანუ, თუნდაც ხელი უკვე მოწერილი გქონდეთ, ეს არ არის ისეთი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. ეს დიპლომატიური შეთანხმებაა. თუ საზოგადოებაში მღელვარება დაიწყება და შეერთებულ შტატებში სრული პროტესტი აგორდება, გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, მისი გაუქმება ყოველთვის იქნება შესაძლებელი“, - დააზუსტა კელიმ, რაზეც ვენსმა უპასუხა:

“ზუსტად ასეა, მეგინ, კიდევ ერთხელ ვიტყვი: მე შემიძლია ეს შეთანხმება ორი ან სამი წინადადებით შევაჯამო, თუ ირანელები შეცვლიან თავიანთ ქცევას ბირთვულ იარაღთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ მსოფლიო ეკონომიკაში დავაბრუნებთ და თუ არ შეცვლიან, არც ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს. ყველაფერი რეალურად ასე მარტივია“.

ოთხშაბათს, საფრანგეთში გამართულ “დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე, რეპორტიორის კითხვის პასუხად პრეზიდენტმა ტრამპმა ვენსის მოსაზრება გაიმეორა და დაადასტურა რომ შეთანხმების დეტალები, შესაძლოა, შეიცვალოს.

“არა, ეს საბოლოო ვარიანტი არ არის. ეს ურთიერთგაგების მემორანდუმია და თუ ის არ მომეწონება, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ მათთვის ცეცხლის გახსნას და მათ თავზე ბომბების დაყრას. თუ ეს დოკუმენტი არ მომეწონება და ისინი ჭკვიანად არ მოიქცევიან, პირდაპირ დავუბრუნდებით მათთვის თავში ბომბების დაშენას“, - განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მემორანდუმის 14-პუნქტიანი სამუშაო ვერსია, რომელიც “CNN“ -მა, “Bloomberg“ -მა და სხვა მედიასაშუალებებმა მოიპოვეს, ავთენტურია.

აღნიშნული შეთანხმება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანისთვის სანქციების მოხსნას და მისთვის ნავთობის გაყიდვის უფლების მიცემასა ითვალისწინებს. დოკუმენტში ასევე საუბარია 300 მილიარდ დოლარიან განვითარების ფონდზე, რომლითაც ირანმა იმ შემთხვევაში შესაძლოა ისარგებლოს, თუ შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს შეასრულებს.

სამშაბათს, ისრაელის "მე-12 არხმა" ოდნავ განსხვავებული, 12-პუნქტიანი შეთანხმების დეტალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის არცერთი ვერსია არ მოიცავს კონკრეტულ პირობებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, გარდა იმ დაპირების გამეორებისა, რომ ქვეყანა არასოდეს შექმნის ან მოიპოვებს სხვა ბირთვულ იარაღს.

შეთანხმების სრული დეტალები პარასკევს, შვეიცარიაში, ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წყარო