წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის რამდენიმე ტერიტორიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა.
გამთენიას მოსკოვი და მოსკოვის ოლქი დრონების მასირებული თავდასხმის ქვეშ მოექცა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, განადგურებულია 137 დრონი. კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები სავაჭრო ცენტრ "სადოვოდის“ ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.
"საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ მასშტაბური თავდასხმის მოგერიებას. რამდენიმე დრონმა მოახერხა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნამდე მიღწევა“, -განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.
მისი ინფორმაციით, ხელისუფლება იღებს ზომებს დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი ქალი იმ დროს დაშავდა, როდესაც დრონის ნამსხვრევები ელექტროსტალში კერძო სახლის სახურავზე დაეცა.
მისივე თქმით, დრონი ასევე მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს ჟუკოვსკში. დაზიანდა კერძო სახლები ქალაქებში ჩეხოვსა და პავლოვსკი პოსადში, დრონების ფრაგმენტები კრიუკოვოს დასახლებაში რამდენიმე აგარაკის ტერიტორიაზე დაეცა.
ასევე დაზიანდა ფიტნეს ცენტრი და ლიუბერცის სამრეწველო ზონაში მდებარე ობიექტი. ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის "ბელაია დაჩას“ სახურავს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.
თავდასხმები მოხდა ასევე რუსეთის როსტოვისა და ბელგოროდის რეგიონებში მდებარე სამიზნეებზე, რამაც გუკოვოში ნავთობბაზასა და შებეკინოს მახლობლად მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი გამოიწვია.
ინფორმაციას უკრაინული მედია "ტელეგრამ“ არხებსა და როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.
როსტოვის ოლქის გუკოვოს მაცხოვრებლების განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა და ხანძარი გაჩნდა. თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოების თანახმად, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე ნავთობბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია ნავთობის შესანახი რვა ავზი.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გუკოვოში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, კომერციული დანიშნულების ორ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და დიზელის ლოკომოტივი დაზიანდა.
მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ბელგოროდის ოლქში, შებეკინოს მახლობლადაც. ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე დრონები დაფიქსირდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს "ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერ FINA A-ს, რომელიც რუსეთის ინტერესებისთვის გამოიყენებოდა.
ამის პარალელურად რუსულმა ჯარებმა ხუთშაბათს ღამით კიევსა და პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში.