ამერიკელი მსახიობი დეივი ჩეისი, რომელიც მაყურებელმა საშინელებათა ფილმ "ზარი“ (The Ring) სამარა მორგანის როლით გაიცნო, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის მენეჯერის, ჯონ რაიანის თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩეისი მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდა. ახლობლები და მეგობრები მის პოვნას და დახმარებას ცდილობდნენ.
რაიანისა და ოჯახის წევრების თქმით, დაგეგმილი იყო მისი რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა, სადაც მკურნალობის გაგრძელებას შეძლებდა. საბოლოოდ, საავადმყოფოში მენინგიტის გართულებით მოხვდა.

დეივი ჩეისმა კარიერა ბავშვობაში დაიწყო. იგი პირველად სცენაზე 4 წლის ასაკში გამოჩნდა, ხოლო პირველი სატელევიზიო როლი 7 წლისამ მიიღო პოპულარულ სიტკომში "საბრინა, მოზარდი ჯადოქარი“.
მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლი 2001 წლის საკულტო ფილმში "დონი დარკო“ იყო, სადაც სამანტამ დარკოს პერსონაჟი განასახიერა. თუმცა მსოფლიო პოპულარობა 2002 წელს მოიპოვა, როდესაც ფილმ "ზარში“ სამარა მორგანის როლი შეასრულა - ამ როლისთვის მან 2003 წელს MTV-ის კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო ბოროტმოქმედის ჯილდო მიიღო.
იმავე წელს ჩეისმა კიდევ ერთი გამორჩეული პერსონაჟი გაახმოვანა - ლილო დისნეის პოპულარულ ანიმაციურ ფილმში "ლილო და სტიჩი“. ამ ნამუშევრისთვის მან Annie Awards-ის ჯილდო მიიღო.

მსახიობის კარიერაში ასევე იყო როლები სერიალებში „მომხიბვლელი“ (Charmed), „სასწრაფო დახმარება“ (ER) და „ანგელოზის შეხება“ (Touched by an Angel). მოგვიანებით იგი HBO-ს სერიალ „დიდ სიყვარულშიც“ (Big Love) გამოჩნდა, სადაც რონდა ვოლმერის როლს ასრულებდა.
ჯონ რაიანის თქმით, ჩეისი წლების განმავლობაში ერიდებოდა ჰოლივუდურ ცხოვრებას და დიდ სტუდიურ პროექტებს ხშირად დამოუკიდებელ ფილმებს ამჯობინებდა. "მას დიდება არ იზიდავდა. უფრო მეტად უყვარდა მშვიდი ცხოვრება და კატებთან დროის გატარება“, - აღნიშნა მან.
"The Hollywood Reporter“-ის ცნობით, ჩეისი სიცოცხლის ბოლო წლებში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.