ავტორი:

"2014 წელს, როცა კიბო 4 წლის გადატანილი მქონდა, გავიარე ტრენინგი, გავხდი სერტიფიცირებული ასტრონავტი. ახლაც რომ მომწერონ, მზად ვარ კოსმოსში გავფრინდე" - ექიმი არაერთი გატაცებით

"2014 წელს, როცა კიბო 4 წლის გადატანილი მქონდა, გავიარე ტრენინგი,  გავხდი სერტიფიცირებული ასტრონავტი. ახლაც რომ მომწერონ, მზად ვარ კოსმოსში გავფრინდე" - ექიმი არაერთი გატაცებით

პროფესორ არსენ გვენეტაძის კაბინეტთან სიხარულისგან დაბნეული ადამიანების ხილვა ჩვეულებრივი ამბავია. ვინ იცის, რამდენი ბედნიერი პაციენტი უნახავს ექიმს, რომელიც თავის ცხოვრებასა და საყვარელ პროფესიაზე გულწრფელად გვიამბობს:

- 1980-იან წლებში ეს პროფესია ძალიან პრესტიჟული იყო, დედის სურვილიც გავითვალისწინე და სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. ახლა ხშირად ვამბობ: ასჯერ რომ დავიბადო და პროფესიის არჩევა დამჭირდეს, ასჯერვე ექიმობას ავირჩევ-მეთქი. რეპროდუქტოლოგიით 1989 წლიდან დავინტერესდი, როცა იოსებ ჟორდანიას სახელობის კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა. ამაში დიდი წვლილი შეიტანეს უნიჭიერესმა ექიმებმა არჩილ ხომასურიძემ და ზურაბ საბახტარაშვილმა, რომლებმაც რეპროდუქტოლოგთა თაობები აღზარდეს. როდესაც ადამიანს შვილის გაჩენა არ შეუძლია და შენ ეხმარები, ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს? 2009 წლიდან საკუთარი კლინიკა დავაარსე და ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ. დაახლოებით 8700-მდე ორსულობა გვქონია. მალე ეს რიცხვი 9 ათასს მიაღწევს. 37 წელია რეპროდუქტოლოგი ვარ და ყველასთან ვამბობ, რომ ამ საქმემ გამაბედნიერა. მიუხედავად კიბოს გადატანისა და ცხოვრებისეული სირთულეებისა, ეს პროფესია დამეხმარა გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ.

- რომელი ქვეყნებიდან მოგმართავენ პაციენტები?

- პანდემიამდე მსოფლიოს 24 ქვეყნიდან მოგვმართავდნენ, ახლა უკვე აღარც ვითვლი: ევროპის ქვეყნები, სინგაპური, დუბაი, ამერიკა, ავსტრალია, იაპონია, ჩინეთი, რუსეთი...

პირველად, ჩემმა 54 წლის პაციენტმა შვილი რომ გააჩინა, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მას მოჰყვნენ 56, 57 წლის ქალები, რომლებმაც დედობის სიხარული ამ ასაკში გამოცადეს. ერთი პაციენტი გვყავს, რომელმაც შვილი 67 წლისა ასაკში გააჩინა. ის გერმანიაში ცხოვრობს, უკვე 69-ე წელიწადშია, მაგრამ ამბობს, რომ მეორე შვილის გაჩენაც სურს. ემბრიონი გაყინული აქვს და კიდევ ერთი შვილის გაჩენას გეგმავს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, 67-68 წლის ასაკში რა დროს ორსულობააო, მაგრამ ასეთ ხალხს ვუპასუხებ: ჯერ ერთი, ამის უფლებას კანონი აძლევს და მეორე - თანამედროვე ადამიანს ასაკი არა აქვს. სრულწლოვანების შემდეგ ყველა ერთნაირი უფლებით უნდა სარგებლობდეს.

- ალბათ, გამორჩეული პაციენტებიც გყოლიათ.

- რა თქმა უნდა. ასეთია საოცარი ქალბატონი ეკა ქაჯაია, რომელიც თავის ვინაობას არ მალავს და არც იმას, რომ შვილი ინ ვიტრო განაყოფიერებით გააჩინა. ის ბავშვობიდან სავარძელში ზის და ამის გამო ყველა კლინიკამ უარი უთხრა, მიიჩნევდნენ, რომ მისი ორსულობა სარისკო იყო. ჩვენს კლინიკაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას დავხმარებოდით. მისი ექიმები იყვნენ მედიცინის დოქტორი ლელა ირემაძე და პროფესორი მაკა გეგეჭკორი. ამ საოცარმა ადამიანმა ფანტასტიკური ვაჟი გააჩინა. მას ალექსი ჰქვია, ძალიან საყვარელი, კარგი ბიჭია, უკვე სკოლის მოსწავლეა და ეს ჩვენი გუნდის დიდ გამარჯვებად მიმაჩნია!

მე ხშირად ვამბობ, რომ უშვილობა უფრო სოციალური პრობლემაა, რადგან ჩვენამდე მოსული პაციენტების უმრავლესობა ახალგაზრდა და ჯანმრთელია. მათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და თანაგრძნობა სჭირდებათ, ამიტომ ხშირად ვეუბნები, პირობას გაძლევთ, ისე მოგხედავთ, თითქოს თქვენს ადგილას ჩემი შვილი იყოს-მეთქი. ჩვენს გუნდს ერთი "ოქროს წესი" აქვს:

პაციენტს არასდროს უნდა მისცე იმაზე მეტი მოლოდინი, რაც რეალურია. ადამიანს ბროლის კოშკები არ უნდა აუგო, რადგან შესაძლოა მიწაზე დაენარცხოს და მერე უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს. როცა ადამიანმა იცის, რომ წარმატების შანსი 50/50-ზეა, უფრო მშვიდად და იმედიანადაა. ხშირ შემთხვევაში, პირველ ან მეორე ცდაზე მიზანს ვერ ვაღწევთ, მაგრამ ვინც ხელს არ ჩაიქნევს, ნატვრა უსრულდება.

- თქვენ იყავით პირველი ქართველი, რომელმაც კოსმოსში გაფრენა გადაწყვიტა. ეს ჩანაფიქრი ჯერ ვერ აისრულეთ?

- 2014 წელს, როცა კიბო ოთხი წლის გადატანილი მქონდა, ფილადელფიაში გავიარე ტრენინგი, რომელსაც პროფესიონალი ასტრონავტები გადიან. ასე გავხდი სერტიფიცირებული ასტრონავტი და დღესაც სიამოვნებით ველოდები იმ წამს, როდის დამიძახებენ. ახლაც რომ მომწერონ, მზად ვარ კოსმოსში გავფრინდე. წელს ათი წელი გახდება, რაც 53 წლის ასაკში ხატვა დავიწყე, უკვე 40-ზე მეტი გამოფენა მქონდა ევროპაში, ამერიკაში, დუბაიში, ამის შემდეგ სკულპტურების შექმნაც დავიწყე და ჩემი ქმნილებები ხუთივე კონტინენტზე დგას. სხვათა შორის, ჩემი სკულპტურების საერთო სიმაღლემ კარგა ხანია ეიფელის კოშკის სიმაღლეს გადააჭარბა. რამდენიმე წიგნი მაქვს გამოცემული, ხოლო ჩემი პიესები 29 ენაზეა თარგმნილი. ამისათვის დროს როგორ ვპოულობ? - დროს რა პოვნა უნდა? - ვიცი, რომ ის აქ არის და საჩემოდ უნდა გამოვიყენო. დიდი ხანია აღარ ვაკეთებ იმას, რაც ბედნიერს არ გამხდის, ხელოვნება კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს და ამიტომ ვხატავ, ვწერ, წიგნებს გამოვცემ... ვცდილობ აქ და ახლა ვიყო ბედნიერი, რადგან ჩვენი ცხოვრება მუდმივი არ არის და თითოეული წამი ძვირფასია. ბედი და იღბალი სხვა არაფერია, თუ არა თავდადებული, ჯიუტი შრომა მიზნის მისაღწევად. ამავე დროს წარმატების საფუძველი საკუთარ თავთან მეგობრობაშია - შენი თავი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ "ბედნიერების 85 პროცენტი მაინც ადამიანურ ურთიერთობებშია", - ეს ფრაზა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. როცა გყავს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ დროს დაურეკავ და იცი, რომ სიყვარულით მოგისმენს, იქნება მეგობარი, ოჯახის წევრი, თანამშრომელი თუ შეყვარებული, უკვე ზე ბედნიერი ადამიანი ხარ. ამიტომ წარმატების და ბედნიერების ხარისხი სწორედ ადამიანურ ურთიერთობებშია.

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე