ავტორი:

როგორ აშენდა ფეშენებელური ვილები კიევში მდებარე, ნაკრძალად გამოცხადებულ კუნძულზე - ერთ-ერთის მფლობელი სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის, სევერიონ დანგაძის უკრაინელი ცოლია

როგორ აშენდა ფეშენებელური ვილები კიევში მდებარე, ნაკრძალად გამოცხადებულ კუნძულზე - ერთ-ერთის მფლობელი სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის, სევერიონ დანგაძის უკრაინელი ცოლია

ტრუხანოვის კუნძული კიევში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია საცხოვრებლად - ის მდებარეობს ქალაქ კიევის ისტორიული ცენტრის პირისპირ, დნეპრის მთავარ კალაპოტსა და მის განტოტებას, "დესიონკას“ შორის. მისი განსაკუთრებულობა“ კი განაშენიანების აკრძალვაშიც მდგომარეობს - კანონით კუნძულის მთელი ტერიტორია ბუნებრივი ნაკრძალის ფონდს მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, დიდი ფულისა და გავლენის წყალობით, ამ აკრძალვის გვერდის ავლით მაინც ახერხებენ, მაგალითად, ნაკვეთების იჯარით აღებას ან ძველი ბაზების "დასასვენებელ სახლებად“ რეკონსტრუქციას, რაც საბოლოოდ მდიდრულ კერძო საგვარეულო მამულებად იქცევა ხოლმე.

ამის თაობაზე სტატიას აქვეყნებს telegraf.com.ua.

  • ქართველი ქმრისა და იანუკოვიჩის გარემოცვის კვალი

2025 წლის ოქტომბერში, ტრუხანოვის ქუჩაზე მდებარე ორი დიდი შენობის (589,6 და 113,4 კვ.მ) მფლობელი ცნობილი ბიზნესლედი, გასართობი პარკების ("Galaxy“) მმართველი, ალენა გუმენიუკი გახდა. ის ყოფილი პრორუსი დეპუტატისა და ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩევლის, იგორ გუმენიუკის ქალიშვილია.

ამ ისტორიაში განსაკუთრებული ფიგურაა ალენას მეუღლე - სევერიონ დანგაძე.

  • ვინ არის სევერიონ დანგაძე?

ის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლია. 2017 წელს უკრაინაში დანგაძეს სახელმწიფო ღალატშიც კი სდებდნენ ბრალს (ვითომდა სააკაშვილის აქციების სერგეი კურჩენკოს მიერ დაფინანსების საქმეზე). ამჟამად დანგაძე ცნობილია, როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჯავშანჟილეტების მწარმოებელი მსხვილი კომპანია UKRTAC-ის დამფუძნებელი.

  • რატომ არის ეს რეალური სკანდალი?

მიუხედავად იმისა, რომ ქონება ოფიციალურად "დასასვენებელ სახლადაა“ გაფორმებული, სასამართლო დადგენილებებიდან ირკვევა, რომ ის სინამდვილეში კერძო საცხოვრებელი რეზიდენციაა. სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ (ГБР), რომელიც UKRTAC-ის საქმიანობას იძიებს, სწორედ ტრუხანოვის ქუჩის 40 ნომერში ჩაატარა ჩხრეკა. საქმის მასალებში პირდაპირაა მითითებული, რომ სევერიონ დანგაძე აქ "ფაქტობრივად ცხოვრობს“. ჟურნალისტების კითხვებს დანგაძემ არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ წყვილს კუნძულის მიღმაც მდიდრული ცხოვრება აქვს: რამდენიმე ბინა კიევის პრესტიჟულ კომპლექსში და 7 ძვირადღირებული ავტომობილი, მათ შორის $250,000-იანი Rolls-Royce Phantom.

  • გავლენიანი მეზობლები: საგადასახადოს ყოფილი უფროსი და გარდაცვლილი რექტორი

სევერიონ დანგაძისა და ალონა გუმენიუკის მეზობლად კიდევ ორი გავლენიანი ფიგურა ფიგურირებს:

ანატოლი ბრეზვინი - უკრაინის საგადასახადო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი. მან 2023 წელს შეიძინა იქვე 409,8 კვ.მ ფართობის "დასასვენებელი სახლი“. 70 წლის ყოფილ ჩინოვნიკს კიდევ ერთი გიგანტური სახლი აქვს ელიტურ კონჩა-ზასპაში და ფლობს რამდენიმე აგროკომპანიას.

ევგენი იმასი - ფიზაღზრდისა და სპორტის ეროვნული უნივერსიტეტის გარდაცვლილი რექტორი (გარდაიცვალა 2024 წელს). მისი 274,3 კვ.მ "დასასვენებელი სახლი“ მემკვიდრეებმა მიიღეს.

  • როგორ ჩაიგდეს ხელში ნაკრძალის მიწები?

ეს 2 ჰექტარი მიწა თავდაპირველად, ჯერ კიდევ 2015 წელს, იჯარით გადაეცა საზოგადოებრივ ორგანიზაცია "დესენკას“, რომლის დამფუძნებელიც რექტორ იმასის მეუღლე იყო. მოგვიანებით, მიწა დაიყო და ასე გაჩნდნენ დღევანდელი მოიჯარეები (გუმენიუკი და ბრეზვინი).

ამ პირებს შორის მჭიდრო კავშირები დასტურდება ფინანსური დოკუმენტებითაც: მაგალითად, რექტორ იმასს სიკვდილამდე ალენას მამის, იგორ გუმენიუკის 8 მილიონი გრივნის ვალი ჰქონდა. გარდა ამისა, იმასის მიერ უძრავი ქონების ყიდვისას გადახდილი ტრანშები ხელოვნურად იყო დაყოფილი 399 999 გრივნად, რათა თავი აერიდებინათ სავალდებულო ფინანსური მონიტორინგისთვის (რომელიც 400 000-დან იწყება).

ტერიტორიის მფლობელი რეალურად კიევის თემია (მუნიციპალიტეტი). იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე მდიდარმა ოჯახმა ნაკრძალში კერძო ვილები აიშენა და იქ ცხოვრობს, უკრაინული მედია და საზოგადოება პროკურატურისგან რეაგირებასა და კიეველების ინტერესების დაცვას მოითხოვს. კორუფციული სკანდალი გრძელდება.