ავტორი:

შერვუდის ტყის ლეგენდა, რობინ ჰუდთან დაკავშირებული უძველესი მუხა 1200 წლის შემდეგ გახმა - მიზეზი ტურისტების ნაკადი და რეკორდული სიცხეებია

შერვუდის ტყის ლეგენდა, რობინ ჰუდთან დაკავშირებული უძველესი მუხა 1200 წლის შემდეგ გახმა - მიზეზი ტურისტების ნაკადი და რეკორდული სიცხეებია

ნოტინგემშირში, შერვუდის ტყეში მდებარე ლეგენდარული მუხა, რომელიც რობინ ჰუდის სახელს უკავშირდება, 1200 წლის შემდეგ გახმა. ველური ბუნების დამცველი საქველმოქმედო ორგანიზაცია RSPB-ის ინფორმაციით, ხე მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ისტორიაში პირველი გაზაფხული დადგა, როდესაც მუხამ ფოთლები ვერ გამოისხა.

ლეგენდის თანახმად, ამ გიგანტური მუხის ფუღურო - რომელიც სინამდვილეში სოკოვანი დაავადებით იყო გამოწვეული, ყაჩაღთა წინამძღოლის, რობინ ჰუდის თავშესაფარი იყო. სწორედ ამ ამბავმა მოუტანა ხეს მსოფლიო აღიარება და მას “Major Oak“ (მთავარი მუხა) შეარქვეს.

  • რამ გამოიწვია 1200 წლის გიგანტის სიკვდილი?

RSPB-ის ექსპერტები, რომლებიც შერვუდის ტყეს მართავენ, აცხადებენ, რომ ხის მდგომარეობაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა მძიმე გავლენა. მათ შორისაა ტურისტების უზარმაზარი ნაკადი, საუკუნის განმავლობაში “კეთილი განზრახვით“ განხორციელებული სტრუქტურული ჩარევები, ბოლოდროინდელი რეკორდული სიცხეები და გვალვა.

მილიონობით ტურისტის ფეხის ხმამ მუხის გარშემო ნიადაგი იმდენად დაპრესა, რომ ზოგიერთ ადგილას მიწა ბეტონივით არის გამაგრებული. ამის გამო წვიმის წყალს უჭირს ნიადაგში შეღწევა და ხე ვეღარ იღებდა გადასარჩენად საჭირო საკვებ ნივთიერებებს.

“კეთილი განზრახვით“ ჩატარებულ ადამიანურ ჩარევებს შორის სახელდება სპეციალური საყრდენებიც, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მუხის გრძელი ტოტების გასამაგრებლად დაამონტაჟეს. მეცნიერების თქმით, ამ ყველაფერმა მხოლოდ გააძლიერა ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ხანდაზმული ხე ბუნებრივადაც შეეჯახებოდა.

  • “ფესვთა სისტემა დიდი ხანია ჩუმად იტანჯებოდა“

საიმონ პარფიმ, კომპანია SoilBioLab-ის მმართველმა დირექტორმა, რომელიც 2021 წლიდან ზრუნავდა ხეზე, აღნიშნა, რომ კვლევებმა გამოავლინა ფესვების ხანგრძლივი ტანჯვა ღარიბი ნიადაგისა და მიწის ძლიერი დაპრესვის გამო. მისი თქმით, მიუხედავად გარემოს გაჯანსაღების მცდელობისა, ზიანი უკვე იმდენად ღრმა იყო, რომ მისი სრულად გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდა.

რეგ ჰარისი, კომპანია Urban Forestry-ს დირექტორი, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდა მუხის ფოთლოვან საფარს, ამბობს, რომ ხის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ბოლო 5 გვალვიან წელს დაემთხვა. მათ შორის იყო 2022 წლის ივლისი, როდესაც ტემპერატურამ რეკორდულ 40°C-ს გადააჭარბა.

წლების განმავლობაში ვიზიტორებს შეეძლოთ პირდაპირ ხესთან მისვლა და მის ცნობილ ფუღუროში შეძრომაც კი, თუმცა 1970-იანი წლებიდან, უსაფრთხოების მიზნით, მუხას გარშემო ღობე შემოავლეს და მას მხოლოდ დისტანციიდან აკვირდებოდნენ.

მუხა, რომელიც ნორმანთა მიერ ინგლისის დაიპყრობიდან (1066 წ.) მოყოლებული ცოცხლობდა, ტყეში კვლავ დარჩება, როგორც მონუმენტი ადამიანებისა და ველური ბუნებისთვის.

ლეგენდარულ მუხას პატივი მიაგო ბევრმა ცნობილმა ადამიანმაც, მათ შორის იყო მსახიობი ჯუდი დენჩი, რომელიც ცნობილია უძველესი ხეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით.

წყარო