“რა თქმა უნდა, ვრჩები “ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე!“ - საქართველო გაიმარჯვებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
“ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები “ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
სააკაშვილის თქმით, “პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს". მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა მედიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტი "მოულოდნელი იყო".
ბოკუჩავას თქმით, მისთვის "უკიდურესად სამწუხაროა" და მიაჩნია, რომ "სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ".