ავტორი:

ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს“ სასამართლოში უჩივის - რას ეხება საქმე?

ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს“ სასამართლოში უჩივის - რას ეხება საქმე?

"საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს“ სასამართლოში უჩივის.

როგორც ლომჯარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება ტელეკომპანიის და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს ის ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს.

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია "იმედის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ტელეკომპანიის და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ჩემს წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოს ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ. "იმედის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე. ეს სარჩელი შევიტანე არა მხოლოდ როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ როგორც ორი შვილის დედამ და ამ ქვეყნის მოქალაქემ“,-განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს სხვას დააბრალოს ის, რომ შესაძლოა, უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეექმნას.

"მინდა განვაცხადო, რომ ბუნებაში არ არსებობს მოწმე, ფაქტი, თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე მითქვამს ან მიფიქრია რაიმე საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ. საპირისპიროს კი მრავალი ფაქტი ადასტურებს. ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება უკვე ამზადებს ნიადაგს იმ შედეგებისთვის, რომელიც შესაძლოა, მისივე ანტიევროპული პოლიტიკის გამო დადგეს. სინამდვილეში,ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ ვის გადააბრალონ მისი დაკარგვა. ეს არის კამპანია საკუთარი თავის გადასარჩენად და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის გადასარჩენად“,-განაცხადა ლომჯარიამ.

  • ამასთან, ნინო ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

"მინდა შევეხო ელენე ხოშტარიას უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულ, პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას. მინდა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ელენეს და რეჟიმის სამიზნე ძლიერ ქალებს. ვუერთდები საზოგადოების მოთხოვნას, უკანონო პატიმრობიდან მათი გათავისუფლების თაობაზე. აუცილებელია ელენეს დაუყოვნებლივ გაეწიოს სრულფასოვანი და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. განსაკუთრებით ამორალური იყო ელენს მდგომარეობის თაობაზე პროპაგანდის გაშუქება. პროპაგანდა არ მოერიდა ბინძურ მეთოდებს ჯანმრთელობაშერყეული პატიმარი ქალის წინააღმდეგ“,-განაცხადა ლომჯარიამ.