ავტორი:

"დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, რამდენიმე წუთში აიყვანეს" - საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს დაკავებული პირი წარსულში 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში იყო ბრალდებული

"დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, რამდენიმე წუთში აიყვანეს" - საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს დაკავებული პირი წარსულში 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში იყო ბრალდებული

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი, ვ.გ და ლ.ს. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ. ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა. ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

  • "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ლევან სკამკოჩაიშვილი მეტსახელად "ბუზია" და ვაჟა გოგოტიშვილი.

"პირველებს" წყარო უყვება, რომ გოგოტიშვილი მისი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს.

ვაჟა გოგოტიშვილი 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში იყო ბრალდებული.

  • რა მოხდა 2022 წლის სექტემბერში?

23 წლის მამაკაცს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა თანმხლებ პირებთან ერთად ავტომანქანით ანასეულის გზაზე გადაადგილდებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა შეიყვანეს. მოკლული იტალიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო. მაშინ მკვლელობის ბრალდებით სწორედ ვაჟა გოგოტიშვილი დააკავეს. მკვლელობიდან ორ დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუახნის კაცს ათობით ჭრილობა დანით მძინარე მდგომარეობაში მიაყენეს და ეს სწორედ როყვას მკვლელობას უკავშირდებოდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სწორედ ბრალდებული გოგოტიშვილის ბიძა იყო.

დაკავებიდან 9 თვეში გოგოტიშვილი გაათავისუფლეს, მიზეზი ნაფიცი მსაჯულების ვერ შეკრება გახდა.

"დიახ ,ჩემი ვაჟა თავისუფალია ვადის გასვლის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაუბრუნდა თავის ოჯახს , ოჯახს რომელიც მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მადლობა უფალო რომ ცოცხალი მყავს წამებით, წამებით რომ დაეგვიანებინა ცოცხალი აღარ მეყოლებოდა ,ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერია, ძალიან რთული პერიოდი გავიარე ჩემ ცხოვრებაში თუმცა არასდროს არ დავნებებულვარ რადგან მე ვიცი ჩემი მეუღლის სიმართლე და ვიცი როგორი ადამიანია ის,ვიბრძოლებ ბოლომდე მისი თავისუფლებისთვის და ისევ ხმამაღლა ვიტყვი , ვაჟა გოგოტიშვილი არის უდანაშაულო..! ის იცავდა თავის თავს..!" - წერდა მაშინ გოგოტიშვილის მეუღლე.

ამჯერად გოგოტიშვილის და სკამკოჩაიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.