ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდაა, ხოლო ბევრისთვის გასაკვირად, მისი შვილი, ლუკა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრების კარს იცავს.
გულშემატკივარმა მეკარის მაისურზე მაშინვე შეამჩნია გვარი “ზიდანი“, რის შემდეგაც რეალ მადრიდის ყოფილი მწვრთნელისა და ალჟირელი მეკარის მამაშვილობაზე უკვე ტრანსლაციის წამყვანებმაც გაამახვილეს ყურადღება. თუმცა, როგორ ახერხებს ლუკა ალჟირის ნაკრებში თამაშს, როცა მამამისმა მთელი კარიერა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მიუძღვნა?
აი, მიზეზი, რის გამოც ზინედინ ზიდანის შვილი 2026 წლის მუნდიალზე ალჟირის ნაკრების კარს იცავს.
ზიდანების ოჯახი წარმომავლობით ალჟირიდან არიან. ლუკა საფრანგეთში დაიბადა, თუმცა იმის გამო რომ მამამისმა “რეალ მადრიდში“ თამაში 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2010-იან წლებში ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა, მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი ესპანეთში გაატარა.


“ბავშვობიდან ალჟირული კულტურით ვცხოვრობდით. ალჟირის ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. საბოლოო გადაწყვეტილება თავად მივიღე, თუმცა მანამდე ოჯახს, მშობლებს, ძმებსა და ბაბუას დაველაპარაკე.
მამა ბედნიერი იყო, რადგან იცოდა, რომ ეს ჩემი სურვილი იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა“, - ციტირებს უმცროსი ზიდანის სიტყვებს გამოცემა “The Athletic“.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდულ დონეზე ლუკა საფრანგეთის 17 წლამდელთა გუნდში თამაშობდა, მან საბოლოო არჩევანი 2025 წელს ალჟირის სასარგებლოდ გააკეთა.

ზიდანი მოედანზე დამცავი ნიღბით გადის, რაც აპრილის ბოლოს, “გრანადაში“ თამაშისას მიღებული ტრავმის შედეგია. ესპანურ კლუბში ყოფნისას, ის “ალმერიას“ ფეხბურთელ თალისს შეეჯახა.
ამ შეჯახების შედეგად, ზიდანმა ყბისა და ნიკაპის მოტეხილობა, ასევე ტვინის მძიმე შერყევა მიიღო, რის გამოც მისი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, ფეხბურთელმა რეაბილიტაცია მოასწრო და არგენტინის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაშიც დაიკავა ადგილი

ლუკას მამა, ზინედინ ზიდანი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. ის იყო “რეალ მადრიდის“ ეპოქალური გუნდის, “გალაქტიკოსის“ წევრი იყო, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფეხბურთის ვარსვლავებით დააკომპლექტა.
2001 წელს ზიდანი “რეალში“ 73.5 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც იმ დროისთვის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. მისი გავლენა გუნდზე მყისიერი აღმოჩნდა 2001- 2002 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან საჯარიმოს ხაზიდან ულამაზესი “ცხრიანი“ გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მიუხედავად ფენომენალური კარიერისა, ზინედინ ზიდანის საფეხბურთო გზას ხშირად ერთი დრამატული ეპიზოდითაც იხსენებენ. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იტალიის წინააღმდეგ (რაც მისი კარიერის ბოლო მატჩი იყო), ზიდანმა იტალიელ მცველ მარკო მატერაცის თავი მკერდში ჩაარტყა. ამ საქციელისთვის მან წითელი ბარათი მიიღო, მისი დიდი კარიერა კი იმ კადრით დასრულდა, სადაც ის მსოფლიო თასს გვერდს უვლის, თასი კი იმ წელს იტალიელებს დარჩათ.
საკლუბო დონეზე ზიდანი ლა ლიგაში, “გრანადაში“ თამაშობს. ის ესპანურ გუნდს 2024 წლის ივლისში შეუერთდა, მანამდე კი ესპანეთის არაერთი კლუბი გამოიცვალა.
2016 წლის ივლისში ლუკამ კარიერა “რეალ მადრიდის“ ახალგაზრდულ აკადემიასა და “რეალ მადრიდ კასტილიაში“ (ბ გუნდში) დაიწყო. 2019 წელს იჯარით ‘რასინგ სანტანდერში“ გადავიდა, 2020 წლის ოქტომბრიდან კი ორი წელი “რაიო ვალეკანოში“ გაატარა.
გარკვეული პერიოდი ზიდანი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, სანამ 2022 წლის სექტემბერში კონტრაქტს “ეიბართან“ არ გააფორმებდა. ორი წლის შემდეგ კი “გრანადაში“ გადაბარგდა, სადაც დღემდე თამაშობს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის გამართვამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ლუკა ზიდანს 28 წელი შეუსრულდა. ის 1998 წლის 13 მაისს, საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსში დაიბადა.