ავტორი:

პუტინის კრიტიკოსის მკვლელობაში ბრალდებული, ქართული პასპორტით: ახალი დეტალები პოლონეთიდან - "მხატვარს იმ დროს ესროლა, როცა ძაღლს ასეირნებდა"

პუტინის კრიტიკოსის მკვლელობაში ბრალდებული, ქართული პასპორტით: ახალი დეტალები პოლონეთიდან - "მხატვარს იმ დროს ესროლა, როცა ძაღლს ასეირნებდა"

პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა მამაკაცი, რომელიც საქართველოს პასპორტით სარგებლობდა. დაკავება უკავშირდება რუსი ხელოვანის მკვლელობას, რომელიც ცნობილი იყო ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო სატირული ნამუშევრებით. დაკავების დეტალები ეჭვმიტანილი ვარშავასთან ახლოს ხუთშაბათს დილით დააკავეს. ოპერაცია პოლიციის სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და კონტრტერორისტული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) მხარდაჭერით განახორციელეს.

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კირვინსკიმ დაკავებას პოლონეთის სამსახურების დიდი წარმატება უწოდა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობამ "მთელი პოლონეთი შეძრა".

სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზოვკოვი), რომელიც ცნობილი იყო ვლადიმერ პუტინის გამამასხარავებელი პოლიტიკური კარიკატურებით, ორშაბათს დილით, ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბიალა პოდლასკაში, თავისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ესროლეს.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი კუზოვკოვს მაშინ მიუახლოვდა, როცა ის სახლის მახლობლად ძაღლს ასეირნებდა და ცეცხლი დღისით, საჯაროდ გახსნა.

კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან

ეჭვმიტანილთან დაკავშირებით კირვინსკიმ განაცხადა: "ჩვენ საქმე გვაქვს პირთან, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან და შესაძლოა მონაწილეობდა 2022 წელს ჩადენილ დანაშაულებში".

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ დაკავებული იყენებდა 36 წლის საქართველოს მოქალაქის სახელზე გაცემულ პასპორტს და სამსახურები ცდილობენ დაადგინონ, თუ ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება.

მკვლელობის თავხედურმა ხასიათმა გააჩინა ვარაუდები, რომ სკრეპეცკი სწორედ პუტინის მიმართ ღია კრიტიკის გამო გახდა სამიზნე, თუმცა გამოძიებას ოფიციალური მოტივი ჯერ არ დაუსახელებია. პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინატორმა, ტომაშ სემონიაკმა განაცხადა, რომ გამომძიებლები დეტალურად შეისწავლიან, ჰქონდა თუ არა მკვლელობაში მონაწილეობა უცხო ქვეყანას.

"ეჭვმიტანილს კრიმინალური წარსული აქვს და ინტენსიურად შემოწმდება უცხოური დაზვერვის ან სხვა სახელმწიფოების მონაწილეობის ვერსია“, – განაცხადა სემონიაკმა.

მან დასძინა, რომ ეს უცხოური სპეცსამსახურების ხელწერაა — კრიმინალების დაქირავება სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად. სემონიაკის თქმით, სკრეპეცკი პოლონეთის ხელისუფლებამ საფრთხის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა:

"ABW-მ და პოლიციამ მას რამდენჯერმე შესთავაზეს დაცვა, რადგან ის საფრთხის ქვეშ იყო. სამწუხაროდ, მან ეს შეთავაზება არ მიიღო“.

"სახელმწიფო ტერორიზმი"

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ მკვლელობა მოსკოვის დავალებით განხორციელდა, მაშინ "ჩვენ საქმე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის ძალიან სერიოზულ ინციდენტთან". მკვლელობასთან დაკავშირებით მანამდე ორი ბელარუსის მოქალაქე იყო დაკავებული, თუმცა კირვინსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისინი უკვე გათავისუფლდნენ...წყარო