იან დიომანდე - დღეს მისი სახელი მთელმა მსოფლიომ იცის. 19 წლის კოტ-დივუარელი ფეხბურთელი, მძიმე წარსულით, ბრძოლით და საბოლოოდ, მიღწეული წარმატებით. მისი ისტორია თითქოს კლასიკური ამბავია, რომლის მსგავსიც სპორტში არაერთხელ გვსმენია.
"ძვირფასო როქსან,
გახსოვს, როცა ვიღაცამ "მანჩესტერ იუნაიტედის“ ყალბი მაისური მიყიდა და შავი მარკერით უკანა მხარეს რონალდუ და 7 ნომერი დავაწერე?
ჩვენ არ ვიცოდით მდიდრები და ღარიბები. ჩვენ მხოლოდ ბედნიერება ვიცოდით.

გახსოვს, როცა უფროსები მხედავდნენ, როგორ ვთამაშობდი და მეტსახელად "რობერტო კარლოსს“ მეძახდნენ იმის გამო, თუ რამდენად ძლიერად ვურტყამდი? და გახსოვს, როგორ ვბრაზობდი ამაზე, რადგან ჩემი კუმირი კრიშტიანუ რონალდუ იყო.
გახსოვს, როცა სახლიდან ასე შორს სათამაშოდ წავედი? 9 წლის ვიყავი. განას საზღვართან ახლოს. უბრალოდ პატარა ბიჭი მარტო.
არ ვიცი, ოდესმე მოგიყევი თუ არა ეს ამბავი, მაგრამ მე და სხვა ბავშვები სოფელში მივდიოდით და კარტოფილს ვიპარავდით, რადგან ძალიან გვშიოდა. ამას "ბანკის ძარცვას" ვეძახდით. ორი ბავშვი მაღაზიის მეპატრონეს ყურადღებას გადაატანინებდა. და კიდევ 18 ბავშვი ორი კარტოფილით გარბოდა. ეს დღემდე ჩემი საყვარელი საჭმელია - ცოტაოდენ ზეთში მოხარშული კარტოფილი. ეს იმ დროს მახსენებს.
გახსოვს, როცა პირველად ვიყიდე ნამდვილი ბუცები და მათთან ერთად მეძინა?

ბავშვობაში როცა ვთამაშობდი, ყოველთვის ის თეთრი პლასტმასის სანდლები მეცვა. ახლაც კი, როცა სახლში ვბრუნდები, ისევ მათ ვიცვამ და ვთამაშობ. ეს ჩვენი ტრადიციაა.
გახსოვს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ამბობდი, "უნდა განაგრძო ვარჯიში, შენ მანქანებს არ გაყიდი"
10 წლის ასაკში უკვე ჩემი აგენტი იყავი.
გახსოვს, როგორ ვისხედით და ვოცნებობდით, რომ საფრანგეთში გადავიდოდით? როგორ უნდა გვევლო საყიდლებზე, გვქონოდა ჩვენი ბინა, და მე ვიქნებოდი მდიდარი ფეხბურთელი მანქანებითა და დიდი სახლით, შენ კი არაფერზე ინერვიულებდი.
გახსოვს, 15 წლის ასაკში ამერიკაში რომ გადავედი სკოლაში და როგორ მენატრებოდა სახლი? თვეების განმავლობაში ვერ ვიგებდი, რას ლაპარაკობდა ხალხი. დამსვეს ფრანგ ბიჭთან გვერდით და ის მასწავლებლის ნათქვამს მითარგმნიდა. მახსოვს, როცა დაგირეკე და გითხარი: "არ დაიჯერებ, აქ ბავშვები მასწავლებლებს ეკამათებიან.“
სახლში ჩვენ უფროსებს თვალის დახამხამებასაც ვერ ვუბედავდით.
გახსოვს, როგორ ვერ ვიჯერებდი, რომ ბავშვები გაკვეთილების შემდეგ ეწეოდნენ?
შენ ამბობდი, თითქოს ამერიკულ სერიალში ვიყავი.
გახსოვს, "ბორნმუთში" საცდელად რომ ამიყვანეს? ჩელსიში, რეინჯერსში, ოლიმპიაკოსში, კრისტალ პალასში? ერთხელ ეზე და ოლისე ვარჯიშზე ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს - "ბიჭო, მართლა ძალიან კარგი ხარ".
მაგრამ მაინც არ დამიტოვეს.
ჩემი ვიზა ამოიწურა. ჩემი ოცნება დასრულდა. აფრიკაში დამაბრუნეს და ერთად ვტიროდით.
შენ იყავი ის, ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი. ერთი კვირის შემდეგ "ლეგანესმა" გამიფორმა კონტრაქტი და ჩვენ სხვანაირად ვტიროდით.
ეს იყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ მქონდა ემოციები. ახლა ვერაფერს ვგრძნობ, თითქოს ადამიანიც აღარ ვარ. შენი სიკვდილის შემდეგ, მე უბრალოდ ცარიელი ვარ.
არ მგონია, იმ დღეს, როცა მითხრეს, რომ შენ აღარ იყავი, ცრემლი წამომსვლოდა. უბრალოდ შოკში ვიყავი.

ეს იყო რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა "ლეგანესში" ჩემი დებიუტი შედგა. 18 წლის ასაკში დებიუტი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დებიუტი - ვინ აკეთებს ამას? ეს ყველაფერი სიგიჟე იყო. ეს იყო ოცნება.
და მერე კოშმარი მოხდა. ვიღაც მირეკავდა... ვერ ვხვდებოდი, რატომ მირეკავდნენ ასე დაჟინებით.
ვუპასუხე და არც კი შეამსუბუქეს. ხომ იცი, როგორ არის სახლში - ემოციების გარეშე. უბრალოდ……
"- შენი და წავიდა.“
"- რა?“
"- ის მოკვდა.“
"- რას ლაპარაკობ?“
"- ვიღაცამ რაღაც ჩაუყარა სასმელში წვეულებაზე და აღარ გამოფხიზლებულა. ის აღარ არის.“
არასდროს მიმიღია პასუხები. არც კი ვიცი, მინდა თუ არა ვიცოდე რატომ. შეიძლება ეს იყო შური. შეიძლება უბრალოდ ისაა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. შეიძლება მე უნდა დამეცავი. არ ვიცი.
ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ეს ტკივილი გამოვიყენო, რომ უფრო მეტი ვიშრომო და გავაკეთო ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდით.
ეს იმიტომ დავწერე, რომ ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. ეს იმიტომ დავწერე, რომ მინდა იცოდე - მე ვიზრუნებ, რომ შენ იცოცხლო. ვიზრუნებ, რომ ყველამ იცოდეს შენი სახელი. მთელმა მსოფლიომ.
მოედანზე ყველაფერს შენთვის ვაკეთებ.
იმდენი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახე… ამას არც დაიჯერებდი. არ ვიცი, მე თვითონ მჯერა თუ არა.
იცი რა არის ყველაზე გიჟური? მადრიდთან დებიუტის შემდეგ მბაპეს მაისური გავუცვალე. გახსოვს, როგორ ვუყურებდით მას ტელევიზორში და ამბობდი: "მბაპე? კი, კარგია. მაგრამ ჩემი ძმა მასზე უკეთესია.“
ერთ რამეში ვცდებოდი. არ მინდა ვიყო მდიდარი. ვხედავ, როგორ ცვლის ფული ადამიანებს. როცა Leganés-ში ვიყავი, ყველაფერს, რასაც ვიღებდი, სახლში ვგზავნიდი. იქამდე მივიდა, რომ ფული საერთოდ აღარ მინდოდა. უბრალოდ ტვირთი გახდა. ისინი არასდროს წყვეტდნენ თხოვნას. მგონი უკვე მილიონერი ვეგონე. არც ბინა მქონდა. ვცხოვრობდი სავარჯიშო ბაზაზე, ოთახში, სადაც ტელევიზორიც კი არ იყო. უბრალოდ ფეხბურთი და ძილი, ფეხბურთი და ძილი.
დიდი სახლი არ მინდოდა. მანქანები არ მინდოდა. უბრალოდ მინდოდა ყველაფერი ფეხბურთში ჩამედო. ყველაფერი, რომ მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა - რომ ჩემი და მართალი იყო…
მოედანი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ახლა სახლში ვგრძნობ თავს. იქ ვწყნარდები და თითქოს შენთან ვლაპარაკობ. უბრალოდ მინდა ისევ აქ იყო, რომ გითხრა… ჩვენ ეს შევძელით.
ყველაფერი, რაც თქვი, ახდა.
მე ამას თამაშად აღარ აღვიქვამ. ჩემთვის ეს არის სცენა, შანსი, მთელ სამყაროს ვაჩვენო ის, რაც შენ ჩემში დაინახე. ყოველ ჯერზე, როცა გავიტან, ყველას ვეტყვი შენს სახელს. ვიზრუნებ, რომ არ დაგივიწყონ.
შენ ყოველთვის ამბობდი, რომ მე კრიშტიანუზე უკეთესი შემეძლო ვყოფილიყავი. თუ მას იქ ვნახავ, შენი სახელით მივესალმები.
მე გავაკეთებ იმას, რაც იწინასწარმეტყველე, ვფიცავ.
როცა ნორმალური ბუცებიც კი არ მქონდა, ყველას ეუბნებოდი: "ჩემი ძმა მსოფლიოში საუკეთესო გახდება.“
მე დავამტკიცებ, რომ მართალი იყავი - ან ამის მცდელობაში მოვკვდები.
შენი ძმა."