ავტორი:

ჩემპიონი გოგონა, რომელმაც დიაგნოზს აჯობა - გაიცანით ნინო ჭანტურიძე: "ცეკვავს, უკრავს და სამ ენაზე საუბრობს... ყოველდღიურად იბრძვის, რომ საკუთარ თავს აჯობოს"

ჩემპიონი გოგონა, რომელმაც დიაგნოზს აჯობა - გაიცანით ნინო ჭანტურიძე: "ცეკვავს, უკრავს და სამ ენაზე საუბრობს... ყოველდღიურად იბრძვის, რომ საკუთარ თავს აჯობოს"

ნინო ჭანტურიძე საოცრად განვითარებული, აქტიური, მუსიკალური და სპორტული გოგონაა. ბევრი სხვადასხვა უნარი აქვს და რეალიზებული თინეიჯერია. როგორ შეძლო ეს, საერთოდ როგორი გოგონაა, მის ამბავს, მისი დედიკო, ინგა ლოლაძე გვიყვება. ქალბატონ ინგას ნინოს ცხოვრებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.

  • მრავალმხრივი უნარები, მიღწევები და სამი ენა

- ნინო ახლა 17 წლისაა. როგორც უკვე იცით, მას დაუნის სინდრომი აქვს. ამ ეტაპზე აქტიურად არის დაკავებული ძიუდოთი - ადაპტირებულ ძიუდოში ევროპის ჩემპიონი და ოქროს მედალოსანია... გარდა ამისა, უკრავს ვიოლინოზე. საოცარი ის არის, რომ ვიოლინოს ყიდვის სურვილი თავად გაუჩნდა და ფულიც კი თავად შეაგროვა. ახლა კერძო პედაგოგთან დადის და პატარ-პატარა მელოდიებს უკრავს. ასევე დადის ცეკვაზე „სუხიშვილების აკადემიაში“ - ეს ჯგუფი იქ სპეციალურად ორგანიზაცია „მზის შვილების“ ბენეფიციარებისთვის შეიქმნა. ცეკვა ნინოს ჰობია, ძალიან უყვარს და საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ძალიან უყვარს ხატვაც, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ პროცესით თავად არის კმაყოფილი. სტუდია „ლურჯა ცხენებში“ სიმღერაზე დადის, სადაც სტუდიის კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერში ჩაერთოს. ამასთანავე, სამ ენაზე საუბრობს: ქართულად, ინგლისურად და პოლონურად.

  • ოჯახური გარემო, მოტივაცია და ყოველდღიური შრომა

- ამ ყველაფერს როგორ მიაღწიეთ? რა თქმა უნდა, ეს თავად ბავშვის სურვილისა და ინტერესის დამსახურებაა, თუმცა, როგორია ამ პროცესში თქვენი როლი?

- ეს მხოლოდ ჩემი როლი არ არის. ნინოს დაბადებიდანვე ჩვენს ოჯახში ასეთი დამოკიდებულება იყო: არავითარი აქცენტი დაუნის სინდრომზე. ნინო ჩემს უფროს გოგონასთან ერთად იზრდებოდა, რომელიც მასზე მხოლოდ წლინახევრით არის უფროსი. აბსოლუტურად ყველაფერს ერთად აკეთებდნენ და ერთად სწავლობდნენ. მყავს უფროსი დისშვილებიც, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ - სინდრომზე ოჯახში საუბარიც კი არ ყოფილა, ნინოსგან ითხოვდნენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეეძლო.

რა თქმა უნდა, ოჯახის გარდა, უდიდესი წვლილი მიუძღვით ორგანიზაცია "მზის შვილების" პედაგოგებსა და თერაპევტებს, რომლებიც ბავშვებთან მართლაც უმაღლეს დონეზე მუშაობენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ მთავარი დამსახურება მაინც ნინოსია, რადგან საოცრად მიზანდასახული ბავშვია. არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით, სულ მეტი და მეტი უნდა. ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ საკუთარ თავს აჯობოს და შედეგები გააუმჯობესოს.

რა თქმა უნდა, ჩავარდნებიც გვაქვს. არის დღეები, როცა ამბობს, რომ დაიღალა და ვიოლინოზე წასვლა არ უნდა. ნინოსთან დაძალება გამორიცხულია - თუ იგრძნო, რომ რამეს აძალებ, იქ ყველაფერი მთავრდება. ასეთ დროს მშვიდად ვუმარტავ ხოლმე: "დედიკო, პრობლემა არ არის, არ წავიდეთ, უბრალოდ ხვალ ისე კარგად ვეღარ დაუკრავ, როგორც დღეს“. ეს მისთვის საუკეთესო მოტივატორი ხდება, იმ წამსვე მობილიზდება და მასწავლებელთან მიდის.

ძალიან უყვარს კომპიუტერი და ონლაინ თამაშები, რომლებსაც, მართალი რომ გითხრათ, ვერაფერს ვუგებ. თამაშის დროს ინგლისურ ენაზე ეკონტაქტება სხვა მოთამაშეებს. ასევე ძალიან უყვარს "ტიკტოკების" გადაღება, რასაც დამოუკიდებლად აკეთებს.

  • აქტიურობა სოციალურ ქსელებში და საზოგადოებრივი ყურადღება

- ანუ, სოციალურ ქსელებშიც აქტიურია?

- კი, ძალიან აქტიურია. ფიზიკურად საერთოდ არ ეტყობა, რომ 17 წლისაა. ერთ წელიწადში დაახლოებით 400-500 ათასი გამომწერი შეაგროვა, თუმცა შარშან ზაფხულს „ტიკტოკმა“ გვერდი დაუბლოკა ასაკობრივი შეზღუდვის გამო (რადგან 16 წლის არ იყო). ახალი გვერდი შევქმენით, რომელსაც მე ვმართავ, რადგან ნინოს თავად ატვირთვის უფლებას აღარ ვაძლევ. იმ გვერდზე ბევრი საინტერესო ვიდეო იტვირთება.

ადრე ნინოს და მის დას ჰქონდათ საერთო გვერდი "სიყვარულის დები". მაშინ მთელი საქართველო იცნობდა მათ, დილიდან საღამომდე ჩართულები იყვნენ. ახლა უფრო ნაკლებად ვაქტიურობთ. არის მომენტები, როცა თავად ნინოს არ აქვს სურვილი. მეუბნება ხოლმე: "არ მინდა, ეს ხალხმა ნახოს“... ჩვეულებრივი ბავშვია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბავშვის განვითარება და არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე, არამარტო ტიპური განვითარების ბავშვისაც - დიდ ყურადღებას, შრომასა და ენერგიას მოითხოვს. თუ ყურადღებას არ მიაქცევ, ტიპური განვითარების ბავშვიც ვერ განვითარდება.

  • სტიგმის მსხვრევა და ნინოს ემოციური სამყარო

- ნინოს აგრესიის ნული პროცენტი აქვს, საოცრად თბილია. ზოგადად, დაუნის სინდრომს აგრესია არ ახასიათებს. თუ გინახავთ ვინმე, ვინც არ გეკონტაქტებათ ან უხეშობს, ეს იმიტომ, რომ მას თავისი სამყარო აქვს, რაც, პირველ რიგში, სოციუმის ბრალია. არცერთ ადამიანს არ სიამოვნებს, როდესაც სიბრალულით თავზე ხელს უსვამენ და ვაი-ვაით მიმართავენ. სოციუმი უქმნის მათ ისეთ პირობებს, რომ იძულებული ხდებიან, ჩაიკეტონ საკუთარ სამყაროში და იქ ეძებონ ის, რასაც საზოგადოებაში ვერ პოულობენ.

ნინო დედასთან და დასთან ერთად

სინამდვილეში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ძალიან გახსნილები, მხიარულები და ლაღები არიან. აგრესია ნამდვილად არ ახასიათებთ, თუ, რა თქმა უნდა, თავად არ დაუშავე რამე. თუ დაარტყამ, შესაბამის პასუხს დაგიბრუნებენ, მაგრამ თავად შეტევაზე არასდროს გადმოვლენ.

ნინო მზრუნველი და მგრძნობიარე ბავშვია. დღეში ასჯერ შეუძლია მითხრას: "დედა, მიყვარხარ", "დედა, მოგეფერები“, „ყავა ხომ არ გინდა?“, „ბუტერბროდი ხომ არ გაგიკეთო?“. ფილმებს რომ უყურებს, პერსონაჟების ემოციებს ბოლომდე იზიარებს - მათთან ერთად ტირის და ხარობს. გიჟდება "ჰარი პოტერზე“, ყველა პერსონაჟი ზეპირად იცის. სხვათა შორის, „ჰარი პოტერის“ ყველა წიგნი თავიდან ბოლომდე ინგლისურ ენაზე წაიკითხა.

  • განათლება სკოლაში და ფენომენალური მეხსიერება

- მე-18 საჯარო სკოლაში დადის. დაწყებით კლასებში, სადღაც მესამე-მეოთხე კლასამდე, იდეალურად მიჰყვებოდა თანაკლასელებს. თუმცა, მერე უკვე დიდი აცდენა მოხდა მის აკადემიურ განვითარებასა და პროგრამას შორის. მისი დიაგნოზისთვის აკადემიური უნარები გადასარევია, თუმცა ბავშვებთან შედარებით, პატარა ბავშვის დონეზეა. ფიზიკა და ქიმია არ იცის, მაგრამ მარტივი ენით შეუძლია გესაუბროთ ისტორიაზე, მაგალითად, ქვის ხანასა და პირველყოფილ თემურ წყობილებაზე - რაც ისწავლა, ყველაფერი კარგად ახსოვს. ამ ბავშვებს ფენომენალური მახსოვრობა აქვთ. თუ სურვილი გამოთქვეს და ისწავლეს, ნასწავლი არ ავიწყდებათ. სამსახიობო ნიჭიც ყველას აქვს. ჩემს ცენტრში უამრავი ბავშვია და მხოლოდ ჩემს შვილზე ვერ ვისაუბრებ - თითოეული მათგანი რაღაც განსაკუთრებული, ინდივიდუალური ნიჭით არის დაჯილდოებული, უბრალოდ, ამ ნიჭის პოვნა და განვითარებაა საჭირო.

  • მოულოდნელი დიაგნოზი და გარდამტეხი მომენტი

- ახლა იმ პერიოდში მინდა დაგაბრუნოთ, როცა ნინო დაიბადა. გყავდათ უფროსი შვილი, ცხოვრობდით ჩვეულებრივად და უცებ გაჩნდა ამ დიაგნოზის მქონე ბავშვი. როგორ აღიქვით ეს ამბავი, როგორ გაუსწორეთ თვალი რეალობას? ბევრი დედა მინახავს, ვინც საწყის ეტაპზე იმდენად შოკირებული იყო, რომ თავად დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარება. როგორი იყო თქვენი ემოციები?

- ახლა 58 წლის ვარ, ნინო რომ დაიბადა, 41 წლის ვხდებოდი. კომუნისტურ ეპოქაში გაზრდილი ადამიანი ვარ და დაუნის სინდრომის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სოფელში გვყავდა ერთი მეზობელი, რომელიც მუდმივად ბავშვების დაცინვის ობიექტი იყო. მაშინ უფროსებსაც კი არასწორი დამოკიდებულება ჰქონდათ. მახსოვს, ბავშვები ფიდოს როგორ დავდევდით და ვაწვალებდით: "დაუნი ფიდო მოდისო“.

ნინო ვარშავაში საკეისრო კვეთით დაიბადა. ნარკოზიდან ბოლომდე გამოსულიც არ ვიყავი, როცა ექიმმა მკითხა, გენეტიკური დაავადება ხომ არავის გაქვთ ოჯახშიო. ვერც მივხვდი, რას მეკითხებოდა. რომ ვუთხარი, არა-მეთქი, მიპასუხა: „აბა, დაუნი ბავშვი რატომ გააჩინეო?“ აი, ასე მოხდა ეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპაში.

რამდენიმე საათი ვიაზრებდი, რა მოხდა. მერე დედაჩემს დავურეკე. მოგვიანებით სხვა პედიატრმა დამსვა და მითხრა: „თუ ბავშვს დაუნის სინდრომი დაუდასტურდება, იცოდეთ, რომ ეს ღვთის საჩუქარია“. თუმცა, იმ მომენტში ეს ჩემთვის ნაკლებად იყო ღვთის საჩუქარი, რადგან გონებაში მხოლოდ ის ტრიალებდა, რომ ბავშვი ვერასდროს ილაპარაკებდა, ვერ მიცნობდა და მუდმივად უნდა დატანჯულიყო. სინამდვილეში, საკუთარი თავი უფრო მეცოდებოდა და ვსვამდი კითხვას: "რატომ მაინცდამაინც მე?"

ძალიან ძლიერი დედა მყავდა, რომელიც მაქსიმალურად ჩაერთო პროცესში, რომ ჩემთვის ნინო ჩვეულებრივი ბავშვი ყოფილიყო. სამშობიაროში 10 დღე გაგვაჩერეს, რამდენიმე დღე ბავშვისკენ გახედვაც კი არ მინდოდა. ამის გამო სინდისის ქენჯნას დღემდე ვგრძნობ. როცა დედამ მკითხა, ბავშვი როგორ ჭამსო, მაშინ მივხვდი, რომ მისთვის არც კი მიმიქცევია ყურადღება...

სახლში რომ მივედით, იქ უკვე რეაბილიტოლოგი დაგვხვდა. სამშობიაროდან გამოწერის წამიდანვე ნინოს რეაბილიტაცია, ვარჯიშები და პირის ღრუს მასაჟები დაეწყო. მე სულ ვტიროდი, კოშმარში ვიყავი. დედამ გამაფრთხილა, რომ ბავშვთან არ მეტირა: "როგორც გაზრდი, ისეთი იქნებაო“. ამას რომ გეუბნებიან, მაშინვე ხომ არ გესმის?.. ნინო სამი თვის იყო, დედა სამსახურში წასული მეგონა და ისევ მოვთქვამდი. უცებ შემოვიდა ოთახში, ხელი მკრა, გვერდზე გამწია, ნინო საწოლიდან ამოიყვანა და მითხრა: „შენ ამ ბავშვის კი არა, საერთოდ დედობის ღირსი არ ხარ! ამ ბავშვს წავიყვან და ვნახავ ადამიანს, ვინც მასში დაუნს კი არა, შვილს დაინახავსო“. ეს იყო ჩემთვის შოკური თერაპია. აი, იქ დამთავრდა ყველაფერი. წინ გადავუდექი და პირველად ვთქვი: "ჩემი შვილი ოთახიდან არ გაიყვანოთ-მეთქი". იმ დღის შემდეგ ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვიზრდებით.

მოგვიანებით, როცა ნინო რეაბილიტაციაზე დამყავდა, პირველად რომ მივედი, შემრცხვა. დავინახე ბავშვები, რომლებიც მართლა ვერასდროს გაივლიდნენ და ილაპარაკებდნენ, მაგრამ მათი მშობლების თვალები რომ ვნახე - როგორ ანათებდნენ და ციმციმებდნენ თავიანთი შვილების ყურებისას... მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მენტალურ თუ ფიზიკურ შეზღუდვას, შვილისთვის სუნთქავდნენ. მე კიდევ ხელში ანგელოზივით ბავშვი მეკავა და ტრაგედიებს ვქმნიდი. იანვარში ნინო 17 წლის გახდა და მხოლოდ ის პირველი სამი თვე იყო რთული, მერე ყველაფერს ჯანსაღი თვალით შევხედე. მივხვდი, რომ დაუნის სინდრომი ნინოს ჰქონდა და არა მე, და ჩემი მოვალეობა მისი განვითარება იყო.

  • ორგანიზაცია "მზის შვილები" და ადაპტირებული სპორტის წარმატება

- თქვენს ორგანიზაციაზეც გვიამბეთ - როგორ შეიქმნა?

- ნინო რომ არ დაბადებულიყო, მე ამ სფეროში ვერ მოვხვდებოდი. პოლონეთში ყოფნისას, როცა ნინო ბაღში დადიოდა, გვითხრეს, რომ ორენოვანი გარემო მისთვის არ შეიძლებოდა, რადგან ორ ენაზე საუბარს ვერ შეძლებდა და მხოლოდ პოლონურად უნდა გვესაუბრა. ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი იყო - შვილს ქართულად ვზრდიდი. ამასთანავე, საქართველოში ინფორმაცია მოვიძიე და ვნახე, რომ მაშინ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები საერთოდ არ ჩანდნენ, სტიგმის მსხვერპლნი იყვნენ.

2011 წელს ჩამოვედი და დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილები“. 2015 წლამდე პოლონეთიდან ჩამოვდიოდი და უამრავ ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და ღონისძიებას ვატარებდი. 2015 წელს საბოლოოდ დავბრუნდით საქართველოში, შევქმენი დღის ცენტრი და უკვე 11 წელია, რაც ის ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე 140 ბავშვი გვყავს და სამი პროგრამა გვაქვს.

სწორედ ამ დღის ცენტრიდან დავიწყეთ ადაპტირებული ძიუდოს გუნდის შექმნაც. ეს საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც დაუნის სინდრომის მქონე პირები ოფიციალურად ჩაერთნენ პროფესიულ სპორტში. შარშან საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე 5 ბავშვი მყავდა წაყვანილი და 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დავბრუნდით. ახლა გუნდში უკვე 22 ბავშვი ვარჯიშობს, ძიუდოს ფედერაციამ ეროვნული გუნდის სტატუსი მოგვანიჭა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რომელიც შვედეთში გაიმართება.

  • დღის ცენტრი და მისი სერვისები

- ბავშვები დილიდან საღამომდე თქვენთან არიან და თერაპიებს გადიან?

- დიახ, დილიდან საღამოს 6 საათამდე ბავშვები ჩვენთან არიან. იღებენ ყველა საჭირო მომსახურებას: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური, სენსორული თუ მუსიკალური თერაპევტები. ეს არის შემეცნებითი და აკადემიური უნარების განვითარება. გვაქვს არტ-თერაპია, ხატვა, კვირაში ერთხელ დიდ მონიტორზე ფილმებს ვუყურებთ. ნინო 6 წლიდან ამ ცენტრშია და რასაც ის სწავლობს, სხვებიც იმასვე აკეთებენ. ძირითადად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები გვყავს, თუმცა გვყავს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებიც.

- ძალიან კარგ და საინტერესო საქმეს ემსახურებით. როგორც ვატყობ, ეს საქმოანობა ძალიან გიყვართ.

- ამ საქმით ვცოცხლობ და ვცხოვრობ!

- წარმატებებს გისურვებთ!