მკვლევარებმა ფილიპინების სანაპიროსთან იპოვეს იაპონური სატრანსპორტო გემი Hofuku Maru, რომლის ჩაძირვას 1944 წელს ასობით სამხედრო ტყვე ემსხვერპლა.
1944 წლის 21 სექტემბერს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იაპონური გემი კოლონასთან ერთად გადაადგილდებოდა. მის საბარგულებში დაახლოებით 1 200 ბრიტანელი და ჰოლანდიელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უნომრო ხომალდი სამხედრო სატვირთო გემად მიიჩნიეს და დაბომბეს - გემი ორად გაიყო და რამდენიმე წუთში ჩაიძირა. ტრიუმებში გამოკეტილი, შიმშილისა და ავადმყოფობისგან დასუსტებული ტყვეების უმეტესობამ გაქცევა ვერ მოახერხა.

Hofuku Maru ე.წ. „ჯოჯოხეთის გემების“ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია 56 ასეთ უნომრო გემს იყენებდა, რომლებითაც 62 000-ზე მეტი სამხედრო ტყვე გადაჰყავდა. ამ გემებიდან 19 მოკავშირეთა თავდასხმების შედეგად ჩაიძირა, ხოლო რამდენიმე მათგანის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობი რჩებოდა.
მეორე მსოფლიო ომის ისტორიკოსის და Hellships Memorial Foundation-ის ძიების დირექტორის, ტიმ ბეკენსალის თქმით, ამ გემებზე პირობები წარმოუდგენლად მძიმე იყო.

გემის პოვნა მრავალწლიანი კვლევის შემდეგ მოხერხდა. მკვლევარებმა იაპონიისა და აშშ-ის სამხედრო არქივებში დაცული დოკუმენტები შეისწავლეს, თუმცა ჩანაწერები არასრული და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი იყო.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა სონარული კვლევა და საცდელი ჩაყვინთვები. საბოლოოდ, გემი ფილიპინების კუნძულ ლუსონის დასავლეთ სანაპიროსთან, ზამბალესის პროვინციის სიახლოვეს, დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს.

ძიებაში მოგვიანებით Discovery Channel-იც ჩაერთო. საზღვაო არქეოლოგმა კალვინ მაირსმა და წყალქვეშა გამოსახულების სპეციალისტმა ევან კოვაჩმა ჩაძირული გემის ასობით ფოტო გადაიღეს და ფოტოგრამეტრიის ტექნოლოგიით მისი სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს.
„ხილვადობა მართლაც ძალიან დაბალია, მაგრამ კამერა გაცილებით მეტს ხედავს,“ — განაცხადა მაირსმა.
გამოძიების შედეგები ნიდერლანდების კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც შეისწავლა და 2026 წლის 8 ივნისს დაადასტურა, რომ აღმოჩენილი გემი „თითქმის დანამდვილებით“ Hofuku Maru იყო.
გემის ტრაგედიის მასშტაბს გადარჩენილთა ჩვენებებიც ადასტურებს. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, დაახლოებით 1 000 ბრიტანელი და 250 ჰოლანდიელი სამხედრო ტყვე ორ უკიდურესად გადატვირთულ ტრიუმში იყო მოთავსებული. პატიმრებს დღეში მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალს აძლევდნენ, საკვები არასაკმარისი იყო, ხოლო სანიტარული პირობები პრაქტიკულად არ არსებობდა.
ნიდერლანდების კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, გემის ამოღება არ იგეგმება. გადაწყვეტილება დაღუპული სამხედრო ტყვეებისა და მათი ოჯახებისადმი პატივისცემის ნიშნად მიიღეს. ადგილის დასაცავად კი ჩაძირული გემის ზუსტი კოორდინატები საჯაროდ არ გამოქვეყნდება.