არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ეს არ ეხება ნანუკას მოსვლას ან თინას „წასვლას“ - ეს ენმ-ს ზოგადი სიმპტომია: სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე წერს, რითაც მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
"წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რისი წინააღმდეგიც ვიყავი, ან რაზეც არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება - სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.
ამის შანსი ენმ-ს ახლა აქვს და იმედია, გამოიყენებს. საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა, გამჭვირვალობა, ამომრჩევლისა და პარტიის წევრების რეალური მონაწილეობა პარტიის საქმიანობაში და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება. თუ ამას გავაკეთებთ, წინ წავალთ, თუ არა - ისევ იმავე წრეზე ვივლით“, - წერს ანა წითლიძე „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განმარტებები გააკეთა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე და მათ შორის იმაზე, თუ რატომ უჭერს ის მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციაზე ჟურნალისტს ნანუკა ჟორჟოლიანს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ის ასევე საუბრობს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეზე, თინა ბოკუჩავაზე.
„ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონული ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის ჩემი შეცდომების) ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა შეიძლება გავანაწყენე- თინას ძლიერი მხარე არის საჯარო გამოსვლები და საერთაშორისო ურთიერთობები, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ თანათავმჯდომარეობა გამოსულიყო, მაგრამ მან ზედმეტად მტკივნეულად მიიღო ნანუკას მოსვლა. თან იმ პირობებში, რომ ივლისში ისედაც უმთავრდებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში მე მას ძალიან ვაფასებ და ვარ მისი მადლობელი და ის რჩება ჩემს გუნდში“- წერს სააკაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: