ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა.
როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ხარვეზის აღმოფხვრაზე შესაბამისი განჩინება გაკეთებულია. შესაბამისად, ია დარახველიძეს, ისევე როგორც დანარჩენ 6 პირს, თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით განესაზღვრა.
„თანაშემწემ დამირეკა სასამართლოდან, სასჯელი 3 წელი კი არა, 5 წელი არის, ასეთი შეცდომა მოხდა, იცოდეთ, 5 წელია სასჯელიო. არ ვიცი, ტექნიკური შეცდომა არის თუ როგორიც არის. მოსამართლე 3 წელს ვერ მიუსჯიდა, როგორც ადვოკატი გეუბნებით, ვინაიდან მუხლი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და როგორ მიუსჯიდა 3 წელს? ეს აპელაციას შეეძლო გამოესწორებინა, მაგრამ თვითონვე აღმოფხვრეს ხარვეზი. შესაბამისი განჩინება ხარვეზის აღმოფხვრაზე გაკეთებული გვაქვს და ჩაგბარდებათო, განაჩენთან ერთად ჩამბარდება და ვნახავ“, - განაცხადა აჭარაძემ.
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, შვიდივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. საბოლოოდ, ყველა მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა თავდაპირველად, მოსამართლემ, ია დარახველიძესთან დაკავშირებით 3-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოაცხადა.
წაიკითხეთ ასევე: