აშშ-ის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს შორის კიდევ ერთი გაუგებრობა მოხდა.
დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი "დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.
"ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!“ – განაცხადა ტრამპმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარი, რომ "დიდი შვიდეულის“ სამიტზე ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა, "სრულიად შეთხზულია“.
მელონის თქმით, გაოგნებულია აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარებით.
"დონალდ ტრამპის განცხადებები სრულიად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, გაოგნებული ვარ. არ ვიცი, რატომ იქცევა აშშ-ის პრეზიდენტი ასე თავისი მოკავშირეების მიმართ: უფრო მეტიც, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იმედის გამაცრუებელია, რომ ის იგივე მიდგომას არ იჩენს დასავლეთისა და აშშ-ის მტრების მიმართ, რომელთა ლიდერებსაც გაცილებით დიდი ლმობიერებით ეპყრობა. ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც მე და არც იტალია არასდროს არავის ვეხვეწებით“, - აღნიშნა მელონიმ.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის კომენტარების გამო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მომავალ კვირას აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
"პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ გაჟღერებული მძიმე და შეურაცხმყოფელი სიტყვები მთელ იტალიას შეურაცხყოფს“, - აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.