ავტორი:

"მანანამ რაღაცნაირად დაითანხმა და მიკამ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ამბის გაგება ლევანისთვის ბოლო წვეთი იყო, მიეღო გადაწყვეტილება, ომში წასულიყო" - მოგონება ლევან აბაშიძეზე

"მანანამ რაღაცნაირად დაითანხმა და მიკამ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ამბის გაგება ლევანისთვის ბოლო წვეთი იყო, მიეღო გადაწყვეტილება, ომში წასულიყო" - მოგონება ლევან აბაშიძეზე

"იღბლიანი კაცი ვარ, ისეთი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე", - ამბობს მსახიობი გიორგი გურგულია და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებს იხსენებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან".

  • ლევან აბაშიძე

- 10 სკოლა მაქვს გამოცვლილი, თითქმის ყველა უბანში ვსწავლობდი და ძალიან ბევრი კლასელი და მეგობარი მყავდა, მაგრამ ლევან აბაშიძე ჩემი ცხოვრების გამორჩეული ადამიანი იყო. მასაც ბავშვობიდან ვიცნობდი. არ არსებობდა, სადმე ვყოფილიყავით, ლევანი შემოსულიყო და ყურადღება არ მიექცია. ეს არ იყო მხოლოდ კარგი გარეგნობის დამსახურება, შინაგანად განსხვავებული ბიჭი იყო, სიცოცხლე უყვარდა, ცხოვრება უხაროდა, გოგონებს მაგნიტივით იზიდავდა. ძალიან ფაქიზი, მგრძნობიარე, მოსიყვარულე ადამიანი იყო... აფხაზეთში წასვლა სამჯერ გადავაფიქრებინე, მაგრამ საბოლოოდ მაინც წავიდა, წავიდა და წავიდა...

"არა მეგობაროს" რომ ვიღებდით, ლევანს პარალელურად სხვა ფილმში იღებდნენ. რეჟისორმა თავიდან იმ ფილმის გადაღება ლევან უჩანეიშვილთან ერთად დაიწყო, მერე ლევანი ამერიკაში წავიდა და აღარ დაბრუნდა, რის გამოც შუა გადაღებებამდე მისულს ახალი მსახიობის პოვნამ მოუწია. ამ როლზე საბოლოოდ ლევანი დაამტკიცა. "არა მეგობაროს" გადაღებიდან ლევანი ამ ფილმზე სამუშაოდ ზღვაზე წავიდა, იქიდან რომ ჩამოვიდა, მეძებდა, მაშინ ხომ მობილური ტელეფონები არ იყო, ვერ მიპოვა, რომ ვეპოვე, ალბათ მეც აფხაზეთში ამოვყოფდი თავს ან კიდევ ლევანს არ გავუშვებდი...

9 აპრილის დილით რუსთაველზე ლამის მომკლეს, დარბევა რომ დაიწყო, გოგონები გამომყავდა, ვიღაცამ ნიჩბით თავი გამიხეთქა, მხედველობა ამერია, თავად გამოსაყვანი გავხდი, მაშინ გადამარჩინეს... ლევანი იმ დროს ჰოლანდიაში გადაღებაზე იყო, მერე სინანული ჰქონდა, მაშინ თავისი ხალხის გვერდით რომ ვერ იდგა. ისეთი პატრიოტი წინაპრების შთამომავალი იყო, მისი ბაბუებისთვის ბრძოლა უცხო არ იყო. აფხაზეთში ვითარება რომ აირია, სულ ამბობდა, იქ ომია და როგორ არ უნდა ჩავიდეო? ლევანის მეუღლე მიკა ფეხმძიმედ იყო. ცოტა ხნის წინ ვიღაცამ დაწერა, მიკას ლევანმა და დედამისმა მუცელი მოაშლევინესო, რაც სისულელეა. მანანა (ლევანის დედა) მიკას ეუბნებოდა, რომ ადრე იყო შვილის გაჩენა, სტუდენტები იყვნენ, კარიერაზე ეფიქრათ... მაშინ ლევანი გადაღებაზე იყო, მანანამ რაღაცნაირად დაითანხმა და მიკამ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ამ ამბის გაგება ლევანისთვის ბოლო წვეთი იყო, საბოლოოდ მიეღო გადაწყვეტილება, ომში წასულიყო. დედამისი კარში ჩაუწვა, არ წახვიდეო, მაგრამ... გადააბიჯა და წავიდა. რომ არა ბავშვის ამბავი, ვფიქრობ, ფეხმძიმე ცოლს არ მიატოვებდა.

იმ ფილმს, რომელშიც ლევანი "არა, მეგობაროს" გადაღებების პარალელურად თამაშობდა, უცნაური ბედი დაჰყვა. ლევანი რომ გარდაიცვალა, ისევ შუამდე მიყვანილი იყო გადაღება და რეჟისორი იძულებული გახდა, შეეწყვიტა. მერე ამ როლზე სხვა ბიჭი დაამტკიცეს და ისე მოხდა, რომ იმ ბიჭმა თავი მოიკლა...

ლევანის წასვლა ჩემი თაობისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. როგორც ვიცი, ააფეთქეს. მაშინვე სხვადასხვა ვერსიები ითქვა. იქ მებრძოლებსაც შევხვდი, მაგრამ მათგანაც რამდენიმე ვერსია მოვისმინე, სიმართლე ბოლომდე მაინც უცნობია.

ლევანის წასვლით გულში ამოუვსები ადგილი დამრჩა. ჩემი თაობა ძალიან დაიჩაგრა, ომები, არეულობა, ნარკოტიკი, იარაღი, საძმოები, ათასი სისულელე... საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ალბათ 10-მა პროცენტმაც ვერ მოახერხა. არადა, ბევრი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. წაიკითხეთ სრულად