ჰანტერ ბაიდენმა დონალდ ტრამპ უმცროსი ორთაბრძოლაში გამოიწვია. ეს განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ ემოციურ პოსტში გააკეთა, რომელშიც თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გამართული ტურნირი “UFC Freedom 250 “ მკაცრად გააკრიტიკა.
ჰანტერის ეს მიმართვა ჯო როგანისადმი მიწერილ წერილს ჰგავდა (მანამდე როგანმა ყველას, ვისაც ეს სპორტული სანახაობა ეწყინა, უხეშად მოუწოდა, “ხმა ჩაეკმინდათ“). აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი აცხადებს, რომ ამ ღონისძიებამ თეთრი სახლის “წმინდა“ საზოგადოებრივი სივრცე შებღალა.


"თეთრი სახლი დონალდ ტრამპს არ ეკუთვნის. ის არც ერთ პრეზიდენტს არ ეკუთვნის. ის ხალხის საკუთრებაა, ამ ადგილისადმი ისეთი მოპყრობა, როგორც კეისარი ეპყრობოდა კოლიზეუმს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ჩვენი დამფუძნებელი მამები იბრძოდნენ. ეს არ არის რომი. პრეზიდენტები არ არიან იმპერატორები, რომლებიც გლეხებისთვის “პურსა და სანახაობას’ არიგებენ". სამხრეთ გაზონზე ამ ღონისძიების გამართვით, ტრამპმა დანარჩენებს გვითხრა, ეს ჩემი სახლია. ის მე მეკუთვნის და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. თუ მსურს კოლიზეუმს ავაშენებ და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გლადიატორებსაც ვაბრძოლებ. თუმცა პრეზიდენტი ჩვენი მსახურია და არა ჩვენი კეისარი“, - წერს უმცროსი ბაიდენი თავის ვრცელ მიმართვაში.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე ჰანტერ ბაიდენმა ჯო როგანი და UFC-ის დამფუძნებელი დანა უაითი ამ სპორტული ბრენდის “ნამდვილ ამერიკულ წარმატების ისტორიად“ ქცევისთვის შეაქო, გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული ღონისძიება მან მაინც მკაცრად დაგმო და მას “იმპერიული დომინაციის დემონსტრირება“ უწოდა.

ჯო ბაიდენის შვილმა წერილი შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
“P.S. ორთაბრძოლა ჩემსა და დონალდ ტრამპ უმცროსს შორის? ადგილის შერჩევა თქვენზე იყოს ნებისმიერ ადგილას, სამხრეთ გაზონის გარდა".