არქტიკაში მყინვარების დნობამ, რაც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ შედეგად მიიჩნევა, მოულოდნელი ეფექტი გამოიწვია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აისბერგებს ზღვის ფსკერზე დიდი რაოდენობით ქვები გადააქვთ, რითაც მარჯნებისთვის და ღრმა წყლის სხვა ორგანიზმებისთვის ახალ საცხოვრებელ გარემოს ქმნიან, წერს Economictimes. როგორც მკვლევრები განმარტავენ, გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და რუსეთის არქტიკის ზოგიერთ ნაწილში მყინვარებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში გაცილებით სწრაფად დაიწყეს რღვევა. მოწყვეტის შემდეგ, ყინულის უზარმაზარი მასები აისბერგებად იქცევა, რომლებსაც თან დააქვთ ქვები და ქანების ნამსხვრევები, რაც მათ ხმელეთზე მყინვარების მოძრაობისას დააგროვეს.
ოკეანეში დნობის შემდეგ ეს ქვიანი ტვირთი ფსკერზე ილექება. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ფრამის სრუტეში, რომელიც გრენლანდიასა და შპიცბერგენის არქიპელაგს შორის მდებარეობს.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ არქტიკის საზღვაო ფსკერის უდიდესი ნაწილი რბილი ლამითაა დაფარული, რის გამოც ცხოველთა ბევრი სახეობა იქ ვერ მკვიდრდება. თუმცა, ქვების გაჩენა ქმნის თავისებურ "სიცოცხლის კუნძულებს“, სადაც თანდათანობით სახლდებიან მარჯნები და სხვა ორგანიზმები, რომლებიც მყარ ზედაპირზე ცხოვრობენ.
კლიმატის ცვლილებასა და ასეთი უბნების რაოდენობის ზრდას შორის კავშირის დასადასტურებლად, მკვლევრებმა გერმანული ყინულმჭრელის, "პოლარშტერნის“ (Polarstern) ეკიპაჟის მიერ 40 წლის განმავლობაში შეგროვებული დაკვირვების მონაცემები გააანალიზეს. მონაცემებმა აჩვენა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ფრამის სრუტეში აისბერგების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
თანამგზავრული ფოტოების დამატებითმა ანალიზმა შესაძლებელი გახადა მრავალი აისბერგის წარმოშობის მიკვლევა გრენლანდიისა და რუსეთის არქტიკის მყინვარებამდე, რომლებიც ბოლო წლებში დაჩქარებული დესტაბილიზაციის ნიშნებს ავლენენ.
მეცნიერების თქმით, ზღვის ფსკერზე ცვლილებები ნელა მიმდინარეობს. 25-წლიანი დაკვირვების განმავლობაში სპეციალისტებმა წარმოქმნილ ქვიან უბნებზე ახალი სახეობების მხოლოდ შეზღუდული გამოჩენა დააფიქსირეს. თუმცა, კლიმატის შემდგომი დათბობის კვალდაკვალ, ეს პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს.
ამავდროულად, მკვლევრები აფრთხილებენ, რომ ეს აღმოჩენა არ ნიშნავს გლობალური დათბობის პოზიტიური შედეგებს. აისბერგების რაოდენობის ზრდა დამატებით რისკებს უქმნის ნაოსნობას, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას და თევზჭერას არქტიკაში.
კვლევის ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათმა ნამუშევარმა კლიმატური პროცესების სირთულე გამოავლინა. მათი თქმით, მყინვარების რღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ მსოფლიო ოკეანის დონეზე, არამედ პლანეტის ყველაზე შორეულ კუთხეებში არსებულ სიცოცხლეზეც, და შექმნას ახალი ეკოსისტემები იქ, სადაც ადრე ისინი ვერ იარსებებდნენ.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროცესები შესაძლოა მიმდინარეობდეს მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, რომლებიც სწრაფად თბება, მათ შორის ალასკასა და დასავლეთ ანტარქტიდაში.