ავტორი:

ბრიტანეთის სამმა ყველაზე საშიშმა პატიმარმა 2 წლის ბავშვის მკვლელი საკანში სასტიკად მოკლა -  უეიკფილდის ციხეში მომხდარ დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი?

ბრიტანეთის სამმა ყველაზე საშიშმა პატიმარმა 2 წლის ბავშვის მკვლელი საკანში სასტიკად მოკლა -  უეიკფილდის ციხეში მომხდარ დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი?

გავრცელებულ კადრებში ის მომენტი ჩანს, როდესაც ბრიტანეთის სამი ყველაზე საშიში პატიმარი მკაცრი რეჟიმის ციხეში ბავშვის სასტიკი მკვლელობით ცნობილ დამნაშავეს საკანში შეუვარდა და 5-წუთიანი თავდასხმის დროს სასიკვდილოდ დაჭრა.

კრიმინალური ავტორიტეტი მარკ ფელოუზი (მეტსახელად "ყინულის კაცი“), ლი ნიუელი, რომელსაც წარსულში ციხეში სხვა ბავშვის მკვლელიც ჰყავდა მოკლული და დევიდ ტეილორი გასული წლის 5 ნოემბერს, უეიკფილდის ციხეში, 33 წლის კაილ ბევანს დაესხნენ თავს.

ბევანს, რომელიც პარტნიორის ორი წლის ქალიშვილის, ლოლა ჯეიმსის მკვლელობისთვის სამუდამო სასჯელს იხდიდა, თავდამსხმელებმა 25-ზე მეტი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი მისი ცხედარი საწოლში ისე ჩაასვენეს, თითქოს ეძინა.

თავდამსხმელებმა ხელნაკეთი იარაღები, მათ შორის ტელევიზორის უკანა მხრიდან მოხსნილი ლითონის კონსტრუქცია გამოიყენეს, ტეილორის საკნის ჩხრეკის დროს ციხის ადმინისტრაციამ სხვა “იარაღებიც“ აღმოაჩინა, რომლებიც წიწაკის სოუსის ბოთლში იყო გადამალული.

  • მკვლელობების კვალი და ახალი მსხვერპლი

თავდასხმის დროს 64 წლის ტეილორი წინასწარ პატიმრობაში 24 წლის ალიშა აპოსტოლოფ-ბოიარინის მკვლელობის ბრალდებით იმყოფებოდა, რომელიც 2022 წლის იანვარში, მანჩესტერიდან დურჰამში გამგზავრების შემდეგ გაუჩინარდა. თავდაპირველად ტეილორი გოგონას გაუჩინარებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა, თუმცა თებერვალში სასამართლო პროცესამდე ერთი კვირით ადრე დანაშაული აღიარა. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე უარს ამბობს მკვლელობის დეტალების ან ცხედრის ადგილსამყოფლის დასახელებაზე.

რაც შეეხება ნიუელსა და ფელოუზს, ბევანზე თავდასხმამდე ისინი უკვე ორმაგი მკვლელობისთვის იყვნენ მსჯავრდებულები და უვადო სასჯელს იხდიდნენ.

ლიდსის სამეფო სასამართლოში გამართულ პროცესზე დამნაშავეებს “ახალი და დამოუკიდებელი“ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ციხიდან ვეღარასდროს გამოვლენ. დიდ ბრიტანეთში სულ რაღაც 75-მდე პატიმარია, ვისაც მსგავსი მკაცრი სამუდამო განაჩენი აქვს გამოტანილი.

სასამართლოზე გახმაურდა ინფორმაციაც, რომ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს, ტეილორმა დურჰამის ციხეში დეტექტივი მოტყუებით დაიბარა იმ მიზეზით, თითქოს გაუჩინარებული გოგონას შესახებ ახალი ინფორმაცია ჰქონდა. დაკითხვის ოთახში მან მოულოდნელად ქამრიდან მალულად დამზადებული იარაღი ამოიღო და მანჩესტერის პოლიციის დეტექტივს, დარენ ბრეტბის, გულთან ახლოს დაარტყა. საბედნიეროდ დეტექტივი გადარჩა.

მოკლული კაილ ბევანი ე.წ. მოწყვლად პატიმართა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და საკანს იშვიათად ტოვებდა, რადგან მისი შემზარავი დანაშაულის გამო სხვა პატიმრები მასზე, ფაქტობრივად, ნადირობდნენ.

საკუთარი პარტნიორის მცირეწლოვან შვილს მან 101 სხვადასხვა დაზიანება მიაყენა, რასაც საბოლოოდ თავის არეში მიყენებული სასიკვდილო ტრავმა დაემატა. ბავენს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

  • მკვლელების პორტრეტები: ვინ არიან თავდამსხმელები?

მარკ ფელოუზი (45 წლის, "ყინულის კაცი“) სახელი თავისი ცივი და დაუნდობელი ხასიათის გამო გაითქვა. ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში ის განგსტერების შეკვეთილ მკვლელობებს ასრულებდა და უკვე ჰქონდა მისჯილი უვადო პატიმრობა კრიმინალური ავტორიტეტების მკვლელობის გამო.

ლი ნიუელს წარსულში ციხეში კიდევ ერთი ბავშვის მკვლელი ჰყავდა მოკლული. 2013 წელს მან თანამესაკნე მძევლად აიყვანა და საკუთარი სპორტული შარვლით დაახრჩო. ნიუელი ციხეში 1989 წლიდან ზის, როდესაც მეზობელი ქალი 60 ფუნტის გამო გაგუდა.

დევიდ ტეილორი - მისი კრიმინალური ისტორია 1980-იანი წლებიდან იწყება და შეიარაღებულ ძარცვებს მოიცავს. ერთ-ერთი ძარცვის დროს მან ფოსტის თანამშრომელი დაჭრა. 2007 წელს კი კაცი საკუთარ სახლში იმის გამო ცემა, რომ პედოფილი ეგონა. 2013 წელს პირობითი სახელით გაათავისუფლეს, თუმცა 2022 წელს, 24 წლის გოგონას გაუჩინარების საქმეზე ხელახლა დააკავეს.

წყარო