უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების თავდასხმამ მოსკოვზე 18 ივნისს ხანძარი გამოიწვია, რომელიც, ოფიციალური შეტყობინებების მიხედვით, ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩაქრობილი.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში პარასკევს ზოგიერთი ავტოგასამართი სადგური დაიკეტა, მათ შორის უმსხვილესი ქსელების - "გაზპრომნეფტისა“ და "როსნეფტის“. თვითმხილველები ყვებიან ბენზინის გასამართ სადგურებთან ათეულობით მანქანისგან შემდგარი რიგების შესახებ. ხუთშაბათს, უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - მოსკოვის საწვავით მომარაგება მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ქარხანაზეა დამოკიდებული. ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს BBC-ის რუსული სამსახური, რომელსაც სემოკლებით გთავაზობთ:
მიხეილი, მოსკოვის გარეუბნის ერთი პატარა დაბიდან, თავდასხმის დღეს მაღაზიაში პურის საყიდლად წავიდა და გაოცებული დარჩა, როდესაც "როსნეფტის“ უახლოეს გასამართ სადგურთან რიგი დაინახა - თავად სადგური დაკეტილი იყო. უკან დაბრუნებისას მან შეამჩნია, რომ ის კვლავ არ გაეხსნათ.
ქსელ "ორტკ“-ის გასამართ სადგურზე, რომელიც მისი დაბიდან გაცილებით შორს არის, საწვავი, ტაბლოს მიხედვით, ხელმისაწვდომი იყო. თუმცა მიხეილი აღნიშნავს, რომ ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ბენზინი ან დიზელი რეალურად არის ადგილზე.
"მინსკის გზატკეცილზე მდებარე "ლუკოილსა“ და "როსნეფტზე“ დიზელი არ იყო, ყველგან ტირე ეწერა. დიზელის საწვავი "ტატნეფტზე“ ვიპოვე, თუმცა იქ 95-იანი ბენზინი არ ჰქონდათ. ანუ, ტაბლოზე ფასები კი ეწერა, მაგრამ კოლონასთან რომ მიდიხარ, ის არ მუშაობს“, - ამბობს მამაკაცი.
მისი თქმით, "ტატნეფტზე“ რამდენიმე ათეული მანქანის რიგი იდგა, თუმცა ბევრი, როგორც ჩანს, 95-იანისთვის იყო მოსული - არასამუშაო მდგომარეობაში მყოფი პისტოლეტის დანახვაზე ისინი ბრუნდებოდნენ და გზას აგრძელებდნენ.
საწვავის პრობლემები რუსეთის ათეულობით რეგიონს შეეხო. მოსკოვის წრიულ ავტომაგისტრალზე (МКАД), რომელიც დედაქალაქს გარს აკრავს, მიხეილმა "როსნეფტისა“ და "გაზპრომნეფტის“ დაკეტილი სადგურები ნახა. "იქ საერთოდ არავის უშვებდნენ, პალოები ჰქონდათ ჩასობილი“, - აღწერს ის. ღია გასამართ სადგურებზე კი მანქანების რიგებს ხედავდა.
რიგი სადგურების, მათ შორის "ლუკოილის“ დაკეტვის შესახებ წერდნენ კომენტატორები ცნობილი ავტობლოგერის, ალექსანდრ შუმსკის არხზეც. მოსკოვის მახლობლად მდებარე ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ვლადიმირის ოლქში, გავრცელდა ინფორმაცია "ლუკოილისა“ და "გაზპრომნეფტის“ ცალკეული სადგურების დაკეტვის შესახებ.

მოსკოვის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დედაქალაქში ნავთობპროდუქტების მიწოდება და ყველა აგს-ის მუშაობა "შტატურ რეჟიმში მიმდინარეობს“.
ჯერჯერობით ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ მხოლოდ დამოუკიდებელი ქსელი "ნეფტემაგისტრალი“ მოხვდა, სადაც საწვავის ფასები 20 რუბლით მაღალია კონკურენტებთან შედარებით. კომპანიას დაევალა 26 ივნისამდე წარადგინოს ინფორმაცია ბენზინისა და დიზელის ფასებისა და მათი რეალიზაციის მოცულობის შესახებ.
მისმა თანამფლობელმა, ალექსანდრ ერასტოვმა ტელეგრამ-არხ Baza-სთან კომენტარში განმარტა, რომ ბენზინის გაძვირება მოუწიათ, რადგან საწვავი ახლა ბელარუსიდან შემოაქვთ. სწორედ იქიდან ხდება ყველაზე ხშირად ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთში საწვავის დეფიციტის დროს: მაისში ბელარუსული წარმოების ბენზინის გაყიდვების ჯამური მოცულობა პეტერბურგის ბირჟაზე 26-ჯერ მეტი იყო, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულად ეკუთვნის "გაზპრომნეფტს“. ის აწარმოებს ბენზინს, დიზელსა და საავიაციო ნავთს (კეროსინს). 2020 წელს გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა უზრუნველყოფდა მოსკოვის რეგიონის საწვავის ბაზრის 40%-ს, ასევე საავიაციო ნავთით ამარაგებდა მოსკოვის საავიაციო კვანძის აეროპორტებს.
სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც BBC-მ მოიპოვა, მოსკოვის თავზე არსებული სქელი ღრუბლების გამო ქარხნის შესაძლო დაზიანებები არ ჩანს.
ქარხნის მუშაობის აღდგენის ვადების შესახებ ოფიციალური განცხადება "გაზპრომნეფტს“ არ გაუკეთებია. BBC-მ გაგზავნა მოთხოვნა კომენტარისთვის, თუმცა მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის პასუხი არ მიუღია.
გამოცემა The Bell (რუსეთში აღიარებულია "უცხოურ აგენტად“) სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ შესაძლოა სერიოზულად იყოს დაზიანებული ქარხნის რეზერვუარების პარკი. სააგენტო Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმისას დაზიანდა ნავთობის გადამუშავების კომბინირებული დანადგარი "ევრო+“, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს ქარხნის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში შევიდა, ასევე პირველადი გადამუშავების ზოგიერთი დანადგარი.
ექსპერტი სერგეი ვაკულენკო კარნეგის ცენტრის ვებგვერდზე 18 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნავდა, რომ ივნისის ორი თავდასხმის შემდეგ (პირველი 16 ივნისს მოხდა) რემონტი შესაძლოა გრძელვადიანი აღმოჩნდეს, რადგან 2020 წლის რეკონსტრუქციის დროს მრავალი ძველი დანადგარი ჩაანაცვლეს ორი გვერდიგვერდ მდგომი კომბინირებული სისტემით.