ავტორი:

ტრაგედია ბრიტანეთში - ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: არის მსხვერპლი, დაშავებულია 90-მდე მგზავრი

ტრაგედია ბრიტანეთში - ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: არის მსხვერპლი, დაშავებულია 90-მდე მგზავრი

ლონდონის ჩრდილოეთით, ქალაქ ბედფორდთან, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. საზარელი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით მგზავრმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ავიაცია და ათობით სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

შემთხვევა პარასკევს, ადგილობრივი დროით 17:15 საათზე მოხდა. კომპანია East Midlands Railway-ის ორი მატარებელი, რომლებიც ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურიდან გავიდნენ, ერთმანეთს ქალაქ ბედფორდის სამხრეთით შეეჯახა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების მიხედვით, ერთი მატარებლის წინა ნაწილი მეორე შემადგენლობის ბოლო ვაგონს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მინიმუმ ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

  • ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ცნობით, კატასტროფას მატარებლის მანქანისტი ემსხვერპლა. ჯამში დაშავებულია 89 ადამიანი. აღმოსავლეთ ინგლისის სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, 11 მგზავრის მდგომარეობა კრიტიკულია, 22-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ხოლო 56-ს შედარებით მსუბუქი ტრავმები აღენიშნება.

მგზავრები საშინელ წამებს იხსენებენ. პიტერ კნაპი, რომელიც ერთ-ერთი მატარებლის წინა ვაგონში იმყოფებოდა, ამბობს, რომ დარტყმა აფეთქებას ჰგავდა.

"როდესაც ფეხზე წამოვდექი, დავინახე, რომ სკამები ყველგან მიმოფანტული იყო. მქონდა შეგრძნება, თითქოს ბომბი აფეთქდა. დავინახე დასისხლიანებული სახეები, მოტეხილი ფეხები და კვამლი", - იხსენებს ის.

კიდევ ერთი თვითმხილველი, შოლა მენე ამბობს, რომ დარტყმისას ადამიანები სკამებიდან გადაფრინდნენ: "ჩემს ქმარს სახეში მგზავრი შეეჯახა, რომელიც პირდაპირ სკამიდან გადმოფრინდა. ბევრი სისხლი იყო, ბევრს სახე ჰქონდა დასახიჩრებული".

  • ოფიციალური გამოხმაურება და გამოძიება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და მხარდაჭერა გამოუცხადა დაშავებულებს. ტრანსპორტის მინისტრმა ჰაიდი ალექსანდერმა კი აღნიშნა, რომ მიუხედავად მომხდარისა, ბრიტანეთის რკინიგზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა და მსგავსი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია.

ამ დროისთვის სენტ-პანკრასის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, მიმდინარეობს მასშტაბური გამოძიება კატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად.

წყარო